“კვირიკაშვილი გააგდეს, ივანიშვილი ლოგინად ჩააგდეს – “ოცნებამ” ხალხს ნაციონალების დანაშაულებიც კი დაავიწყა”

"კვირიკაშვილი გააგდეს, ივანიშვილი ლოგინად ჩააგდეს - "ოცნებამ" ხალხს ნაციონალების დანაშაულებიც კი დაავიწყა"რა საიდუმლოს მალავენ ბიზნესმენები, როგორ შოულობს ფულს ივანიშვილი, რატომ ემუქრებიან “ოცნების” ჩინოსნები ერთმანეთს გაუპატიურებით, აქვს თუ არა ადგილი ბიზნესის რეკეტს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
– მონიტორინგის ცენტრ “მედიატორს” კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არაერთი კვლევა გაქვთ გამოქვეყნებული. ყველა ამ კვლევაზე ხელისუფლებას ასეთი პასუხი ჰქონდა, რომ ეს არის გამოგონილი. ბოლო დღეებში გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა კი ყველას აღიარებინა, რომ კორუფცია უბრალოდ კი არ არის, არამედ ყვავის. “ოცნება” ახლა მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამაში ივანიშვილი გარეული არ არის.
– უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვიძახით, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის. ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტებით ვცდილობდით იმის დამტკიცებას, რომ კორუფციაში ხელისუფლების ყველა შტო – პრემიერიდან დაწყებული, რიგითი ჩინოსნით დამთავრებული – არის ჩართული. ამაზე ასეთი პასუხი ჰქონდათ – რაღაცებს იგონებენ, კორუფციას აქ რა უნდა, ჩვენ ხალხზე ვართ ორიენტირებულები და ქვეყნისთვის საჭირო პროექტებს ვახორციელებთო.
წლების მანძილზე ჩვენ გვეძახდნენ მატყუარებს. მაგრამ გავიდა დრო, “ომეგასთან” დაკავშირებით გამოქვეყნდა ჩანაწერები და ყველამ დაინახა, თუ რა ხდება ქვეყანაში.
საქართველოში კი კარგი არაფერი ხდება. აქაურობა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული. იმდენი ფულია შეჭმული, რომ ქვეყანა რელსებიდან გადავიდა და უკან-უკან მიგორავს.
– აქამდე ამბობდით, რომ ქვეყანა გაჩერებული იყო.
– აქამდე მართლა გაჩერებული იყო. როგორც კი მეოცნებეები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაშინვე გააჩერეს ქვეყანა. ახლა ეს გაჩერება არ იკმარეს და ქვეყანა უკან დააგორეს.
– რაში სჭირდებათ, რომ ქვეყანა უკან-უკან დააგორონ? ეს ხომ მათ იმიჯს ურტყამს?
– მერე ვინ გითხრათ, რომ იმიჯი ადარდებთ. ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები ქვეყნის უკან დაგორებით ძალიან დიდ ფულს შოულობენ. მათთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ. ივანიშვილსა და მის გარემოცვას საერთოდ არ აინტერესებს, რას იტყვის მათზე ხალხი.
ხალხი კი ღარიბდება და შიმშილობს. ახლა ყველა აღიარებს, რომ 2012 წლის მერე სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ქვეყანა ფაქტიურად გაჩერდა. ქვეყნის ბიუჯეტი რამდენიმე ადამიანმა ჩაიგდო ხელში და აღარ იციან, რა გზებით მიითვისონ საბიუჯეტო სახსრები.
პრემიებზე და დანამატებზე არაერთი კვლევა გვაქვს გამოქვეყნებული და ყველამ იცის, რაც ხდება ამ მიმართულებით. აღმოჩნდა, რომ “ოცნების” ჩინოსნებს პრემია-დანამატებიც აღარ აკმაყოფილებთ და აგერ პარტიისთვის შავი ფონდი შექმნეს. ამ შავი ფონდიდან 50.000 დოლარს უხდიან თვეში ზოგიერთ მინისტრს. რომელიც უსაქმურობის მეტს არაფერს აკეთებს.
ტენდერებიდანაც ხვეტენ დიდ ფულს, სიმსივნესავით მოედო ხელისუფლებას კორუფცია. ქვეყნის განვითარება არავის აინტერესებს, მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
მიუხედავად იმისა რომ არაერთი ფაქტი გავასაჯაროეთ, საზოგადოებას მაინც უჭირდა ამის დაჯერება. ახლა ხალხმა უკვე იცის, როგორი ხელისუფლება ჰყავს. სკანდალურმა ჩანაწერებმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი.
= რატომ არ სჯეროდა ხალხს? არ გვყოლია კორუმპირებული ხელისუფლება თუ რა.
– ამ ხალხისაც მესმის. ძნელია დაიჯერო, რომ შენი ხელისუფლება ასეთ მასშტაბურ კორუფციაშია ჩართული.
– ცოცხებით გაუპატიურების ამბავი ხომ ძალიან მარტივად დაიჯერეს, რაღა კორუფციის არ სჯეროდათ?
– ამის დაიჯერეს იმიტომ, რომ კადრები გამოქვეყნდა. ჩანაწერებს მაინც დიდი ძალა აქვს. როგორც ამბობენ, ცოცხით გაუპატიურების კადრები დადგმული იყო, მაგრამ მან საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და შედეგიც დადგა – არჩევნებზე ხალხმა ნაციონალური მოძრაობა გადაირჩია.
– ეს სკანდალური ჩანაწერები, რომლებიც ახლა ქვეყნდება, ხალხზე რაიმე გავლენას მოახდენს? მართალია, “ოცნების” კორუმპირებულობა დაიჯერეს, მაგრამ მაინც ამბობენ, ესენი თუ წავიდნენ, ისევ ნაცები მოვლენ და წამება-გაუპატიურებები დაიწყებაო.
– რა ნაცები მოვლენ და გააუპატიურებენ? 30 სექტემბერს გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ჩანს, ვინ ვის ემუქრება გაუპატიურებით. ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ყოფილ მინისტრს გაუპატიურებით ემუქრებოდა. მანამდე ეს მინისტრი სცემეს, გააშიშვლეს და სარდაფში გამოკეტეს.
თავიანთ მაღალჩინოსანს რა დღეში აგდებენ და ესენი რიგით ადამიანს რას უზამენ, ხომ წარმოგიდგენიათ. ამიტომაც აღარ იფიქრებს ხალხი იმაზე, ესენი თუ წავლენ, ნაციონალები მოვლენო.
საქართველო ნორმალური ქვეყანა რომ იყოს, ამ ჩანაწერების გასვლის შემდეგ უკვე ბევრი ჩინოსნის წინააღმდეგ აღიძრებოდა საქმე. ჩვენთან კი რა ხდება? “ოცნების” ჩინოსნები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე არაფერს არ ნიშნავს, ქონების გადაფორმებას რომ სთხოვენ ბიზნესმენს.
არც ის ყოფილა თურმე მნიშვნელოვანი, საუბრისას ორი ადამიანი მესამის გვარს თუ ახსენებს. დიდი ბოდიში, მაგრამ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ რატომ აღიძრა საქმეები? საქმეები აღიძრა იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა მისცეს ჩვენებები.
– ოქრუაშვილიც და ბურჯანაძეც მაღალ თანამდებობებზე იყვნენ და მათ ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ.
– ბევრი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ კონკრეტული ფაქტები არ დაუდიათ. სააკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებში ერთიც და მეორეც ამბობდნენ, რომ ვიღაცისგან რაღაც გაიგეს. ამ ვიღაცისგან გაგებულის გამო მისცეს სააკაშვილი და მისი გარემოცვა პასუხისგებაში.
მიშაზე ყველა ლეგენდას იჯერებდნენ, სამაგიეროდ, არ სჯერათ, რომ ბიზნესის დატერორებაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ძმა არიან ჩართული. არადა ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ საქმეში ეს ოჯახია გარეული.
– ივანიშვილს აქვს მილიარდები და რაში უნდა დასჭირვებოდა მას ვიღაცის რამდენიმე მილიონი. თქვენ არ გაგიჩნდათ ასეთი კითხვა?
– მერე რა, რომ მილიარდები აქვს. თქვენი აზრით, დამატებითი მილიონები აწყენს? არ დაგავიწყდეთ, რომ თავის დროზე სწორედ ამ გზით იშოვა ფული. გამოძალვა და რეკეტი უკვე ხასიათში აქვს გადასული და რაც არ უნდა ბევრი ფული იშოვოს, ამას თავს ვერ დაანებებს.
რატომ გგონიათ, რომ მხოლოდ ერთ კომპანიას მოსთხოვა 4 თუ 5 მილიონი. სხვა კომპანიებსაც მოსთხოვდა მილიონებს და ასე შეგროვდება დიდი თანხა.
ჩვენ ერთ კონკრეტულ კომპანიაზე განხორციელებულ რეკეტს ვუყურებთ. ასეთი ფაქტი უამრავია.
– რა ფაქტები, შეგიძლიათ დაასახელოთ?
– ფაქტების მეტი რა არის, ბადაგონს, ჰაიდელბერგ ცემენტს, აგარის შაქარს იგივე პრობლემები ჰქონდა, რაც დღეს ომეგას აქვს. ცოტა ხნის წინ, ხორბლის იმპორტიორებს მიადგნენ და ეს ბიზნესი ერთმა კაცმა გადაიბარა.
ყველა ბიზნესი, რაც კი საქართველოში წარმოებს, ყველაფერი ივანიშვილთან არის დაკავშირებული. საიდანაც ფულის კეთება შეიძლება, ოლიგარქს ყველაფერში აქვს ხელი ჩაყოფილი.
ფულის გარდა რომ სხვა არაფერი აინტერესებს ივანიშვილს, ეს ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. მან გვითხრა, რომ კანაფის პლანტაციებს აუცილებლად გააშენებენ. ამ ბიზნესით ოლიგარქი დიდ ფულს იშოვის. ხალხი კიდევ უფრო გაღატაკდება, მაგრამ ეს არავის აინტერესებს.
– ხალხი რომ ღატაკდება, ამას კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის სპიკერი. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათი მოსვლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა.
– რანაირად შემცირდა სიღარიბე? ხალხი ნაგვის ბუნკერებში ეძებს საჭმელს. ვთქვათ, კობახიძის ამის არ სჯერა, ბიძინა ივანიშვილს მაინც დაუჯეროს. ოლიგარქმაც კი აღიარა, რომ ხალხს უჭირს.
როდესაც გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან გააგდეს, ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, ხალხს ძალიან უჭირსო. თავად თქვა, როცა გავიგე, ხალხი ასეთ სიღარიბეში ცხოვრობდა, ლოგინად ჩავვარდი და ორი დღე ვერ ავდექიო.
ვეკითხები პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ ყველაფერი ასე კარგად იყო, ან კვირიკაშვილი რატომ გააგდეთ, ან ბიძინა ივანიშვილი ლოგინად რატომ ჩააგდეთ.
– ისეთი გამწარებული იყო მაშინ ივანიშვილი, შეიძლება პოლიტიკაში შემობრუნების შემდეგ გაამდიდრა ქვეყანა და ვერ ვამჩნევთ. სპიკერი ხომ არ მოიტყუებოდა?
– საკუთარ თავზე თუ ლაპარაკობდა კობახიძე, არ ტყუოდა. “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ დიდი ფული იშოვეს.
2012 წელს ხელისუფლება იმ სკანდალური ჩანაწერების ეთერში გასვლის შემდეგ შეიცვალა. ახლაც არანაკლებ სკანდალური ჩანაწერებია. ვხედავთ, როგორ ალაგებენ ბიზნესებს და ხალხი თუ მარტო გაუპატიურებაზე რეაგირებს, აქაც არის გაუპატიურების მუქარა. ასე რომ, ახლა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ასე ცხოვრებას.
– საოცნებო ხელისუფლება ყველა არჩევნების წინ ამბობს, ნაცები მოდიანო. აქამდე ეს ლოზუნგი კარგად მუშაობდა, რა იქნება ახლა?
– ახლა აღარ გაჭრის ეს. ამის მიზეზებზე ზემოთაც ვისაუბრე. თან ხალხიც დაიღალა ბუაზე ამდენი ლაპარაკით. ისეთ რაღაცებს აკეთებს “ოცნება”, რომ ნაციონალების დროს ჩადენილი დანაშაულებიც კი დაავიწყეს ხალხს. ამ პარტიის მიმართ რაც ნეგატივი იყო, სრულად გააქრეს.
– დარწმუნებული ხართ, რომ ნაციონალების მიმართ ნეგატივი აღარ არის?
– საარჩევნო კამპანიას გადახედეთ. ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი იყრის კენჭს პრეზიდენტად. ეს ადამიანები თავისუფლად დადიან ქვეყანაში. ატარებენ შეხვედრებს და არავინ არაფერს ერჩის. სალომე ზურაბიშვილის მიმართ კი საშინელი აგრესიაა. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.
– სკანდალურ ჩანაწერებში არაერთხელ იქნა ნახსენები ვანო ჩხარტიშვილის გვარი. ამ ადამიანის მიმართ საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი განწყობაა და რაში სჭირდება ივანიშვილს გვერდით ასეთი კაცი?
– ივანიშვილს ისეთი ხალხი სჭირდება, რომლებმაც კარგად იციან, როგორ უნდა დაალაგონ და დაარეკეტონ ბიზნესი. ივანიშვილს ისეთი ხალხი სჭირდება, რომლებიც თავად მოაგვარებენ ყველაფერს და მას წილს აუტანენ. ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია ვანო ჩხარტიშვილი. ის ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ყვლეფდა ხალხს.
ჩხარტიშვილები, ფარცხალაძეები და მათნაირები მანამდე იბოგინებენ, სანამ ოლიგარქიული რეჟიმი იქნება. ეს რეჟიმი სანამ იქნება, ბიზნესებსაც ააახევენ ხალხს. მინისტრებს გააშიშვლებენ, სარდაფში ჩაკეტენ და გაუპატიურებით დაემუქრებიან.
იმან, რაც ომეგას თავზე ტრიალებს, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბიზნესმენის კისერზე გადაიარა. ყველა უნდა გამოვიდეს და სიმართლე თქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში რეკეტი გაგრძელდება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა