გია ხუხაშვილი – “არჩევნებში უხეში ჩარევა იქნება ბოლო ნაბიჯი უფსკრულისკენ, საითაც “ოცნება” მიექანება”

გია ხუხაშვილი - "არჩევნებში უხეში ჩარევა იქნება ბოლო ნაბიჯი უფსკრულისკენ, საითაც "ოცნება" მიექანება"პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო გია, არსებობს ასეთი მოსაზრებები, რომ არც ერთი ის არჩევნები, რომელიც აქამდე “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა, არ ჰგავს ამ არჩევნებს. ოპოზიციას პირველად ეძლევა შანსი, რომ გარდატეხა შეიტანოს ან მოიგოს კიდეც, რომ ოპოზიცია აღარ არის ისეთი სუსტი, როგორც აქამდე იყო. თქვენი პოზიცია როგორია?
– ამ ლოგიკას არ დავეთანხმები. საქმე იმაში კი არ არის, რომ ოპოზიცია გაძლიერდა. საქმე იმაშია, რომ “ქართული ოცნება” მუდმივი დეგრადაციის პროცესშია. პარალელურად ოპოზიციაც დეგრადირდება. არანაირი ავტორიტეტი არ ემატება, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ “ქართული ოცნებისადმი” ნდობა უფრო სწრაფი ტემპით ეცემა, შესაბამისად, ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან.
მთავარი ის არის, რომ მთელი პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური, ღრმა კრიზისშია. შესაბამისად, ამ არჩევნებზე ხელისუფლებას მეტი პრობლემა ექმნება. ფაქტობრივად, “ქართული ოცნება” არა ნატურალური ამომრჩევლის, არამედ ადმინისტრაციული რესურსის იმედად არის დარჩენილი. ხალხს ცხვრებივით შეყრიან და ხმას იმ კანდიდატისთვის მიაცემინებენ, ვინც აწყობთ. ამომრჩეველს იყიდიან, ამის იმედად არის დღეს ხელისუფლება.
დღევანდელი რეალობის ტრაგიკომედია იმაშია, რომ ერთი მხრივ სალომე ზურაბიშვილის მოგება პრობლემატურია, მაგრამ მეორე მხრივ გაუგებარია, ვისთან უნდა წააგოს!
– მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს?
– მისი მოწინააღმდეგეები უფრო მეტი ლეგიტიმაციით არ სარგებლობენ. დღეს ამომრჩეველი ფიქრობს, რომ მას საერთოდ არ აქვს არჩევანი. ლეგიტიმური კანდიდატი, რომელსაც სახალხო მხარდაჭერა აქვს, არ არსებობს. ასეთ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
– სახელისუფლო რესურსზე საუბრობდით, რომ ვიღაცეებს იყიდიან, მაგრამ რამდენად დაუშვებს ამას საერთაშორისო საზოგადოება?
– სახელისუფლო რესურსი სხვადასხვა ტიპის არის. არის პირდაპირი, უხეში ჩარევა არჩევნების დღეს და სასურველი შედეგის მიღება ამ გზით. არის ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი და მზად არის, ერთჯერადი კონტრაქტით გაიყიდოს.
– რას გულისხმობთ?
– მაინცდამაინც ფულის გადახდას არა, არამედ რაღაც სიკეთეებს, მაგალითად, გზის მიყვანას, წყლის შეყვანას, შვილის დასაქმებას და ა.შ. ამის საშუალებები ყველა ხელისუფლებას აქვს. ამის გამო არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება საკმაოდ რთულია.
ამ დროს ამომრჩეველი იყიდება არა იმის გამო, რომ ეს მისი განვითარებისთვის კარგია, მას არავისი არ სჯერა, ის ფიქრობს, არც ოპოზიცია არ უქნია ღმერთს. შესაბამისად, თავის თავში მორალურ გამართლებასაც პოულობს.
ეს მოცემულობა გვაქვს, რომელიც ამ არჩევნებზე განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა. ეს არის ვირტუალური არჩევნები, რომელსაც არჩევნები არ შეიძლება დავარქვათ. ეს უფრო არის რეალითი შოუ “პრეზიდენტი”.
– რატომ არის რეალითი შოუ?
– იმიტომ, რომ ამომრჩეველს არავისი არ სჯერა. პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის კანდიდატებთან და მხოლოდ ტელევიზორიდან ადევნებს პროცესს თვალ-ყურს.
– არჩევნების შედეგებზე ღია ჩარევა მოხდება? ხელისუფლება ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს?
– მე იმედი მაქვს, რომ ამას არ გააკეთებს!
– რადგან შეიძლება ძვირად დაუჯდეს?
– რასაკვირველია. ეს იქნება ბოლო წვეთი. ბოლო ნაბიჯი უფსკრულისკენ, საითაც, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” მიექანება. არჩევნების შედეგებზე თუ აშკარა ჩარევა მოხდება, მაშინ გადასახდელი ფასი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა