2019 წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება

ახალი პროექტის ფარგლებში მომავალ წელს აშშ-ში 180 ათასი ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვა იგეგმება. შედეგად, ქართული ღვინო ამერიკის 10-ზე მეტ შტატში გაიყიდება. პროექტის ფარგლებში 3 მილიონ დოლარამდე დაფინანსება „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანია „გლობალ ბრენდმა“ მიიღო. საუბარია პროექტ Lost Eden-ზე, რომელიც მიზნად ისახავს ღვინის ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი რაოდენობით შეტანასა და რეალიზებას. გამოყოფილი თანხით „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიას სურს, აშშ-ში მარკეტინგული კამპანია აწარმოოს, მონიტორინგი გაუწიოს პროცესს და უზრუნველყოს ღვინის გადაზიდვა.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული სამუშაოს შედეგად აშშ-ის ღვინის ინდუსტრიის უმსხვილესი წარმომადგენლები დათანხმდნენ პროექტის ფარგლებში წარმოებული ქართული ღვინის შესყიდვასა და რეალიზებას, კერძოდ:

• სადისტრიბუტორო კომპანია Southern Glazier’s Wines & Spirits, აშშ-ის სპირტიანი სასმელების ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორი წელიწადში 17 მილიარდი დოლარის შემოსავლით, საწყის ეტაპზე 4 შტატში: ფლორიდაში, დელავერში, პენსილვანიასა და ნიუ ჰემფშირში დაიწყებს შესყიდული ქართული ღვინის გაყიდვას.

• საცალო მოვაჭრე კომპანია Total Wine & More, აშშ-ის ყველაზე მსხვილი კერძო ალკოჰოლის მაღაზიათა ქსელი, წელიწადში 3 მილიარდი დოლარის შემოსავლით, დათანხმდა ჩვენი ღვინის შესყიდვას და საწყის ეტაპზე 8 შტატში (120 მაღაზიაში) დაიწყებს გაყიდვას.

• მსოფლიოში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინპლატფორმა wine.com ასევე დათანხმდა ჩვენი ღვინის შესყიდვას, გაყიდვასა და საკუთარ პლატფორმაზე რეკლამირებას.
განსაზღვრულია, რომ ქართული ღვინის მიწოდება ამერიკული ბაზრისთვის 2019 წლის პირველ კვარტალში უნდა მოხდეს.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო მსოფლიოში ცნობილი გახდეს. პრაქტიკულად, ღვინო არის ის უმნიშვნელოვანესი ქართული პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც მრავალი ქვეყანა გაიცნობს საქართველოს. აშშ-ის ბაზარზე წარმატება ავტომატურად განაპირობებს სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე წარმატებას. ამ ყველაფრის შედეგად კი ღვინის მაღაზიების თაროებზე ფრანგული, იტალიური, ავსტრალიური და სხვა ქვეყნების ღვინოების გვერდით გაჩნდება ქართული ღვინის სექციაც. აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის წარმატება გულისხმობს ამ ბაზარზე ყოველწლიურად, სტაბილურად დაახლოებით 12,000,000 ღვინის ბოთლის გაყიდვას”,- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018