ჩასვამენ თუ არა გუკა რჩეულიშვილს ისევ ციხეში – მარინე ცუცქირიძე: “ოქტომბერში საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს” 

ჩასვამენ თუ არა გუკა რჩეულიშვილს ისევ ციხეში - მარინე ცუცქირიძე: "ოქტომბერში საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს" გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუკი 4 ნოემბრამდე “ცენტრ პოინტის” საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს.
როგორც უკვე ცნობილია “ცენტრ პოინტმა” ხელშეკრულება გააფორმა სამშენებლო კომპანია “ემ კვადრატთან” და დაზარალებულებსაც სწორედ “ემ კვადრატი” დააკმაყოფილებს. იყო მოლოდინი, რომ პროცესი ოქტომბრის დასაწყისს არ გადაცდებოდა, თუმცა ჯერაც არ არის ცნობილი, როდის მოხდება საპროცესო შეთანხმება და გამოუშვებენ თუ არა მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს.
“ახალი თაობა” აღნიშნულის გასარკვევად რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატ მარინე ცუცქირიძეს ესაუბრა.
– ქალბატონო მარინე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა გუკა რჩეულიშვილი კვლავ საპატიმროში აღმოჩნდეს. რატომ. რა შეიცვალა?
– არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. რატომ გაჩნდა ეს ინფორმაცია. არ ვიცი. მიწა, რომელიც უნდა გადავცეთ “ემ კვადრატს”, უკვე მზად არის გადასაცემად, უკვე დამტკიცებულია, რომ უნდა გადაეცეს და მხოლოდ უმნიშვნელო ტექნიკური დეტალი დარჩა. შემოდის “ემ კვადრატი” და ხუთ ობიექტზე იწყებს მშენებლობას.
– მაშინ რას უკავშირებთ ამ ინფორმაციის გავრცელებას?
– შესაძლოა, იმიტომ გაჩნდა ეს ინფორმაცია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის გაიწელა დრო. არც მე ვიცი მიზეზი. თუ რატომ გაჩნდა. ჩვენ ამ საკითხზე არ ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას.
– ბათუმის მაგნოლიას უკავშირდებაო…
– დიახ, ბათუმის მაგნოლიაზე უკვე ბევრჯერ გადაიდო პროცესი შეთანხმების და, შესაძლოა, ამიტომაც გაჩნდა ეს ინფორმაცია, რომ თუ ვერ შედგა ეს შეთანხმება, შესაძლოა, დააპატიმრონო, მაგრამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე.
ვადები იწურება საპროცესო შეთანხმების, ცოტა დრო დაგვრჩა და მოსამართლე გვაჩქარებს, რომ სწრაფად მოხდეს შეთანხმების გაფორმება. შესაძლოა, ამანაც გამოიწვია ამ ხმების გავრცელება. ხოლო რეალურად რაიმე ისეთი პრობლემა არ არსებობს.
– ანუ თუ ვერ მოესწრო საპროცესო შეთანხმება კონკრეტულ ვადებში, იმ შემთხვევაში დააბრუნებენ გუკა რჩეულიშვილს საპატიმროში?
– სასამართლოს აქვს თავისი ვადები და ამ ვადებში უნდა ჩავეტიოთ, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რომ ეს ვადა უკვე ამოიწურა. უბრალოდ, მოსამართლემ შეგვახსენა, რომ ცოტა სწრაფად გავაფორმოთ საპროცესო შეთანხმება. ჩვენც დავაჩქარეთ პროცესები. ადრეც სწრაფად ვაკეთებდით, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული მექანიზმია მერიაში და სხვადასხვა სტრუქტურებში, ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ეს პრობლემაა მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ვადებში ჩავეტევით.
– სექტემბრის მეორე ნახევარში გუკა რჩეულიშვილი თამამად საუბრობდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და რომ ოქტომბრის დასაწყისს არ გადასცდებოდა მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლების საკითხი. ამ კუთხით რა ხდება?
– ეს ყველაფერი ერთი მთლიანობაა. ერთიანად უნდა გაკეთდეს ყველა საქმეზე საპროცესო შეთანხმება. მაია, რუსუდანი და გუკა, სამივეზე ერთიანად მზადდება საპროცესო, ცალკე გუკაზე კი არ ვაკეთებთ. ერთიანად უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სექტემბრის ბოლოს ამ მიწის გადაცემას მოვახერხებდით, “ემ კვადრატი” შემოვიდოდა და საშუალება მოგვეცემოდა, საპროცესო გაგვეფორმებინა და ამით დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ მიწის გადაცემა.
– რატომ, რამ შეგიშალათ ხელი?
– ჯერ რაღაცა სხდომებზე იყო ეს საკითხი გასატანი, საკრებულოში, რაღაც სხვადასხვა ბიუროკრატიული მექანიზმები იყო, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს არის მერიის და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების გასაკეთებელი საქმეები და ეს ყველაფერი დროში ძალიან გაიწელა.
მერწმუნეთ, სხვა არაფერი პრობლემა არ ყოფილა. მზაობა არის ორივე მხრიდან – შეთანხმდნენ “ემ კვადრატიც” და “ცენტრ პოინტიც” და მეტი რა გითხრათ.
პროკურატურიდანაც არის გვერდში დგომა, გველოდებიან, გვეხმარებიან. ჩვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, აქამდე ყველფერს გავაკეთებდით, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ადმინისტრაციულ ორგანოებთან არის გასაკეთებელი და მას თავისი ვადები აქვს. ახლა ჩვენ გამო კანონში ცვლილებას ვერ შეიტანენ და ამ ვადებს ვერ შეამცირებენ.
– სავარაუდოდ, რამდენ ხანს შეიძლება, რომ ეს პროცესი გაიწელოს?
– მე ვფიქრობ, რომ ოქტომბერში ყველაფერი უნდა დამთავრდეს, რადგან სასამართლო 4 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა