კრემლი ოკუპირებული აფხაზეთისგან დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას მოითხოვს

კრემლი ოკუპირებული აფხაზეთისგან დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას მოითხოვსრაც დრო გადის, მით უფრო იზრდება უთანხმოება რუსეთის ფედერაციასა და მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს შორის.
ფინანსების გარდა, ერთ-ერთი სადაო საკითხი საზღვარია. მხარეები საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ფსოუს მონაკვეთს ვერ იყოფენ. გარდა ამისა, რუსეთს ფსოუზე შეზღუდვები აქვს დაწესებული, აფხაზეთიდან რუსეთში ადვილად არავის უშვებენ, რაც აფხაზების უკმაყოფილებას იწვევს.
“მარჩენალი” და “სტრატეგიული პარტნიორი” ამას აფხაზეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობით ხსნის.
სოხუმს არასაკმარისად მიაჩნია რუსეთის აქტივობა აფხაზეთის საერთაშორისო “აღიარების” მიმართულებით. არადა, აღიარება რამდენიმე ქვეყნის მხრიდან ის თემაა, რომლითაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ამაყობს ყველა სფეროში შექმნილი სტაგნაციისა და კრიზისის ფონზე. აფხაზეთში არსებობს მოლოდინი, რომ აფხაზეთი “აღიარებას” მიიღებს დსთ-ს სივრცეში, ასევე ოკეანის გაღმა და ახლო აღმოსავლეთში.
აფხაზ დეპუტატებს ამ დღეებში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე განმარტებები მისცეს.
როგორც აღმოჩნდა, ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო აღიარების სანაცვლოდ თავის პირობას აყენებს. იგი მოითხოვს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელსაც ქვეყანა ამ აღიარების შემდეგ დაწესებული ამერიკული სანქციებით ნახავს.
რუსეთმა ამ საკითხზე კუბასთან მუშაობა ობამას დროს დაიწყო, მაგრამ მაშინ აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობა გამოსწორდა და საქმე ჩაიშალა. დღეს ამ ორ სახელმწიფოს შორის ისევ დაძაბულობაა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ კრემლმა თავისი საქმიანობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აღადგინოს.
დსთ-ს სახელმწიფოებისაგან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება ნაკლებად მოსალოდნელია.
კრემლის მხრიდან სოხუმზე ზემოქმედების ნიშნები უკვე თვალსაჩინოა. რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები აფხაზეთისგან მოითხოვენ უკრაინის მხარეების “დამოუკიდებლობის” აღიარებას. ეს უკვე გაკეთებული აქვს ცხინვალის რეგიონს.
დუმის წევრი კაზბეკ ტაისაევი აფხაზ დეპუტატებს უხსნის, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები დღეს იმავე მდგომარეობაში არიან, როგორშიც აფხაზეთი და “სამხრეთი ოსეთი” იმყოფებოდნენ.
– სამხრეთმა ოსეთმა თავისი ნაბიჯი გადადგა. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ნაბიჯი გადადგათ, – ურჩევს ტაისაევი აფხაზებს.
აფხაზი კანონმდებლები თავს იმით იმართლებენ, რომ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები თვითონ რუსეთს არ უღიარებია.
დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ამას დიპლომატიად წარმოაჩენს:
– ჩვენ არ გვიცვნია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, მაგრამ ჩვენ ვაღიარეთ “სამხრეთი ოსეთი”, რომელმაც ცნო დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები.
ზატულინი ირწმუნება, რომ თუ უკრაინა მოიკრებს ძალებს და დასავლეთის დახმარების იმედად ისევ დაესხმება თავს დონეცკსა და ლუგანსკს, მოსკოვი მათ აღიარებს.
– სამხრეთმა ოსეთმა ეს გააკეთა. აფხაზეთს ისინი არ უღიარებია. თქვენ, როგორც წესი, ასეთ საკითხებში სოლიდარულები ხართ, – ჭკუა დაარიგა ოკუპირებულ რეგიონს ზატულინმა.
დიდი ალბათობით, რუსი პარლამენტარების მეგობრული რეკომენდაციები გაზრდის რუსეთის მიმართ უკმაყოფილებას აფხაზეთში. იმატებს ასევე საპროტესტო განწყობა დეფაქტო პრეზიდენტ ხაჯიმბასადმი, მისი ხელახლა გაპრეზიდენტების შანსი კი მინიმუმამდე დავა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა