ჯემალ გამახარია – “ბესარიონ აპლიას არავინ არაფერს ეკითხება – რუსეთს მართლმადიდებლური სამყარო განხეთქილებისკენ მიჰყავს”

ჯემალ გამახარია - "ბესარიონ აპლიას არავინ არაფერს ეკითხება - რუსეთს მართლმადიდებლური სამყარო განხეთქილებისკენ მიჰყავს"აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ რუსეთს მართლმადიდებლურ სამყაროში საქმე ჩიხისკენ, კონფლიქტისა და განხეთქილებისკენ მიჰყავს.
ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაური ბესარიონ აპლია (რომელიც ადრე გვარად ფილია იყო) მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამ გააღიზიანა და ის რუსული ეკლესიის დამცველად გამოვიდა.
– ამ კონფლიქტში აფხაზეთი მოსკოვს და პატრიარქ კირილს უჭერს მხარს. ჩვენ, აფხაზები, კირილზე ვსაუბრობთ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისგან დამცველზე. ქართულ აგრესიას თან სდევდა სწორედ ასეთი უხეში დარღვევები. ჩვენ არ შეგვიძლია განათლება ქართულ ენაზე. ჩვენ ვიცავთ მართლმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი რუსეთის მხარესაა, – აცხადებს აპლია.
– ბატონო ჯემალ, ბესარიონ აპლიას საქმიანობა თქვენვის ძალიან კარგადაა ცნობილი. აპლია აცხადებს, რომ აფხაზები რუსეთის პატრიარქ კირილზე საუბრობენ, როგორც დიდ ბატონზე, მამასა და ქართული აგრესიისაგან დამცველზე. რას ნიშნავს ეს?
– აპლიას განცხადების სრულ ტექსტს რომ გაეცნობი ადამიანი, სერიოზული განსჯისა და სერიოზული კომენტარის გაკეთების ყოველგვარი სურვილი გეკარგება. მით უმეტეს, თუ არ ხარ ექიმი, ან ფსიქოლოგი. ექიმი და ფსიქოლოგი თუ ხარ, კიდევ შეიძლება ამ განცხადებაზე საუბარი.
– ალბათ, დაავალეს ამგვარი განცადების გაკეთება.
– ვინ დაავალა, ვის რაში სჭირდება ამ საქმეში აპლიას განცხადება, რომელსაც სულ რამდენიმე მღვდელი ჰყავს და ვითომ ეკლესიის ხელმძღვანელად ასაღებს თავს. ის არის ყველაზე დიდი თვითმარქვია, რომელიც სხვას აკრიტიკებს და ბრიყვულ განცხადებებს აკეთებს. ამის იქით სერიოზული კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება.
თვითონ პრობლემა ძალიან სერიოზულია და სერიოზულადაა განსასჯელი.
– სხვათა შორის, ამ მღვდელს ფოტო რუსეთის პატრიარქის (გადიდებული, ჩარჩოში ჩასმული და კედელზე ჩამოკიდებულია) სურათის ფონზე აქვს გადაღებული. როგორც ჩანს, აპლია მონაა ამ “დიდი ბატონისა”.
– დიახ, ის სუფთა მონაა, რომელიც სრულიად დამოკიდებულია იმ ბატონზე. მისი დამოკიდებულება სუფთა მონური პოზიციაა, რაც ჩანს მის განცხადებაში. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ეს ხუთკაციანი სამღვდელოება კიდევ ორ ნაწილადაა გაყოფილი, ანუ “ორი ეკლესიაა”. მეორეს ხელმძღვანელია დოროთე დბარი, რომელიც პირიქით, მხარს უჭერს კონსტანტინეპოლს და ჰგონია, რომ ამის შემდეგ მისი ჯერი დადგება. ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
– ეს აფხაზების, დბარისა და აპლიას შეთანხმების შედეგი ხომ არ არის, რომ ორივე მხარე ჰყავდეთ კმაყოფილი?
– არ ვიცი, მათი დამოკიდებულება არის თუ არა გარკვეული შეთანხმების შედეგი, მაგრამ საერთოდ, სეპარატისტები მიზანთან დაკავშირებით ყოველთვის ერთიანი არიან. თუმცა, იმისათვის, რომ ფართო მხარდაჭერა ჰქონდეთ, ერთსაც ემხრობიან და მეორესაც. სეპარატისტულ მოძრაობაში თავის დროზე ნაწილი ბოლშევიკები იყვნენ, ნაწილი – თურქული ორიენტაციის. ასევე ნაწილი რუსულ ორიენტაციას ადგა, ნაწილი – ქართული ორიენტაციას, მაგრამ შემდეგ ყველა ერთად იკრიბებოდა. საერთოდ, სეპარატისტებს ასეთი უპრინციპობა ახასიათებთ.
მათ გამაერთიანებელი იდეა არ აქვთ. მათი მიზანია საქართველოსთვის ზიანის მიყენება. მათთვის არაფერს ნიშნავს ის, რომ დღეს აფხაზეთი ნადგურდება, მათ შორის, ეკლესიაც განადგურებულია და არავითარი მომავალი ამ ტერიტორიას არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჯგუფი ადამიანებისა მაინც სეპარატისტულ გზაზე დგას. ოღონდ საქართველოს ზიანი მიაყენონ, თვითონ მზად არიან, დაიღუპონ.
– ამ განცხადებაში აპლია ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთია და წესები ყველასთვისაა განკუთვნილი. მაშინ რას მიუთითებს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ქართულ ეკლესიას განუდგნენ და მართლმადიდებლურ ტაძრებს ანადგურებენ?
– როგორც ჩანს, წესები, რომლებიც მართმადიდებლურ სამყაროში არსებობს, მხოლოდ აპლიასთვის არ არის განკუთვნილი. ბატონი, რომელსაც ის ასახელებს და რომლის პორტრეტი მას სამუშაო ოთახში უკიდია, აფხაზეთის ტერიტორიას ოფიციალურად ქართული ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს. წესები ნამდვილად ერთია და თუ ეს ბატონი ამას აღიარებს, რატომ არ ემორჩილება ამ წესებს.
– თქვენ კარგად იცით ისტორია, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები სოხუმის დაცემის შემდეგ, როგორ შეიჭრნენ ეკლესიებში და გამოდევნეს ქართველი მღვდლები. აპლიას, საერთოდ, რა უფლება აქვს მართლმადიდებლურ წესებზე ისაუბროს?
– როცა ქრისტიანული (ქართული) მოსახლეობა აიძულეს, აფხაზეთი დაეტოვებინა, მაშინ დატოვა აფხაზეთი ქართველმა სამღვდელოებამაც თავის მრევლთან ერთად. გასაგები მიზეზების გამო, იქ ყოფნა შეუძლებელი იყო. სამღვდელოებასა და მრევლს უკან არ უშვებენ. დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით აპლია და დბარი არანაკლებ რადიკალები არიან, ვიდრე პოლიტიკოსები. ქართველი ქრისტიანები დევნილებად აქციეს. აფხაზეთის ქრისტიანული მოსახლეობის დაახლოებით 80-90% ქართველები ვიყავით.
იქ არსებული მოსახლეობა მთლიანად მართლმადიდებელი ხომ არ არის, იგივე სომხები ხომ არ არიან მართლმადიდებლები. კიდევ იყო მოსახლეობა, რომელიც მართლმადიდებელი არ გახლდათ. ქრისტიანული მოსახლეობა ვიყავით ჩვენ, ბერძნები და ძალიან მცირე ნაწილი აფხაზებისა. ბერძნების დიდი ნაწილი აფხაზეთიდან წავიდა, ქართველები გამოდევნეს. ვინ დარჩა აფხაზეთში მართლმადიდებელი და რომელი ეკლესია არსებობს მრევლისა და სამღვდელოების გარეშე, გაუგებარია. რომელი ავტოკეფალია უნდა აღდგეს მრევლისა და სამღვდელოების გარეშე? ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე.
– ისე, აპლიას წარმომავლობაც ძალიან საინტერესოა.
– არ ვიცი, აპლიას წარმომავლობა რამდენად არის საინტერესო. ჩემთვის დიდად საინტერესო არ არის. აპლიას ნამდვილი გვარია ფილია. მერე გახდა აპლია. ის აფხაზი იყო ომამდეც და დღესაც აფხაზია. მისი წინაპრები ვინ იყვნენ, ნამდვილად არ ვიცი და არც არის საინტერესო.
– ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანებმა უფლება მისცეს რუსებს, რომ ქართული ეკლესიები გადაეღებათ, შეეთეთრებინათ. აპლია ნამდვილი მართლმადიდებელი რომ ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა ეს დაეშვა?
– მართალი ხართ, მართლმადიდებლობისა და სარწმუნოებისაგან ეს ადამიანები ძალიან შორს არიან. ამის შესახებ თავის დროზე ვამბობდი. როდესაც აფხაზები ჩრდილო კავკასიიდან მოვიდნენ საქართველოში მე-17 საუკუნეში და შემდეგ – მე-18-19 საუკუნეებში – მათ ეკლესია, საერთოდ, არ აინტერესებდათ. მაშინ აფხაზეთში ეკლესიები აბსოლუტურად დაცარიელებული იყო. გარდა სამურზაყანოსი, სადაც ილორი და ბედიაა, რომელმაც მე-18 საუკუნის ბოლოს შეწყვიტა ფუნქციონირება მაჰმადიანების მოძალების გამო. მათ ინტერესებში ეკლესია არანაირად არ შედიოდა, მაგრამ დღეს ისინი ეკლესიას ყურადღებას აქცევენ.
– დღეს რატომ აქცევენ ყურადღებას?
– მათი ყურადღება გამოწვეულია ვითომ დამოუკიდებლობის სურვილით. მათ დამოუკიდებლობა უნდათ იმ ტერიტორიაზე, რომელიც მოფენილია უძველესი ქართული ქრისტიანული (მართლმადიდებლური) ტაძრებით. თავისი უფლება ამ ტერიტორიაზე რომ დაამტკიცონ (დანარჩენ მსოფლიოს რომ დაუმტკიცონ), აცხადებენ, უძველესი ქრისტიანები ვართ, ეს ეკლესიები ჩვენი წინაპრების აშენებულიაო და ა.შ. მაშინ, როდესაც არავითარი კავშირი აფხაზეთში არსებულ ტაძრებთან მათ არ აქვთ. ე.ი. მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ აფხაზი სასულიერო პირები და აპლია მღვდლის სამოსელში.
სხვანაირად მათ საქციელში ქრისტიანობა და მართმადიდებლობა არ არის. რამდენიმე მღვდლისაგან შემდგარი ორგანიზაცია შექმნეს, დაარქვეს ეკლესია და იძახიან, უძველესი ქრისტიანული ერი ვართო. მათ ქრისტიანობა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ და არა – მართლმადიდებლობისთვის. მათი ძირითადი სარწმუნოებაა კავკასიიდან ჩამოტანილი წარმართობა.
– აპლია ამბობს, უკრაინისა და ქართულ ეკლესიებს თან სდევდა უხეში დარღვევები. აპლია ამბობს, ჩვენ არ შეგვიძლია განათლება ქართულ ენაზე, ჩვენ ვიცავთ მართმადიდებლობის სიმართლეს, სიმართლე კი რუსეთის მხარესააო. როგორ არის რუსეთის მხარეს სიმართლე?
– საერთოდ, მთელი ეს ფრაზეოლოგია აბსოლუტურად გაუგებარია. თქვენ რა გაიგეთ აქედან, გარდა იმისა, რომ ბოლოს ამბობს, სიმართლე რუსეთის მხარეს არისო. რომელ საკითხშია სიმართლე რუსეთის მხარეს? უკრაინის საკითხში თუ რომელ საკითხში, საინტერესოა.
– აპლიას მიაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც და უკრაინის ეკლესიის შემთხვევაშიც სიმართლე რუსეთის მხარესაა. თქვენ კარგად იცით უკრაინის ეკლესიის ისტორია. უკრაინის ეკლესია სცოდავს რუსეთის ეკლესიასთან?
– ახლახანს გაკეთდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ეკლესიას თავისი ავტოკეფალიის დადასტურება კონსტანტინეპოლისაგან არ გააჩნია. ასე რომ, რუსეთის ეკლესიას არ აქვს უფლება მიანიჭოს, ან არ მიანიჭოს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია. რუსეთის საპატრიარქოს ავტოკეფალიის დადასტურების არარსებობის თაობაზე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.
– ეს რას ნიშნავს?
– იმას, რასაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსაგან რუსეთის საპატრიარქოს ავტოკეფალია დადასტურებული არ აქვს. სჯობს რუსებმა ამაზე იფიქრონ, ვიდრე იმ პროვოკაციებზე, რითაც ცდილობენ განხეთქილების შეტანას მართლმადიდებლურ სამყაროში. რუსეთს, სამწუხაროდ, პრობლემები მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ სამყაროსთან აქვს. ამაში ახალი არაფერია.
– რუსეთს მესამე რომი უნდოდა გამხდარიყო და ისიც ეცლება ხელიდან, რაც აქვს.
– ძალიან რთული საკითხია. რუსეთის ეკლესია ართულებს საქმეს. ქრიატიანულ, მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი კონფლიქტი სასურველი არ არის, მაგრამ რუსეთს, სამწუხაროდ, საქმე ჩიხისკენ, კონფლიქტისა და განხეთქილებისკენ მიჰყავს.
თუ ვინმეს ეკუთვნის ავტოკეფალია მსოფლიოში, ეს არის უკრაინის ეკლესია. იყო პერიოდი, როდესაც რუსეთის ტერიტორია უკრაინის სამიტროპოლიტოს ექვემდებარებოდა. ამიტომ ვის ეკუთვნის და ვის არა ავტოკეფალია, ეს საკითხი მოხსნილია. არავინ ამბობს, რომ რუსეთს ავტოკეფალია არ ეკუთვნის, მაგრამ რატომ არ ეკუთვნის ავტოკეფალია უკრაინას, გაუგებარია. აპლიას კი არავინ არაფერს ეკითხება.
– რუსეთს, ალბათ, ვერ მოუნელებია, ოდესღაც კიევის რუსეთად რომ იწოდებოდა და რუსეთის ეკლესიაც კიევის ეკლესიას ექვემდებარებოდა.
– დიახ, ნამდვილად ასეა.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა