„ოცნების“ საარჩევნო რეპრესიები – საბავშვო ბაღების პედაგოგებს აიძულებენ, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონ

„ოცნების“ საარჩევნო რეპრესიები - საბავშვო ბაღების პედაგოგებს აიძულებენ, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ და შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო გადაუღონმმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნების სალომე ზურაბიშილის სასარგებლოდ გასაყალბებლად ემზადება. ე.წ. „გაყალბების სქემაში“ „ქართული ოცნება“ სახელისუფლო რესურსის სხვადასხვა სახით ჩართვას გეგმავს.

როგორც „ნიუპოსტს“ წყარო უყვება, ამ მხრივ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში პედაგოგები არიან. კერძოდ, წყარო, რომელიც „ნიუპოსტს“ კონფიდენციალობის დაცვის მოთხოვნით დაუკავშირდა, ამბობს, რომ „ოცნების“ გავლენიანი წარმომადგენლები საბავშვო ბაღის პედაგოგებს აიძულებენ, რომ 28 ოქტომბერს ხმა სალომე ზურაბიშილს მისცენ და საკუთარი არჩევანი ფოტოკამერით დააფიქსირონ, ანუ საარჩევნო კაბინაში შესულმა პედაგოგმა ტელეფონით ფოტო უნდა გადაიღოს, რომ ნამდვილად 48 შემოხაზა და ეს ფოტო, მტკიცებულების სახით, „ოცნებას“ წარუდგინოს.

ის პედაგოგი, რომელიც მმართველი გუნდის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილება, სამსახურს 29 ოქტომბერსვე დატოვებს.

წყარო, რომელსაც პედაგოგებმა ამის შესახებ უამბეს, „ნიუპოსტს“ უყვება, რომ ისინი შიდა საუბრებში იძულებით ხმის მიცემას უკვე აპროტესტებენ და არსებული დირექტივების შესრულებას არ აპირებენ.