გია ხუხაშვილი – “ბიძინა ივანიშვილმა ლიდერობა დაკარგა… პატარკაციშვილის ლიკვიდაცია სააკაშვილისთვის წამგებიანი იქნებოდა”

გია ხუხაშვილი - "ბიძინა ივანიშვილმა ლიდერობა დაკარგა... პატარკაციშვილის ლიკვიდაცია სააკაშვილისთვის წამგებიანი იქნებოდა”რატომ ვერ დაბრუნდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში, როგორ დაკარგა ივანიშვილმა ლიდერობა, ვის ინტერესებში იყო პატარკაციშვილის მოშორება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
– ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის ჩანაწერების ომი მიდის. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ომი და რა შედეგს მოიტანს ის ან ერთი ან მეორე მხარისთვის?
– ნაციონალური მოძრაობა ამ ჩანაწერებით არანაირად არ ზიანდება. რა კომპრომატიც არ უნდა გამოაგდოს ხელისუფლებამ, ამაზე რეაქცია აღარ იქნება – ხალხს ნაციონალებისთვის დიაგნოზიც დასმული აქვს და 2012 წელს განაჩენიც გამოუტანა. შესაბამისად, რაც არ უნდა გამოვიდეს ხელისუფლების მხრიდან, მათი დამატებით დაზიანება არის შეუძლებელი.
“ქართულ ოცნებას” რაც შეეხება, ამ ჩანაწერებით მათ პრაქტიკულად დაკარგეს მორალური სახე. ამ ჩანაწერებით პრაქტიკულად დადასტურდა ეჭვები იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია მიმართავდა ყველა იმ მანკიერებას, რასაც ნაციონალები იყენებდნენ და რისთვისაც ისინი თავის დროზე გავისტუმრეთ.
ხელისუფლება ამ ჩანაწერებზე ან არ რეაგირებს, ან რეაგირებს, მაგრამ ძალიან ბრიყვულად, რაც ამ ეჭვებს ადასტურებს. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელი რამ არის და არ მესმის, როგორ ვერ ხვდებიან ამას.
ნაცვლად იმისა, რომ სისტემურ პრობლემას სისტემური პასუხი გასცენ, რაღაც არარეალისტურ და ბრიყვულ ისტორიებს თხზავენ, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ფაქტიურად ადასტურებენ, რომ რაღაცა ხდება ხელისუფლებაში.
მათ მოქმედებებს, მართალია, სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ჩემთვისაც კი ასეთი დეგრადაცია და დეკვალიფიკაცია გასაოცარია პირდაპირ.
– ხელისუფლების მიმართ სკეპტიკურად იყავით განწყობილი, მაგრამ გქონდათ ივანიშვილის იმედი. ისევ გაქვთ მისი იმედი, რომ ვითარებას გამოასწორებს?
– კიდევ მაქვს მცირე იმედი, რომ დაინახავს, თუ რამხელა პრობლემის წინაშე დგას. ეს პრობლემა ახლა რომც გადატეხოს, გრძელვადიან პერსპექტივაში “ქართული ოცნება” დამთავრებულია.
იმედი მრჩება, მაგრამ უკვე მიჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ის ლიდერი. ვფიქრობ, რომ ის ლიდერის ფუნქციებს ვეღარ ასრულებს.
რა არის ლიდერი? ლიდერი არის ადამიანი, რომელიც პრობლემას თვალს უსწორებს და მას წყვეტს. ადამიანი თუ ამას არ აკეთებს, ის კარგავს ლიდერის ფუნქციას და სისტემის რიგითი ნაწილი ხდება.
– ივანიშვილზე რიგითის თქმა ცოტა ძნელია.
– კი ბატონო, ის ისევ რჩება ძალის ცენტრად, მაგრამ ლიდერის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.
– აბა ვინ არის “ოცნებაში” ლიდერი?
– “ოცნებაში” ლიდერი არ არსებობს. არა მხოლოდ პარტიული ლიდერი არ არსებობს, არამედ სახელმწიფოებრივი ლიდერების დეფიციტია ქვეყანაში. მთელი პოლიტიკური ელიტა ძალიან ღრმა კრიზისშია.
ერთადერთი ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იმის რესურსები, რომ ამას შეწინააღმდეგებოდა, დაენახა სახელმწიფოებრივი საფრთხეები და რაღაც ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მარტივ სიტუაციებშიც კი ის ვეღარ ან აღარ მოქმედებს.
შესაბამისად, დიაგნოზი ორნაირია – ან დაიღალა და ხელი ჩაიქნია, ან არა და სისტემის მძევალია და არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია.
– თქვენ შეთქმულებების თეორიები არ გიყვართ, მაგრამ არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ივანიშვილის უმოქმედობა ხელისუფლების გადაბარებას უკავშირდება.
– ეს არის შეთქმულების თეორია. ეს საქართველოა და საქართველოში ხელისუფლების გადამბარებელი ადამიანი არ მეგულება. ადამიანებს ძალაუფლება ძალიან უტკბებათ და, რაც მთავარია, მერე თავი უკვდავები ჰგონიათ და იჯერებენ, რომ სულ ხელისუფლებაში იქნებიან.
საქართველოში არასდროს მომხდარა, რომ თავისი ნებით ვინმემ ვინმეს რაიმე გადააბაროს.
– რამდენიმე დღის წინ თქვენ ამბობდით, რომ სიტუაციის გადარჩენა ვიღაცების თავების დაგორებით შეიძლებოდა. მის მერე კიდევ ბევრი რამე მოხდა და თავების დაგორება ვეღარ გადაარჩენს სიტუაციას?
– ივანიშვილის მიმართ გარკვეული სენტიმენტები მაქვს, მეტსაც გეტყვით, ჩვენი ურთიერთობიდან და განვლილი გზიდან გამომდინარე, მის მიმართ ადამიანური ვალდებულებებიც გამაჩნია. ადამიანურ პრიზმაში მისი ბედი ჩემთვის სულერთი არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ პრიზმას, მე უკვე დავკარგე იმის იმედი, რომ მას რამის გაკეთება შეუძლია.
ეს ძალიან დრამატულია. სანამ ის, როგორც ლიდერი, არსებობდა, მცირე იმედი მაინც მქონდა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ახლა ამ იმედს საბოლოოდ ვკარგავ. ეს ჩემთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა.
– ამ ფონზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ, რომ შეიძლება ხელისუფლებაში ნაციონალები დაბრუნდნენ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, დაბრუნდებიან ნაციონალები?
– პირდაპირ გეტყვით, ნაციონალების დაბრუნებას არ ველოდები. ისინი ჩაკეტილ სისტემაში მუშაობენ.
ვთქვათ, მოვლენები ფანტასტიკური სცენარის მიხედვით განვითარდა და მათ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგეს, მერე რა?!
ისინი ამ არჩევნებს იმის გამო კი არ მოიგებენ, რომ მაღალი ნდობა აქვთ, არამედ იმიტომ მოიგებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიკეთა ხარაკირი. ხარაკირის გარდა, სხვას ვერაფერს დავარქმევ იმ სიბრიყვეებს, რასაც მმართველი პარტია აკეთებს.
ასე რომ, ნაციონალებმა შეიძლება მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ პრეზიდენტი არ არის ხელისუფლების ცვლილება.
არც მაშინ შეიცვლება რამე, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
ის, რაც ახლა ხდება, აღარ არის არჩევნები. ეს არის რეალითი შოუ. ამომრჩეველს პოლიტიკურ ელიტასთან ყველა სახის კომუნიკაცია დაკარგული აქვს. ხალხს არავინ არ მოსწონს, არავინ არ აინტერესებს. არჩევნებზე ვინც წავა, წავა ერთჯერადი კონტრაქტით. ეს არ იქნება ხმის მიცემა, ეს იქნება ხმის გადაგდება სარგებლის გამო.
– რა სარგებლის გამო?
– გაზი გამიყვანე, ვიღაცა დამისაქმე, ამის გამო. შესაბამისად, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ნორმალური, სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება. ამიტომაც ეს არის რეალითი შოუ პრეზიდენტი.
გარდა იმისა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს სახალხო ლეგიტიმაცია არ ექნება, მას არც უფლებები აქვს. მხოლოდ დიდ სახლში იცხოვრებს. ან ქალი იქნება ის ვიღაც, ან კაცი. ჩემი აზრით, სულერთია, ვინ იქნება.
არჩევნებზე რაც არ უნდა შედეგი დაიდოს, ეს “ქართული ოცნების” დეგრადაციას ვერ შეაჩერებს. ის გაგრძელდება და 2020 წელს ფატალურად დამთავრდება.
ასე თუ გააგრძელეს და შინაგანი რესურსი არ იპოვეს,სისტემური ცვლილებისთვის, 2020 წელს მარცხისთვის არიან განწირული. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოლიტიკური ალტერნატივა ჯერ არ ჩანს.
– ბადრი პატარკაციშვილზეც მინდა გკითხოთ. ხელისუფლებამ დიდი სიამაყით გვამცნო მასთან დაკავშირებით საქმის გახსნა. პატარკაციშვილი თქვენი მეგობარი იყო და ამ ამბით დიდი აღფრთოვანება არ გამოგიხატავთ. სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც 2007 წელს პატარკაციშვილის ნეიტრალიზება სურდათ, დღევანდელ ხელისუფლებაშიც არიან წარმოდგენილი.
– ბადრის ნეიტრალიზაცია იყო მაშინდელი ხელისუფლების ამოცანა. ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ. მის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი სისტემა მონაწილეობდა. დღევანდელი ხელისუფლების ყველა შტო იმ სისტემის ნამსხვრევებით არის გაჯერებული.
ამ ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ბადრი და ზურაბ ჟვანია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ამ საქმეების გამოძიების ნება კი არა აქვთ, არამედ არჩევნების წინ ნაციონალების წინააღმდეგ კომპრომატად იყენებენ.
მე ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი ფარსი და ეს დღესაც გრძელდება. სოციალურ ქსელში დავწერე და აქაც ვიტყვი, რომ ფარისევლები ბადრის საფლავზე ცეკვავენ. აი, ასეთ სახეს ატარებს ეს ყველაფერი.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ბადრის ნეიტრალიზებით ნაციონალები, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყვნენ და რაღაცებს გეგმავდნენ. ის, რომ ამ იდიოტებმა რაღაც განახორციელეს, ამისგან შორს ვარ.
ბადრი თუ მოკლულია, ის ბევრად უფრო სერიოზული ძალების მიერ არის მოკლული და არა – ამათ მიერ. ჯერ ისიც დასადგენია, რომ ის მოკლულია, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ.
მე ვიყავი ბოლო ადამიანი, ვინც თბილისში ბადრი ნახა. 2007 წლის 3 ნოემბერს შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. შეხვედრა მან მთხოვა. ამის მერე ის გაფრინდა და თბილისში აღარ დაბრუნებულა.
ეს ადამიანები რომ ბადრის ლონდონში მიწვდნენ და სკოტლანდ იარდმა ამაზე ვერაფერი გაიგო, ეს იმდენად სასაცილო თემაა, რომ მისი კომენტირებაც კი ზედმეტია. მე ყველაზე მეტად გულისამრევ ფარისევლობაზე მეშლება ნერვები.
– ზემოთ აღნიშნეთ, ყოველი არჩევნების წინ ახსენებენ ჟვანიას და პატარკაციშვილის საქმეებსო. როდემდე უნდა ივაჭრონ მიცვალებულებით?
– სანამ იქნებიან, ყოველი არჩევნების წინ გაახსენდებათ, როგორც კი არჩევნები გაივლის, ერთიც და მეორეც ყველას დაავიწყდება.
იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს ყველაზე მეტს ყვირის ბადრის საქმეზე, მისი ნეიტრალიზების თანამონაწილე იყო.
ამ საქმეს პოლიტიკური ლოგიკითაც შევხედოთ. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე პერიოდში (ბადრი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა) მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას ბადრის ლიკვიდაცია არაფერში სჭირდებოდა. ახლავე გეტყვით, რატომაც, ბადრის ლიკვიდაციის შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდა ლევან გაჩეჩილაძე.
მიშა სააკაშვილი არ არის ისეთი იდიოტი, რომ ამას ვერ მიმხვდარიყო. მის ინტერესებში იყო ბადრის დისკრედიტაცია და არა – ლიკვიდაცია. პატარკაციშვილის დისკრედიტაცია მათ მოახერხეს და ეს კოდუას ჩანაწერით მოახერხეს. ამ ჩანაწერის გარშემო შეთქმულების თეორია განავითარეს.
ბადრის მკვლელობას აზრი 2007 წლის 2 ნოემბრამდე ჰქონდა. ვიღაც ბრიყვები შეიძლება რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ 2 ნოემბრის შემდეგ მისი ლიკვიდაცია სააკაშვილისთვის, პოლიტიკური ლოგიკით, წამგებიანი იყო. ის ასეთ შემთხვევაში აუცილებლად წააგებდა არჩევნებს.
– არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა, პატარკაციშვილი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
– არჩევნების შემდეგ მის ლიკვიდაციას რაღა აზრი ჰქონდა, მიშას შედეგი უკვე მიღებული ჰქონდა, საპრეზიდენტო არჩევნები მოგებული იყო.
– პატარკაციშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, დღეს საქართველოში როგორი ვითარება იქნებოდა?
– ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, ამ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა