ულიცენზიო ტაქსები დღეიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან

ულიცენზიო ტაქსები დღეიდან 200 ლარით დაჯარიმდებიანდღეიდან, 1 ოქტომბრიდან, ტაქსით მომსახურების სერვისის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიით ხდება ნებადართული. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, 200 ლარით დაჯარიმდება.

ამასთან, ტაქსებთან მიმართებაში რეგულაციების მეორე ეტაპი უკვე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ის ახალი ვიზუალური სტანდარტის დანერგვას გულისხმობს, მათ შორის ამ პერიოდიდან ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო.

2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, – აღნიშნა კალაძემ თბილისის მთავრობის გასული კვირის სხდომაზე.

ინტერპრესნიუსი