გიორგი ქობულია მიწებზე – “ვინც მოასწრებს, მოასწრებს”

გიორგი ქობულია მიწებზე - "ვინც მოასწრებს, მოასწრებს"მიწის კანონში ძალიან დიდ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს. ასე ეხმაურება ის ბიზნესის ნაწილის განცხადებებს, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს აწესებს, დაბრკოლებებს ქმნის.

„ბევრი უცხოელი ინვესტორი არის უკმაყოფილო იმითი, რომ ჩვენ ვიღებთ კანონს, რომლითაც უცხოელს არ შეუძლია მიწის შეძენა საქართველოში. მაგრამ ჩვენი შეხედულება ასეთია – უცხოელს შეუძლია არენდაში აიღოს დიდი ხნით მიწა – 50 წლით. თუ მას ბიზნესის გაკეთება უნდა ამ მიწაზე, ეს სავსებით საკმარისია. ამასთან, თუ უცხოელი არის კომპანიაში ქართველთან ერთად, მას შეუძლია მიწის ყიდვა. მაგრამ მიწის ყიდვას არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის წარმოებისთვის, რადგან მიწის აღება იჯარითაც არის შესაძლებელი. 50 წელზე მეტხანს არცერთი ბიზნესი არ ანგარიშობს ფუნქციონირებას.

ვერ ვხედავთ მიწის კანონში ძალიან დიდი დაბრკოლებას. ეს არის მხოლოდ ფსიქოლოგიური. ვისთვისაც ეს ფსიქოლოგიური დაბრკოლებაა, ყველა საქართველოში ვერ განახორციელებს ინვესტიციას. ისედაც პატარა ქვეყანა ვართ და პირიქით – ვინც მოასწრებს – მოასწრებს“,- აცხადებს ქობულია.

მისივე თქმით, კანონი მიწის შესახებ უკვე რამდენიმე კვირაში მზად იქნება, ამჟამად კი მთავრობა კონსულტაციებს მართავს როგორც შიგნით, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესთან.

„დღესაც არაფერი არ უშლის ხელს ინვესტორს. მიწის კანონთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს დღეს“,- აცხადებს ქობულია.

ბიემჯი