„ლადომ დამირეკა, ანა ნაცვლიშვილი დაკარგულია, ვერ პოულობენ და ვეძებთო” – სასამართლომ ლადო გრიგალაშვილის მამა დაკითხა

„ლადომ დამირეკა, ანა ნაცვლიშვილი დაკარგულია, ვერ პოულობენ და ვეძებთო" - სასამართლომ ლადო გრიგალაშვილის მამა დაკითხათემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმეზე ბრალდებულის ლადო გრიგალაშვილის მამა ზაქარია გრიგალაშვილი სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

მისი თქმით, მკვლელობის ღამეს შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ შეყვარებულს ვეღარ პოულობდნენ.

გრიგალაშვილი იხსენებს, რომ შვილი დაინტერესდა, როგორ შეიძლებოდა მისი ადგილმდებარეობის დადგენა.

„ლადომ დამირეკა, ანა ნაცვლიშვილი დაკარგულია, ვერ პოულობენ და ვეძებთ მეგობრებთან ერთად, ვკითხე, იცოდნენ თუ არა მისმა მშობლებმა. დედამ და დამ იციან და მამას სძინავსო, მითხრა. ვუთხარი გაეღვიძებინათ მამა, რათა ვითარებაში გარკვეულიყვნენ. დაახლოებით, საათნახევარში მითხრა, ანას დედა ხშირად ურეკავდა და მის ტელეფონზე პოლიციის თამაშრომელმა უპასუხა, ანა ცუდად გამხდარა და მეხუთე საავადმყოფოში წაუყვანიათო. მე ვარკეთილში ვარო და მთხოვა მეხუთე საავადმყოფოში მივსულიყავი. ლადო ჩემი კუთვნილი ავტომანქანით მოვიდა იქ. როცა ლადომ ტელეფონზე დარეკვა დააპირა, ეზოში პოლიციის მანქანა შემოვიდა, იკითხეს, ლადო გრიგალაშვილი რომელიაო, თემქაზე, მეშვიდე განყოფილებაში ჩაგვიყვანეს. ლადომ იქ დაახლოებით 2 საათი დაჰყო. 2 საათში ის ქალაქის სამმართველოში დასაკითხად გადაიყვანეს, შემდეგ გავარკვიე, რომ ანა ნაცვლიშვილი გარდაცვლილი იყო. ჩხრეკის ჩატარების შემდეგ გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ დამირეკა და განმიმარტა, რომ ჩემი შვილი ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე იყო დაკავებული, შემდეგ მოხდა ჩემი გამოკითხვა. ავტომანქანიდან ჩემი კუთვნილი დანა იქნა ამოღებული ქარქაშთან ერთად და ასევე, ანაწმენდები.

ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჩემი შვილის ჩადენილია, მას ანა თავის თავზე მეტად უყვარდა. იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. ლადო ყოველთვის იყო ზრდილობიანი, გამორიცხულია ვინმესთვის რამე ეწყენინებინა, ვერავინ გაიხსსენებს მას ვინმე დაეჩაგრა. ცოლის მოყვანაზეც ჩამოყალიბებული იყო. სამსახურიდან წამოვიდა, კაფეს ამუშავება უნდოდა, რაშიც მეც ვეხმარებოდი. არასდროს ყოფილა ფიცხი, გადახრებზე ზედმეტია საუბარი”, – აცხადებს ზაქარია გრიგალაშვილი.

რაც შეეხება იმას, რომ ლადო გრიგალაშვილმა ავტოფარეხის სახურავიდან ბავშვი გადმოაგდო, ზაქარია გრიგალაშვილი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

ნიუპოსტი