“რატომ გაიქცა სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დროს საფრანგეთში”

"რატომ გაიქცა სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დროს საფრანგეთში"მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, ამ თემაზე ხსნილი გამოცხადდა და მეოცნებეები ერთმანეთის მიყოლებით სდებენ ქართულ მხარეს ბრალს ომის დაწყებაში.
ამჯერად მძინარე ცხინვალის გაღვიძების გამო გული გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს ამოუჯდა. არადა ის იმ ქალაქის მერია, რომელიც სეპარატისტებმა და მათმა რუსმა პატრონებმა არაერთხელ გააღვიძეს ჭურვებით.
გორის მერის მიერ საქართველოს ქმედებების დაგმობის ამბავი ალბათ მალე ჩააღწევს რუსეთის პრეზიდენტის ყურამდე და ის თავზარაშვილსაც შეუქებს სიმამაცეს, როგორც ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს შეუქო.
რატომ გადაწყვიტეს საოცნებო ჩინოვნიკებმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთება, რა კავშირშია ეს ჰააგის სასამართლოსთან, რამდენი ქართველი დაიღუპა მძინარე ცხინვალის გაღვიძებამდე რუსების და ოსი ბოევიკების ნასროლი ჭურვებით? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება.
– საოცნებო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში. ამჯერად თავი გორის მერმა გამოიჩინა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს აღვირახსნილი კამპანია?
– პირველ რიგში ჩვენ ერთ რამეს უნდა მივხვდეთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი. ეს იმაში გამოიხატება, რომ რაც შეიძლება ბევრმა საქართველოს მოქალაქემ, საჯარო მოხელემ თუ მაღალი თანამდებობის დაკავების პრეტენზიის მქონე პირმა კოჭი გაუგოროს რუსეთს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ხდება მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის წინ – 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული საქართველო ჰააგის ხასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
ჰააგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ქართული მხარის სასარგებლო იქნება, პუტინს დააზარალებს. დააზარალებს კი არა, ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის გულში ლახვრის ჩაცემა იქნება.
დადასტურდება, რომ რუსეთი სულაც არ იცავდა ცხინვალიდან გახიზნულ საკუთარ, ორპასპორტიან მოქალაქეებს, როგორც ამას თავად ამტკიცებს, არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ განახორციელა დაგეგმილი აგრესია.
– მას შემდეგ, რაც გორის მერის განცხადებას დიდი ამბები მოჰყვა, ამ კაცმა თავის მოღალატეობრივ განცხადებას ემოციისგან დაშვებული შეცდომა უწოდა.
– გორის მერის განცხადებას ვერ ვუწოდებ სენსიტიურ და ემოციურად წამოცდენილ ნათქვამს. ეს გახლავთ კლასიკური მოღალატეობრივი გამონათქვამები. იმიტომ, რომ ნარატივი, რომელსაც “ქართული ოცნების” წევრები და მათი მხარდამჭერები იმეორებენ, დიახაც, მათ მიაწოდა ვიღაცამ.
– ვინ დგას ამ ნარატივის უკან?
– “ოცნების” ის ფრთა, რომელიც დაბეჯითებით საუბრობს ქართულ სახელმწიფოში ქართული ხელისუფლების მიერ განხორცილებულ აგრესიასა და ომზე. ამ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ უნდა წამოვგებოდით პროვოკაციას, ერთი რაღაც მინდა ვუთხრა. 2008 წლის 1 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით ანუ არასრულ ერთ კვიარაში, კონფლიქტის ზონაში, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ადამიანი და დაიჭრა 30.
– დაღუპულები და დაჭრილები რომელი მხრიდან იყვნენ?
– ქართული მხარიდან. ეს სტატუს-კვო რომ შეგვენარჩუნებინა, ქართული სახელმწიფოს სათავეში მყოფ პირებს ბედის ანაბარა რომ მიეტოვებინა საკუთარი მოსახლეობა, 2008 წლის 1 აგვისტოდან დღევანდელ დღემდე, კონფლიქტის ზონაში იმ სტატისტიკის მიხედვით, მივიღებდით 8.656 გარდაცვლილს და 16.000-ზე მეტ დაჭრილს.
ასეთი შედეგის მისაღწევად არ უნდა წამოვგებოდით პროვოკაციას? ამაზე აპელირებენ “ქართული ოცნება” და მისი მხარდამჭერები?
იყო მეორე ვარიანტი – დაგვეცალა კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლები. საკუთარი ნებით გამოგვეყვანა ქართული მოსახლეობა და ეს ადგილები მიტოვებული და გახრიოკებული ყოფილიყო? ამისკენ მოგვიწოდებენ მეოცნებეები?
სხვა რა გამოსავალი არსებობდა იმ ვითარებაში, როცა 1 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით კონფლიქტის ზონაში საქართველოში აკრედიტებული ყველა ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა. ამავე პერიოდში ჩავიდა კონფლიქტის ზონაში საქართველოში რუსეთის იმჟამინდელი ელჩი კოვალენკო. იქ ასევე ჩავიდა რუსეთის  საგანგებო დავალებათა ელჩი პოპოვი.
ყველა საკუთარი თვალით ხედავდა, რა ხდებოდა და ყველას კარგად ახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა მაშინ მარატ კულახმეტოვი, რომელიც კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების სარდალი იყო.
კულახმეტოვი აცხადებდა, რომ სამშვიდობოები ვერ აჩერებდნენ ოსურ ბანდფორმირებებს. ეს ის ბანდფორმირებებია, რომლებზეც მოგვიანებით ვლადიმერ პუტინი იტყვის – დიახ, რეგულარული სამხედრო ძალების ოფიცრები ამზადებდნენ ამ ფორმირებების წევრებს.
პუტინი იტყვის იმასაც, რომ რუსეთის რეგულარული არმიის ცალკეული ჯარისკაცები და ოფიცრები ირიცხებოდნენ ოსურ ბანდფორმირებებში.
ამის მერე როგორ შეიძლება ისეთი განცხადებების გაკეთება, რომ ომი საქართველომ დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, ნებისმიერი სახით დაეცვა საკუთარი მოსახლეობა.
მოდით, ისიც ვთქვათ, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს მაშინ. მესმის, რომ ამ ომს ქართველი სამხედროები შეეწირნენ, მაგრამ მათ ბევრი თანამემამულე გადაარჩინეს.
– დაღუპული სამხედროების ოჯახებს არ აქვთ პრეტენზიები. ისინი ამბობენ, რომ მათი შვილები მოკვდნენ საქართველოსთვის.
– დიახ, ის ბიჭები შეეწირნენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამ დროს “ოცნების” წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ არავის არ უნდა გვებრძოლა და 2008 წლის აგვისტოდან დღემდე კონფლიქტის ზონაში 8.000-ზე მეტი ადამიანი დახოცილიყო.
– ეს იმიტომ უნდა გაკეთებულიყო, რომ მძინარე ცხინვალი არ შეწუხებულიყო?
– მაინტერესებს, ვის ეძინა ამ ქალაქში, როცა მთელი მოსახლეობა გახიზნული იყო. იქ მარტო ბანდფორმირებები იყვნენ დარჩენილი, იმათ ეძინათ? ან იქნებ ისიც გვითხრან, რომ კონფლიქტის ზონაში დარჩენილი ქართველები ბომბავდნენ სოფელ თამარაშენს. მათი საუბრები ლოგიკასთან ძალიან არის აცდენილი.
ძალიან ხშირად საუბრობენ ეუთოს რეზოლუციის მეხუთე პუნქტთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ ომში დამარცხებული, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით გადარჩენილი საქართველო.
გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ მსოფლიოში. ვინმეს ხომ არ ავიწყდება, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი შრიოდერი “გაზპრომის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
ვინმეს ხომ არ ავიწყდება, რომ 2007 წლის ნოემბერში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მურიემ განაცხადა, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა მაპს ვერ მიიღებენ.
მაშინდელ საქართველოს აშშ-ს უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ ევროპაში სხვა სიტუაცია იყო. ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები საკუთარ მოსახლეობას აშინებდნენ რუსული დათვით. მოსახლეობას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ თუ ისინი რუსეთში არსებულ დემოკრატიის დარღვევებზე თვალს არ დახუჭავდნენ, მოსკოვი გაზს გადაუკეტავდა და ისინი გაიყინებოდნენ.
როდესაც მეხუთე პუნქტზე აპელირებენ უგვანო და უსინდისო ქართველი პოლიტიკოსები, შეხედონ მეოთხე პუნქტსაც და მთლიანად რეზოლუციას.
ზოგადად ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილი პუნქტებით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ კულულებიანი კობახიძის დაწერილ კონსტიტუციაში რამდენი მუხლია ისეთი, რომელიც ზოგად საკაცობრიობო პრინციპებს და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება?
ასე რომ, “ქართული ოცნება” და სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე თამაშობენ რუსულ თამაშს. ეს თამაში მიმართულია კონკრეტული მიმართულებით – ჰააგაში პუტინმა არ იწვნიოს მარცხი.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ დიდი სიმპატიებით ნამდვილად არ გამოვირჩევი, მაგრამ მას მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ ერთმნიშვნელოვნად თქვა – 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ნებისმიერი არასწორად გაკეთებული განცხადება არის სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი და ამისგან თავი შეიკავეთო.
ეტყობა, ირაკლი კობახიძე და მისი ვირეშმაკები ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რა განსაცდელის და საფრთხის წინაშე აყენებენ ამით ქვეყანას.
– ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ამას ვერ აცნობიერებენ?
– არ არის გამორიცხული, ყველაფერს კარგად აცნობიერებდნენ, მაგრამ შეგნებულად მიდიან სახელმწიფოსთვის დამატებითი საფრთხეების შექმნაზე.
ეს განცხადებები კეთდება მაშინ, როცა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს მოვუწოდეთ საქართველოდან ჯარების გაყვანა.
ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ განცხადებები ომის დაწყებაზე შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. არ დაიჯეროთ.
შიდა მოხმარებისთვის და ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის ასეთი ტექსტი უნდა იყოს – იმ პირობებში, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის ცალკეული წარმომადგენლები და ბანდფორმირებები კლავდნენ ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას, ხოცავდნენ ჩვენს პოლიციელებს და სამხედროებს, ანადგურებდნენ ქართულ სოფლებს, საქართველოს ხელისუფლება დადგა საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. მან ლეგიტიმურად განახორციელა ყველა ქმედება, რომელიც კონფლიქტის ზონაში მყოფი ქართული მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფდა.
აი, ეს არის სათქმელი და არა ის სისულელეები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.
– “ოცნებას” ჰააგის სასამართლოში პუტინის გადარჩენა უნდაო და რაში სჭირდებათ რუსეთის პრეზიდენტის გადარჩენა?
– ნეტა რაში სჭირდება? თქვენ გჯერათ, რომ 2008 წელს პუტინს მერაბიშვილი ზურაბიშვილში შეეშალა და მისი გვარი ვერ გაიხსენა? ეს ხომ პიარტექნოლოგიის ნაწილია, გაიხსენა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ ვერ გაიხსენა მისი გვარი. მერე ტექსტებში მშვენივრად წერია ზურაბიშვილის გვარი.
რისთვის გაიქცა ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საფრანგეთში და რა დირექტივები მიიღო თავისი ნათესავისგან, არ ვიცი, დეიდაშვილია თუ მამიდაშვილი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის პუტინის აპოლოგეტია.
ამიტომ აქ უამრავ საკითხზეა ყურადღება გასამახვილებელი და ამ საკითხს პრაგმატულად უნდა შევხედოთ.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა