აზერბაიჯანელმა ქალმა ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა

აზერბაიჯანელმა ქალმა ლონდონის პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯადიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის“ ყოფილი ხელმძღვანელის მეუღლეს მრავალმილიონიანი ქონების წარმომავლობის დადასტურებას სთხოვს. ზამირა ჰაჯიევა პირველია, ვის წინააღმდეგაც ლონდონმა ახალი ანტიკორუფციული კანონი აამოქმედა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

გამოძიების ინფორმაციით, ჰაჯიევამ ათი წლის განმავლობაში პრესტიჟულ მაღაზიაში 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. მან ასევე შეიძინა ფეშენებელური სახლი და გოლფის მოედანი ბერკშირში, რაც ასევე სოლიდურ თანხად არის შეფასებული.

დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ზამირა ჰაჯიევა ცნობილი ბრენდის სამკაულსა და ტანსაცმელში ასობით ათას გირვანქა სტერლინგს ხარჯავდა. მაგალითისთვის, Cartier-ში მან ერთ დღეში 100 000 ფუნტ სტერლინგად შეფასებული ძვირფასეულობა იყიდა.

გამოძიების მიხედვით, აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლმა სხვადასხვა დროს, მისი მეუღლის ბანკის მიერ გამოშვებული 35 საკრედიტო ბარათი გამოიყენა.

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ჰაჯიევას და მის მეუღლეს ქონებისა და შემოსავლის წყაროს დადასტურება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ ქონებას ჩამოართმევენ.

თავად ჰაჯიევა ამტკიცებს, რომ ის და მისი მეუღლე უდანაშაულოები არიან.