პუტინი – “საქართველომ ტერიტორიები სააკაშვილის გამო დაკარგა… ლუგარის ლაბორატორიაში თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია“

პუტინი - "საქართველომ ტერიტორიები სააკაშვილის გამო დაკარგა... ლუგარის ლაბორატორიაში თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია“„თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია,“ – ეს განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გააკეთა. პუტინმა ამ თემაზე დღეს პირველად ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგაშო იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე.

„რამდენად სანდოა დოკუმენტები, ამის განსჯას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. უდაოდ, საგანგაშოა. თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია. იქიდან გამომდინარე რაც ვნახე, საუბარია რაღაც პრეპარატებზე, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანზე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილების შესაბამისად. ორი, სამი თაობის შემდეგ რადიკალურად იცვლება საწყისი სახე. როგორ ვებრძოლოთ ? თუ ვინმე ასეთ რამეს აკეთებს. უნდა იცოდეს, რომ სხვაც გააკეთებს. ამიტომ, საჭიროა წინასწარ დაჯდომა და საერთო წესის შემუშავება ამ უკიდურესად მგრძნობიარე სფეროსთვის,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეკითხვა რუსეთის პრეზიდენტს „ვალდაის“ ფორუმზე დაუსვეს, სადაც მან ასევე ილაპარაკა უკრაინის შესახებ და მიხეილ სააკაშვილიც ახსენა.

რუსეთის ლიდერის თქმით, უკრაინა დღეს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე გააკეთა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, სწორედ ყოფილი პრეზიდენტის ქმედებების შედეგად დაკარგა საქართველომ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.