აფეთქება რუსთავში – 12 ადამიანი დაშავდა

აფეთქება რუსთავში - 12 ადამიანი დაშავდარუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანია დაშავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა.

„მიმდინარეობდა ავტოფარეხის სადემონტაჟო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ამ მომენტისთვის რუსთავის ორ საავადმყოფოში გადაყვანილია 12 პიროვნება სხვადასხვა სახის დაზიანებით. ცხრა პიროვნება არის ე.წ. აზოტის საავადმყოფოში, სამი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი არავინ არის. შეტყობინებიდან ოთხ წუთში ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ადგილზე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთი, მცირეწლოვანი ბავშვი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ.

აფეთქების შედეგად, სამ საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრის მინები თითქმის სრულად არის არის ჩამსხვრეული ან დაზიანებული, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა კორპუსებიდან ევაკუირებულია.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აფეთქება დღეს მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.