გია ნოდია – ”პატარკაციშვილის სიკვდილზე საქმის აღძვრა სხვა თემების გადაფარვის მცდელობაა”

გია ნოდია - ”პატარკაციშვილის სიკვდილზე საქმის აღძვრა სხვა თემების გადაფარვის მცდელობაა”საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას, რომ მთავრობის მეთაურმა სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც მონაწილეობის მიღებას გიორგი მარგველაშვილიც ითხოვს, პრემიერი გამოეხმაურა. მან პრაქტიკულად უარყო პრეზიდენტის შემოთავაზება და განაცხადა:

_ საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს, _ თქვა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:

_ ბატონო გია, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს შესთავაზა მთავრობის სხდომის მოწვევა ჩანაწერების თემაზე, სადაც მონაწილეობას პრეზიდენტმაც მოითხოვა. „ოცნებამ“ უარი უთხრა. რა შეფასებას გააკეთებთ?

_ გასაგებია, რომ „ოცნებას“ უნდა ეს სკანდალური ჩანაწერები ჩათვალოს არასერიოზულად და ცდილობს, რომ მას არ მიენიჭოს რაიმე მნიშვნელობა. ეს არის მისი სტრატეგია. სტრატეგია, რომ ეს არის ღიმილისმომგვრელი და სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ. ეს არის დადგმული და ა. შ. ეს არის მმართველი გუნდის გზავნილი. ამ გზავნილიდან გამომდინარე ლოგიკურია ის, რასაც ამბობენ.

თუ არასერიოზულია, რა საჭიროა, მთავრობის სხდომა მიეძღვნას ამ საკითხს. მით უმეტეს პრეზიდენტის მონაწილეობით.

_ პრეზიდენტმა ხორავას ქუჩის ტრაგედიასა და გირგვლიანის საქმეზე პარალელები გაავლო, „ოცნებაში“ მწვავედ გამოეხმაურნენ ამ თემას და თქვეს, რომ ამ საქმეზე ტოლობის ნიშანი არ უნდა დაისვას.

_ „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მით უმეტეს როგორ შეიძლება ეს საქმე გირგვლიანის საქმესთან იყოს შედარებული. ამ კონტექსტში მათი ეს რიტორიკა გასაგებია.

_ თქვენი შეფასებით, ხელისუფლება დღეს სირაქლემას პოზიციაში ხომ არ არის?

_ რა თქმა უნდა გარკვეულწილად ასე გამოდის.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტმა თავისი პოზიციის გამოხატვა დააგვიანა? დიდხანს დუმდა.

_ რა თქმა უნდა. პრეზიდენტი ერთგვარად მილევად რეჟიმშია. ანუ როგორც ჩანს, მან პრაქტიკულად ჩათვალა, რომ დამთავრდა მისი პრეზიდენტობა. ამის ნიშანი იყო ისიც, რომ მან პრაქტიკულად უარი თქვა უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დასახელებაზე. ეს იყო მისი მოვალეობა. გიორგი მარგველაშვილმა მისი, როგორც პრეზიდენტის, მოვალეობა არ შეასრულა.

არ არის მთლად გასაკვირი, რომ მან მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია დიდხანს არ გააკეთა. ის რეაქციაც, რაც გააკეთა, მთავრობის სხდომის მოთხოვნა და ა. შ. ეს ერთგვარად მოვალეობის მოხდა იყო. ხალხმა დაიწყო ლაპარაკი, რომ სად წავიდა პრეზიდენტი. მისი დაცინვა დაიწყო და ეს მისი პოზიცია აქედან გამომდინარეობდა. მას რაღაცა უნდა ეთქვა, რაღაცა უნდა გაეკეთებინა და ეს რაღაცა თქვა.

_ ანუ საზოგადოებრივი პროტესტის თუ დაცინვის პასუხი იყო?

_ რასაკვირველია.

_ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების ასეთ პოზიციას რა პასუხი უნდა მოჰყვეს?

_ ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ცხადია, ეს არის საარჩევნო პასუხი. ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი, რაც საზოგადოებამ უნდა გასცეს, ეს არის არჩევნების შედეგი. არჩევნები მოახლოებულია. გასაგებია, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში არ არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ ძალიან დიდი სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს.

ხალხს ეს ბერკეტი აქვს უახლოეს 2 კვირაში. გარდა ამისა, არსებობს პროტესტის სხვადასხვა საშუალებები. ამის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით ამგვარი პროტესტისთვის ხალხი განწყობილი არ არის.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ხალხი არჩევნების შედეგს ელოდება და პროტესტის სხვა ფორმები შემდეგ იყოს გამოყენებული?

_ ხალხი თვითონ უნდა წავიდეს არჩევნებზე და თვითონ უნდა დააყენოს ის შედეგები, რა მოლოდინიც საზოგადოებაშია. მაგრამ, გასაგებია, რომ მოლოდინი ყველა მხრიდან არის ის, თუ რამდენად მოახდენს ეს სკანდალები გავლენას იმ განწყობაზე, რომლითაც ისინი წავლენ არჩევნებზე.

_ თუ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, ხელისუფლების ჩამოშლის ეტაპი დაიწყება?

_ დიახ, ნამდვილად ასე იქნება აღქმული. გასაგებია, რომ თვითონ პრეზიდენტს ბევრი ბერკეტი არ აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ხალხის აღქმა ასეთი იქნება, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი.

_ პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე პროკურატურამ საქმე აღძრა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, როგორმე გადაფაროს ჩანაწერების თემა?

_ რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში სხვა შეფასების გაკეთება ძალიან რთულია, რომ ამ მომენტში სხვა გარემოება გამოიკვეთა. პატარკაციშვილის გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში და იქ არავინ დავობს და არავის მოსდის თავში აზრად, რომ მისი სიკვდილი არაბუნებრივი მიზეზებით ახსნან და უცბად საქართველოს ხელისუფლება ასეთ საქმეს იწყებს.

ეს ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს გადაფარვა უნდა იმ თემების, რაც საზოგადოებაშია.

_ ნიკა გვარამიამაც დაწერა პოსტი სოციალურ ქსელში. მან თქვა, რომ არ იცის, მოკლეს თუ არა პატარკაციშვილი, მაგრამ თუ მოკლეს, ამაში ფულს გადაიხდიდა ბიძინა ივანიშვილი.

_ ეს არ ვიცი. არც ნიკა გვარამიას პოსტი არ მინახავს. ამას არც აქვს მნიშვნელობა. მთავარია ხელისუფლების ქმედება. მე მგონია, რომ პატარკაციშვილი გარდაიცვალა იმით, რასაც ამბობენ. ანუ რაც იყო ოფიციალური ვერსია _ გულის შეტევა თუ რაც იყო. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არა მგონია, რომ ბრიტანეთის პოლიციას ეს ასე ადვილად გამოეპარებოდა.

_ თუ ხელისუფლება წავა სხვა გზით, იქნება ეს გაყალბება თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგს ხომ არ მოუტანს ხელისუფლებას?

_ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე წასულია და ყოველთვის მიდიოდა. აშკარად თვალსაჩინო გაყალბებაზე რომ წავიდეს, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან სახიფათოა. არამარტო ხელისუფლებისთვის, არამედ ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის. ეს ხელისუფლების ლეგიტიმურობას პრაქტიკულად ეჭვის ქვეშ დააყენებს.

კონკრეტულად რა ნაბიჯები მოჰყვება ამას არ ვიცი, მაგრამ არის ხიფათი, რომ დესტაბილიზაცია მოჰყვება ამას.

_ რევოლუციური სცენარის მოლოდინი გაქვთ?

_ ყოველ შემთხვევაში, ასეთი სცენარის მცდელობა იქნება. მაგრამ ამას ასეთი სცენარიც რომ არ მოჰყვეს და რევოლუციაც რომ არ მოხდეს, ეს მაინც წყალს შეუყენებს ხელისუფლების ლეგიტიმურობას და მთლიანად ქვეყნის იმიჯზე ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს.

_ იქნება მეორე ტური?

_ მეორე ტური ნამდვილად უნდა იყოს. ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ მეორე ტური არ იყოს. მაგრამ მთავარი საკითხი ეს არ არის. მთავარია, როგორ ჩატარდება არჩევნები. რა შედეგი ექნება და რამდენად ლეგიტიმურად ჩათვლიან ამ შედეგს, რა შედეგიც არ უნდა დადგეს. ვგულისხმობ ხელისუფლების საწინააღმდეგო მხარეებს.

_ ხელისუფლების პოზიციიდან გამომდინარე რა მოლოდინი გაქვთ?

_ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ გაიმარჯვოს. რამდენად შორს წავა, ეგ არ ვიცით. არის საფრთხე და მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლება შეიძლება უფრო მეტ უკანონობაზე წავიდეს, ვიდრე აქამდე მიდიოდა.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა