შალვა ოგბაიძე – “თავიდანვე იყიდონ თეთრი ტაქსები და პრობლემა არ ექნებათ”

შალვა ოგბაიძე - "თავიდანვე იყიდონ თეთრი ტაქსები და პრობლემა არ ექნებათ"“ახალი თაობის” კითხვებს საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე პასუხობს
– ბატონო შალვა, თბილისის მერმა ახალი რეგულაციების შესახებ ისაუბრა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა როგორც ტაქსის მძღოლების, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ფულის კეთების ახალი საშუალება, კორუფციული სქემა და რა შეფასებები არ მოვისმინეთ, რას იტყვით თქვენ?
– რეგულაცია, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, რაც გაცხადდა თბილისის მერის მიერ, არის შემადგენელი ნაწილი იმ დაპირებების რეალიზებისა, რომლებიც გაიცა მერიის და საკრებულოს მიერ – ეს იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესება.
ეს იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იყო ქაოტური მშენებლობების და ურბანული პრობლემების მოგვარება, საცობებთან ბრძოლა და ასე შემდეგ მრავალი სხვა. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ სატაქსომოტორო სფეროში დაგროვილი პრობლემების მოგვარება. დასამალი არ არის, რომ თითოეულ ჩვენთაგანს ძალიან ხშირად არაჯეროვანი მომსახურება მიგვიღია.
– ოპონენტები გსაყვედურობენ, რომ პრობლემის მოგვარება ბოლოდან დაიწყეთ, ჯერ სხვა პრობლემები მოაწესრიგონ და მერე მიადგნენ ტაქსებსო.
– ამ პრობლემას ორი ბოლო აქვს. ერთი, საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ, კომფორტულად და გონივრულ ფასებში, ხოლო მეორე მხარეს არის ამ მეტად საპასუხისმგებლო შრომით დაკავებული ადამიანების ინტერესი.
ძალიან ბევრ მძღოლთან მაქვს შეხება. ისინი პირდაპირ არიან დაინტერესებულები, რომ მათ გვერდით არ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც სახელს გაუტეხენ ამ ძირძველ ტაქსისტებს, რომლებიც თავის ოჯახს ამ ალალი შრომით არჩენენ. ამ პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯები გადაიდგა.
– ლიცენზიებს გულისხმობთ?
– დიახ, ამ წუთისთვის 8 ათასზე მეტი ნებართვაა გაცემული და კიდევ მიემატება. პირველი ნაბიჯი საჭირო იყო იმისთვის, რომ დაგვედგინა, რამდენ ადამიანს აქვს სურვილი ამ სფეროში მუშაობის. ამიტომ პირველი ეტაპი ითვალისწინებდა რეგისტრაციას და სიმბოლური გადასახადის დაწესებას.
– სიმბოლურია ეს თანხა? ბევრმა ესეც გააპროტესტა.
– ეს არის 1 წლის განმავლობაში ჩვეულებრივ ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი – თვეში 8 ლარი. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, თვეში – 4 ლარი. ხოლო ელექტრომობილები საერთოდ გათავისუფლებულია ამ სანებართო მოსაკრებისაგან.
ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი იქნება უკვე ვიზუალი.
– რატომ თეთრი ტაქსები? ეს კითხვა თქვენმა ოპონენტებმა დასვეს.
– თეთრი იმიტომ, რომ თეთრი და ყვითელი ფერი ითვლება ყველაზე უსაფრთხო ფერებად. თეთრი ფერი აგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნისლში მოძრაობ და თბილისში ნისლი არა გვაქვს.
– მძღოლებისთვის გადაღებვა იქნება საკმაოდ ძვირადღირებული.
– გადაღებვას რომ ჩააცივდა ჩვენი ერთ-ერთი ოპონენტი, გერმანიიდან ჩამოყვანილი ტაქსების უმრავლესობა შეღებილი კი არ არის, ლამინირებულია უბრალოდ. ამიტომ სულაც არ არის საჭირო, რომ გადავღებოთ ავტომობილი.
ციფრები დასახელდა – 1.500 და 2.000 ლარი. ზღაპარია ეს ყველაფერი! ეს არის თითიდან გამოწოვილი. ვისაც ძალიან ძველი ავტომობილი ჰყავს, ის თავისთავად არ გამოდგება, ადრე თუ გვიან ხომ უნდა შეიძინოს ახალი? აი, ვინც ახლიდან დაიწყებს, ეცოდინება, რომ თეთრი შეიძინოს. ან სხვა ფერი, რომელსაც შემდგომ ლამინირებას გაუკეთებს. არ წარმოადგენს ეს ისეთ პრობლემას, რომ ამხელა ამბად ღირდეს.
– დღეს თბილისში უსაშველო საცობებია. ამ კუთხით რა ხდება? თბილისის ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელია, არ ვარგა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რომელი ერთი ჩამოვთვალო.
– ჩვენი დედაქალაქი იყო ავტომობილზე ორიენტირებული დედაქალაქი, რომელიც ახლა უნდა გახდეს ქვეითზე ორიენტირებული. საჯარო სივრცე უნდა დაუბრუნდეს ჩვენს დედაქალაქს. პეკინის ქუჩა გაკეთდა, გაჩნდა ველობილიკი. იგივე კეთდება კოსტავას ქუჩაზე.
– კოსტავას ქუჩა ძალიან ვიწროვდება.
– ერთის მხრივ, ეს დავიწროვდება, მაგრამ ყველა ნახავს, ეს ცვლილება როგორ განტვირთავს სიტუაციას. ავტობუსებიც უკვე გზაშია. ახალი 92 ავტობუსია შეძენილი 10 მეტრიანები, შარშან 12 მეტრიანები შევიძინეთ, ამას დაემატება 8 მეტრიანებიც და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ თბილისში 900-მდე ახალი ავტობუსი იქნება.
ასევე ემატება მეტროს 14 შემადგენლობა და არა ვაგონი. თითო შემადგენლობაში 3-4 ვაგონია, რაც ლოდინის დროს 4,5 წუთიდან 2 წუთზე ჩამოიყვანს.
– მეტროც საშინლად გადატვირთულია, პიკის საათებში შესვლა შეუძლებელია.
– ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ 14 შემადგენლობა უნდა დაემატოს. ამის წამალი არის ეს.
მთავარია სწორი გზით სიარული, რომ არ შეგვეშალოს მიმართულება. შეიძლება ტემპია დაბალი, მაგრამ სწორი გზით მივდივართ. ეს ეტაპი უნდა გავიაროთ და ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ. ჩვენი დედაქალაქი უნდა იყოს ჭკვიანი ქალაქი, სმარტ ქალაქი, რომელიც იქნება ადამიანზე ორიენტირებული!
– თუმცა ოპოზიცია ყველა ამ პროექტს იწუნებს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, რაზეც თქვენ საუბრობთ. ნეტარ არიან მორწმუნენი.
– ნუ ახლა… ნეტარ არიან მორწმუნენი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა