ირაკლი კობახიძე – ”რუსთავი 2 რუსული მეთოდებით გვებრძვის და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს”

ირაკლი კობახიძე - ”რუსთავი 2 რუსული მეთოდებით გვებრძვის და მოსახლეობას ტვინს ურეცხავს”საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოლიტიკურ პარტიას უწოდებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია დგამს სპექტაკლებს. კერძოდ კი „ომეგას საქმე“ და სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები მოიხსენია სპექტაკლად.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი აწარმოებს მედიამონიტორინგს და შედეგენი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს. კობახიძე დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ამბობს, რომ რუსთავი 2-ს აქვს მაყურებლის მძევლად აყვანის მცდელობა და ტვინის გამორეცხვის პოლიტიკა.

„პარტიულ ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, აქვს სინამდვილის დამახინჯების, მოქალაქეებზე ზეწოლისა და მაყურებლის მძევლად აყვანის ერთგვარი მცდელობა, კერძოდ, რუსთავი 2 აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება პროპაგანდისტული რუსული არხების საუკეთესო პრაქტიკას.

ჩვენ ვაწარმოებთ მედიამონიტორინგს, ანუ საუბარია კონკრეტულ მონაცემებზე, როგორც თვისობრივ მონაცემებზე, ასევე რაოდენობრივ კვლევაზე და ბუნებრივია ამ მედიამონიტორინგის შედეგბს მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მედიამონიტორინგის ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ წარმოებს ტვინის გამორეცხვის კამპანია, ეს ჩვენ გვახსოვს, 2016 წლიდან, 2017 წლიდან, თუმცა ვხედავდით, ასევე იმასაც, რომ ყოველთვის ეს „ბრეინ ვოშინგი“ ასევე იყო წარუმატებლობისთვის განწირული.

ამას აქვს ობიექტური მიზეზი, რომ ვერანაირი „ბრეინ ვოშინგი“ სიმართლეს ვერ დაფარავს. აქამდე თუ იყო „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, ახლა რეალურად ტელევიზიამ სრულად შეითავსა პოლიტიკური პარტიის როლი და ფუნქცია, ეს არის დღევანდელი რეალობა.

შეგახსენებთ 2 ძირითად საქმეს, რომელზეც იყო არსებითად აგებული ეს „ბრეინ ვოშინგი“ ანუ ტვინის გამორეცხვა, ერთი ეს იყო „ომეგა ჯგუფის“ საქმე, პირველი სპექტაკლი, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენ რუსთავი 2-მა, დადასტურდა სხვადასხვა მონაცემებით, მათ შორის ექსპერტიზის მონაცემებით, რომ ეს იყო სპექტაკლი და მალევე ჩავარდა, როგორც კი საზოგადოებისთვის გაირკვა სიმართლე, დაიწყო ახლა მეორე სპექტაკლი, რომელსაც ისევე გაეცემა პასუხი, როგორც გაეცა პასუხი პირველი სპექტაკლის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ხელისუფლების წარმომადგენლებს ეთერში არ იწვევს.

“გაურბიან ჩვენი წარმომადგენლების მიწვევას ეთერში, რადგან მათი ინფორმაციის გაშუქებას ცალმხრივი გაშუქების პირობებში აქვს ძალა,” – განაცხადა კობახიძემ.

ნიუპოსტი