კონსტანტინე გამსახურდია – “ხელისუფლება ამ არჩევნებში ყველა შემთხვევაში წაგებულია”

კონსტანტინე გამსახურდია - "ხელისუფლება ამ არჩევნებში ყველა შემთხვევაში წაგებულია"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კონსტანტინე, მთელი ეს წინასაარჩევნო პერიოდი ხელისუფლებისთვის ნეგატივის ფონზე მიმდინარეობს. “ქართული ოცნება” შეეცდება ამ ყველაფრის გადაფარვას? რამეს დაუპირისპირებს?
– მე ამ ყველაფერს ფარული ჩანაწერების ომს დავარქმევდი, რომელიც აგერ უკვე 20 წელია გრძელდება. არც ეს არჩევნები არ იქნება გამონაკლისი და არჩევნების ბოლო დღემდე ასე ფარული ჩანაწერებით მივალთ. რასაკვირველია, “ქართული ოცნებაც” არავის არ ჩამორჩება და მე ველოდები მორიგ გრანდიოზულ ფარულ “ნამუშევარს”, აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება?!
უკვე თითქოს ტრადიციად იქცა საქართველოში ფარული ჩანაწერებით ადამიანების დაშანტაჟება, ბინძური მეთოდებით პოლიტიკის კეთება. ეს არის ყველაზე დიდი ამორალურობა, რაც კი შეიძლება ადამიანის გონებას მოაფიქრდეს. ვერა და ვერ გავცდით ამ დაბალ დონეს, ეს არის მდაბიო პოლიტიკა, რაც არის ყველაზე უფრო ამაზრზენი.
ახლა რომ ვფიქრობ და ვადარებ იმ ევროპულ არჩევნებს, რომელიც მე მინახავს, სასაცილოდაც კი არ მყოფნის, სად ვართ ჩვენ და სად არიან ისინი?! არანაირად არ ჰგავს ჩვენი არჩევნები ევროპულ არჩევნებს. ევროპაში არჩევნები სრულიად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ვერც კი გაიგებთ, რომ ქვეყანაში არჩევნებია, რომ შეიძლება ამ არჩევნებით ხელისუფლებაც კი შეიცვალოს.
ვერც იმას ნახავთ, რომ მთელი საზოგადოება ჩართული იყოს ამ პროცესში და ტელევიზორები დღე და ღამე ენთოს ოჯახებში, სადაც ფარულ ჩანაწერებს უჩვენებენ, ეს არათუ წარმოუდგენელია მათთვის, რომც უთხრა, არ დაიჯერებენ.
ჩვენთან, ალბათ, მალე ადამიანები ფსონებს დადებენ, თუ რომელ კანდიდატზე მოხდება ფარული ჩანაწერების გავრცელება ან რა შინაარსის იქნება ეს ფარული ჩანაწერები. პირდაპირ ტოტალიზატორი გაჩნდება, საარჩევნო ტოტალიზატორი და ვიღაცეები ფულსაც მოიგებენ.
ევროპაში არჩევნების კულტურა გამოკვეთილად აკადემიური და მშვიდია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კანდიდატებს შორის არ არის მწვავე დაპირისპირება, რომ მათ არ აქვთ განსხვავვბული ხედვები.
საქართველოში პოლიტიკოსები ერთმანეთს განსხვავებული ხედვების გამო კი არ უპირისპირდებიან, მათთვის მთავარია, როგორმე ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. შემდეგ კი ამ ძალაუფლებას არაფრის დიდებით ხელიდან არ უშვებენ. ამიტომაც არის მთელი ეს დაპირისპირება, რომელიც უკიდურეს ფორმებს იღებს.
– რატომ ვერ გავცდით ამ ყველაფერს, რატომ ვტრიალებთ ერთიდაიგივე წრეზე? რატომ ხდება ქვეყანაში არჩევნების ან წაგება ან მოგება ფარული ჩანაწერებით, ადამიანების შანტაჟით?
– ეს არის ტრაგედია. ამას ვამბობ სრულიად გადაუჭარბებლად, რადგან ეს ყველაფერი გვეხება ჩვენ, თითოეულ ადამიანს, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. სანამ ადამიანებში არ შეიცვლება ცნობიერება, მანამდე ასე იქნება.
შემდეგ ეს არის ე.წ. პოლიტიკური სკოლის ბრალი, რომელიც ქვეყანაში უკვე 25 წელიწადია არის და არ იცვლება. რეალურად ერთი პოლიტიკური სკოლაა, ჯგუფები იცვლებიან, მაგრამ შინაარსი არ იცვლება. სწორედ ეს ჯგუფები აგებენ პასუხს ქვეყანაში დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე.
– რეალურ პოლიტიკას რომ დავუბრუნდეთ, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
– რა შედეგიც არ უნდა დადოს ამ არჩევნებზე ხელისუფლებამ, ის მაინც წაგებულია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მან ვერ შემოგვთავაზა განსხვავებული კლასი. განსხვავებული სტილი, რომლის მოლოდინიც იყო. მე აქ უკეთეს ცხოვრებაზე და გასაოცარ დემოკრატიაზე არ ვსაუბრობ, თუმცა, ამას დაგვპირდნენ ისინი, მე ვსაუბრობ განსხვავებულობაზე, განსხვავებულ მმართველობაზე, სისტემაზე, რომელიც უნდა ყოფილიყო წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებული.
არადა, ის ჰგავს თავის წინამორბედს და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ემსგავსება. პარადოქსია, წარმოუდგენელია, მაგრამ ეს არის რეალობა.
დღეს “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა მის შიდა მოშლილობაზე გადის. “ოცნება” შიგნიდან არის მორღვეული, რაც შემდეგ ქვეყნის მართვაზე აისახება.
– ამის დასალაგებლად დაბრუნდა ივანიშვილი. ფიქრობთ, რომ ვერაფერი გააწყო?
– თითქოს ამის დასალაგებლად დაბრუნდა ივანიშვილი, მაგრამ უარესად განვითარდა მოვლენები. თითქოს ისე მიეწყო ეს ამბები ერთმანეთს, რომ ადამიანი იფიქრებ, იქნება არც ყოფილა მისი მიზანი დალაგება?!
ამ მეთოდებით “ქართული ოცნება” ფონს ვეღარ გავა. საზოგადოებაში უფრო და უფრო უარყოფითი ენერგეტიკა აკუმულირდება, ეს უარყოფითი ენერგეტიკა კი უკვალოდ არ ქრება. მე არ მინდა, კიდევ ერთხელ მოხდეს ამ ენერგიის ამოხეთქვა, რადგან ეს ქვეყანას გადაიყოლებს. უკვე საერთაშორისო პარტნიორები, უცხოელი დიპლომატები ინტერესდებიან საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებით, ეს არ არის კარგის ნიშანი.
– საქართველოში ევროპარლამენტარი ანა გომესი იმყოფება. ამას გულისხმობთ?
– რა თქმა უნდა. არა მხოლოდ ქალბატონო გომესი ინტერესდება ამ პროცესებით, სხვებიც ინტერესდებიან. გომესი დღეს აქ იმყოფება, თბილისშია ჩამოსული და ადგილზე ეცნობა ვითარებას. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა ხელისუფლების აღქმა დაიწყო, როგორც რეჟიმის.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა გამადიდებელი შუშით დააკვირდება საერთაშორისო საზოგადოება 28 ოქტომბრის არჩევნებს. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმეს რამეზე წაუცდეს ხელი, ეს უკვე მართლაც შეიძლება საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის.
ამიტომ ძალიან დიდი გონიერება მართებს ახლა ყველას, განურჩევლად იმისა, ხელისუფლებაშია თუ ოპოზიციაში.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა