ლია მუხაშავრია – „ხელისუფლებას თვითგადარჩენის რეფლექსებიც კი აღარ შერჩა“

ლია მუხაშავრია - „ხელისუფლებას თვითგადარჩენის რეფლექსებიც კი აღარ შერჩა“გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხანგრძლივი დუმილი საქართველოს პრეზიდენტმაც დაარღვია. მის შეფასებაში კონკრეტული არაფერი თქმულა და მას სისტემურ პრობლემებზეც არ უსაუბრია. თუმცა მაინც ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტმა მმართველი ხელისუფლება არსებულ ვითარებაზე მწვავედ გააკრიტიკა.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც აქამდე, არც დღეს, არ ვაკეთებ შეფასებას ფარული ჩანაწერების. სტანდარტი, რომ მე არ ვაფასებ ფარულ ჩანაწერებს, არის ის, რომელიც მინდა შევინარჩუნო.

ამავე დროს, მე ვაფასებ იმ პოლიტიკურ რეაქციას, რომელიც ამ მოვლენებთან მიმართებაში იქნა გამოვლენილი.

საქმე იმაშია, რომ ბრალდებებს არაფორმალური ჯგუფების, მათ შორის კრიმინალური ჯგუფების ჩარევის, რეკეტის ან ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, პასუხი გაეცა ასეთი პოზიციით, რომ ეს თურმე ღიმილის მომგვრელია და სასაცილოა. ეს არც ღიმილის მომგვრელია და არც სასაცილო. ეს საკითხები ქართული საზოგადოებისთვის მძიმეა და მიუღებელი.

თუ პოლიტიკურ დისკუსიაში ის, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია, არაადეკვატურ ღიმილს იწვევს, ეს პრობლემურია. არაადეკვატური ღიმილი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნის მართვაზე, არ მიმაჩნია შესაბამის და სწორ პასუხად“, _ თქვა 16 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილმა.

ხომ არ იყო დაგვიანებული პრეზიდენტის რეაქცია და გვაქვს თუ არა საქმე სისტემურ პრობლემებთან ან დანაშაულთან? – ამ საკითხებზე „ახალი თაობა“ იურისტ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

_ ჩანაწერები, რომლებიც ვიხილეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ნიშნავს თუ არა, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემებთან?

_ მე ეჭვი არც ამ ჩანაწერების გავრცელებამდე მეპარებოდა, რომ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულს სისტემურ პრობლემებთან, უბრალოდ, ახლა ეს ყველაფერი თვალსაჩინო და ცხადი გახდა.

_ ეს სისტემური პრობლემაა თუ სისტემური დანაშაული, რა შეიძლება დავარქვათ ამას?

_ გააჩნია, რა დონეზე ვიხილავთ. კონკრეტული პირების დანაშაულია, მაგრამ როცა ხედავ, რა მეთოდებით იმართება ქვეყანა და სახელმწიფო პოლიტიკა, მაშინ ეს არის სისტემური პრობლემა, რომლის გამოსასწორებლად ძალიან სერიოზული სახელმწიფო ღონისძიებებია გასატარებელი.

ამიტომ ორივეა.

_ ამ ეტაპისთვის სისტემურ დანაშაულად ვერ აღიქვამთ?

_ სისტემური დანაშაული, ასეთი რამე, არ არსებობს. უფრო სწორად, როგორ არ არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი სამართლებრივი კულტურა, როდესაც ხდება ხელისუფლების გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაულებრივი ხელისუფლების გამოცდილება გვაქვს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ახლა მოხდება სისტემური დანაშაულის კვალიფიკაციით რაიმე ქმედება და შედეგი იქნება ადეკვატური.

სისტემურ ცვლილებებში პირველ რიგში იმას ვგულისხმობ, რომ არჩევნების გზით შევცვალოთ ეს ხელისუფლება, რომელიც დანაშაულებრივია.

_ თვითონ ხელისუფლების ქმედებებში თუ დაინახეთ ადეკვატურობა?

_ ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატურია. ეს ყველას არწმუნებს იმაში, რომ დანაშაული მართლა სახელმწიფოებრივია. მართლა სისტემურია, თორემ ეს რომ იყოს დამნაშავე ელემენტების მხრიდან ჩადენილი, მაშინ სახელმწიფოს ექნებოდა ადეკვატური და სწორი რეაქცია. პროკურატურა აქამდე კი არ იქნებოდა გაჩერებული, არამედ ძალიან ბევრ კითხვაზე გვექნებოდა ძალიან ადეკვატური პასუხი გამოძიების შედეგებიდან. რაკი ეს არ ხდება, სწორედ ეს ხდის ამ ფაქტებს სისტემურ პრობლემად.

_ ხელისუფლებაში საუბრობენ, საიდან მოიპოვა „რუსთავი 2“-მა ჩანაწერები. ოპოზიციის მისამართით კობახიძემ თქვა „თქვენი სუბელიანიო“ და ა. შ. ეს თქვენთვის რას ნიშნავს?

_ ხელისუფლება რომ არაადეკვატურია, ეს ძალიან ცხადია. გარდა იმისა, რომ არაადეკვატურია, ამასთანავე, არასერიოზულია. ეს ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლებას თვითგაჯანსაღების და თვითგადარჩენის რეფლექსებიც კი აღარ აქვს შერჩენილი და ამ ხელისუფლებისგან აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ.

_ მარგველაშვილი ამდენი ხნის განმავლობაში დუმდა. 16 ოქტომბერს მისი შეფასება საკმაოდ მწვავე იყო. მან მოუწოდა პრემიერს, მთავრობის სხდომა მოიწვიოს, რომელშიც მონაწილეობის მიღებას პრეზიდენტიც ითხოვს. წავა მთავრობა ამ ნაბიჯზე?

_ მე ვფიქრობ, რომ მთავრობის რეაქცია ადეკვატური არ იქნება და ადეკვატურობა არც ამ შემთხვევაში მოჰყვება. მით უმეტეს პრეზიდენტის ამ მოწოდებას, რადგან პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ძალიან დიდი ხანია დაძაბულობა და სრულიად მიუღებელი ურთიერთობაა.

როდესაც წინა კითხვასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ამ ხელისუფლებას თვითგაჯანსაღების და თვითკონტროლის უნარი დაკარგული აქვს-მეთქი, ამასაც ვგულისხმობდი. თუ ვინმეს გონიერება შერჩა ამ მთავრობაში, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს და ვიცე-პრემიერებს, მათ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ ის, რომ დამნაშავეები დაიჭირონ.

დანაშაულებრივი ძალოვანი უწყებების პირველი პირები უნდა გადადგნენ თანამდებობებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მართლა მივიღებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საპრეზიდენტოსთან ერთად. იმიტომ, რომ ასეთი ვითარების გაგრძელებაზე ამ ქვეყანაში თანახმა აღარავინ იქნება.

_ ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტს ისევ კინკლაობას ხომ არ გაუმართავენ, რაც არაერთხელ გვინახავს?

_ თუ გაუმართავენ, მათთვისვე უარესი იქნება და მით უკეთესი ჩვენთვის. იმიტომ, რომ რაც უფრო დროულად დაინახავს ყველა, რომ ამ ხელისუფლების მოთმენა მეტად აღარ შეიძლება, ეს უკეთესია. ეს რაც ეხლა ხდება, ყველასთვის ცხადი გახდა, მაგრამ ეს რომ ადრე ყოფილიყო ცნობილი, ეს ჩვენთვისაც და ყველასთვისაც უკეთესი იქნებოდა. მაგრამ რას ვიზამთ. მოვლენების მეტად დაჩქარება ალბათ შეუძლებელი იყო.

_ პრეზიდენტს აქამდე არ უნდა ესაუბრა? პრეზიდენტის რეაქციამაც ხომ არ დააგვიანა?

_ რადგან მარგველაშვილის ვადა იწურება და პრეზიდენტობას აღარ აპირებს. რადგან ის არჩევნებში არ მონაწილეობს, როგორც ჩანს, ის მაინც თავს იკავებდა რეაგირებისგან და ახლა იმიტომ გამოთქვა ასეთი მკვეთრი პოზიცია, რომ დუმილი მოუთმენელი გახდა. მას რომ გაეკეთებინა რაიმე კომენტარი ან მოწოდებები, ეს იქნებოდა უსაფუძვლო. იმიტომ, რომ მას არ შეუძლია რაიმეს შეცვლა. მით უფრო, რომ ვადა ეწურება.

ახლა თუ ის გააქტიურდება და საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში შეეცდება რაღაცის გაკეთებას, ეს შეიძლება ქვეყანას მართლა წაადგეს.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა