ამაღამ მთაში ყინვა, ხვალ კი დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ამაღამ მთაში ყინვა, ხვალ კი დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელიამაღამ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ყინვა, ხვალ კი, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარა, თუმცა ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მ/წმ–ში იქნება. ასევე, გორი–სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარე 17–22 მ/წმ–შია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ხვალ დღისით ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, პირიქით დაიკლებს და 13–18 გრადუსი იქნება, თბილისში – 17 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება და ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

ამასთან, ამაღამ მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვა იქნება და 0,–5 გრადუსი დაფიქსირდება.

8 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში დათბება, თუმცა აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 24–29 გრადუსია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოში კი 16–23 გრადუსი იქნება, თბილისში – 20 გრადუსი.

ინტერპრესნიუსი