დინა მირცხულავა – “ამ ქვეყანას მე და თქვენ არ ვჭირდებით… მე და თქვენ არავისი შვილი არ ვართ”

დინა მირცხულავა - "ამ ქვეყანას მე და თქვენ არ ვჭირდებით... მე და თქვენ არავისი შვილი არ ვართ"დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

“ყველაფერში დამჭირდა და არაფერში დავჭირდიო, სამშობლოზე აქვს ვიღაცას ნათქვამი…
ყველაზე საშინელი განცდაა, როცა იცი, რომ შენს ქვეყანას, ქალაქს, სოფელს შენ არ სჭირდები…
იცი კი არადა, გრძნობ ამას ყველა მოსახვევში და ყველა ფეხის ნაბიჯში…
ქალს ვიცნობ, მეცნიერებაში მიღწეული ისეთი წარმატებებით, რომ ნორმალურ ქვეყანაში, ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ გადაიხდიდა არსებობისათვის საჭიროს, რომ უბრალოდ ლაბორატორიაში ათასში ერთხელ შეევლო და ახალგაზრდებისათვის გამოცდილება გაეზიარებინა…
– ჩემმა ქვეყანამ მაშიმშილაო- შემომჩივლა.
ჩაალაგა ჩემოდანი და წავიდა.
მასწავლებელს ვიცნობ ასეთი ისტორიით…
ისტორიკოსს…
არქეოლოგს…
გეოლოგს…
ბევრს ვიცნობ, ძალიან ბევრს.
მეც “ჩემოდნებზე შემომსხდარი” თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც ავად გახდომის, დოლარის კურსის ცვლილების და ტელეფონზე შემოსული ნებისმიერი უცხო ზარის ეშინია…
მე ვხედავ, რომ ჩემს ქვეყანაში პროფესიონალები სახლებში სხედან…
მე ვმუშაობ მიზერულ ხელფასზე და ისე ვანაწილებ საკუთარ თავს “ფოკუსნიკს” ვეძახი.
სამაგიეროდ ის, ვინც ელემენტარულად სიტყვა “ყველა” – ს ვერაფერს უხერხებს და “ყველა პარლამენტის” წევრია სწორი თუ “პარლამენტის ყველა წევრი” – ზის დიდ ტელევიზიაში და ჩემი ხელფასის ათმაგი აქვს…
იმიტომ რომ ამ ქვეყანას მე და თქვენ არ ვჭირდებით…
მე და თქვენ არავისი შვილი არ ვართ.
ნებისმიერ სამუშაო ადგილას, სადაც არ უნდა მიხვიდე, პირველი კითხვაა –
– გამოცდილება გაქვთ?!
თუ არასოდეს მიმიღებ, სად და რანაირად დავაგროვო ?!
– იცით, მაშინ გამოცდა უნდა ჩააბაროთ!
თუ იმ სფეროში არ მამუშავე, გამოცდა რანაირად ჩავაბარო ?!
იწვალე, ისწავლე, ელოდე უკეთეს მომავალს და როგორც აქ წერდა ვიღაც – იქ, სადაც არჩევანი უნდა გაკეთდეს პირობითად ნიჭიერ ქეთისა და კომპანიის დამფუძნებლის მეჯვარე გელაზე – უსათუოდ გელას აირჩევენ…

ჰოდა, ჩემოდნებზე ვსხედვართ ის ადამიანები, ვინც მართლა ვჭირდებით ქვეყანას….”