ქართულის ცოდნის გარეშე უცხოელებზე ბინადრობა აღარ გაიცემა – რა წერია ახალ კანონპროექტში

ქართულის ცოდნის გარეშე უცხოელებზე ბინადრობა აღარ გაიცემა - რა წერია ახალ კანონპროექტში„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ქართული ენის ცოდნის გარეშე უცხოელებზე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა, შესაძლოა, აღარ გაიცეს.

საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა და მის პრინციპებს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“. კენჭისყრა კი, მომდევნო სხდომაზე ჩატარდება.

“კანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლში ცვლილებების შეტანას. კერძოდ, ცვლილება შედის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება უცხოელებისათვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა დასაქმების მიზნით.

აღნიშნულ ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე. ასევე ცვლილება შედის „ზ“ ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესს.

კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე ცვლილება შედის „თ“ქვეპუნქტში, რომელიც ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას. კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400.000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს.

ასევე კანონპროექტი ითვალისწინებს მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გაუქმებას, რომელიც გულისხმობს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ნიუპოსტი