მამუკა არეშიძე – “ნაციონალები ფორმაში შევიდნენ და ხელისუფლებისთვის რეალურად საშიშ ძალად იქცნენ”

მამუკა არეშიძე - "ნაციონალები ფორმაში შევიდნენ და ხელისუფლებისთვის რეალურად საშიშ ძალად იქცნენ"ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ პროცესებს? ფარული ჩანაწერებით მოსული ხელისუფლება ფარული ჩანაწერებითვე უნდა შეიცვალოსო, ასე ხუმრობენ, თუმცა, სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. რას იტყვით თქვენ? რა ხდება ჩვენს ქვეყანაში?
– კატასტროფული მდგომარეობაა, განსაკუთრებით ამ სფეროში, რასაც ჰქვია კომპრომატებით ომი. ეს არის აბსოლუტურად ბინძური ვითარება და ძალიან ცუდად მოქმედებს საზოგადოებაზე. მე ვიცნობ უამრავ ადამიანს, სოციალურ ქსელშიც ვაწყდები ასეთებს, რომლებიც საერთოდ გაემიჯნენ პოლიტიკურ პროცესს ასეთი სიბინძურის და ნეგატივის გამო.
აქ მარტო პრინციპულ გამიჯვნაში არ არის საქმე, ფსიქოლოგიური ბარიერი შეიქმნა. ადამიანს აქვს ეს თვისება, როდესაც არ უნდა ცუდის მოსმენა, ბარიერს ქმნის და ხელოვნურად ეშვება ფარდა. ასეთი განწყობებია საზოგადოებაში და ეს ძალიან ცუდია. ამ სიბინძურის გაუთავებელი ტირაჟირებაა აუტანელი და მეორე ის, რაც შინაარსია.
– და რა არის ეს შინაარსი? ცხადია, რომ ხდება შიგნით ეს სიბინძურე, სხვანაირად ხომ ვერ გამოჟონავდა?
– რასაკვირველია, ხდება. მე კი არ ვამბობ, რომ არ ხდება, რომ ხდება, სწორედ ეგ არის უბედურება. ფარულ ჩანაწერებში, რომლებიც გაავრცელა ოქუაშვილმა, ძალიან ბევრი დადგმული ელემენტი იყო. ეს ჩემთვის ცნობილი გახდა და ეს მანამდეც კარგად ვიცოდი. ძალიან კარგად ვიცნობ თვითონ ავტორს, მის ბიოგრაფიას და არ გამკვირვებია ეს ამბავი. თუმცა სხვა შემთხვევაში, ქვეყანაში კორუფცია რომ არსებობს, სამწუხაროდ, ეს ფაქტია. კორუფციის წყაროს ხშირად წარმოდგენენ ის ადამიანები, ვინც ხელისუფლების გარკვეულ რგოლებს იკავებენ.
– ბოლო ჩანაწერზე რას იტყვით, მირზა სუბელიანის?
– პირდაპირ ფანტასტიური რამე ხდება. იზოლატორში ხდება ჩაწერა და ეს ჩანაწერი ვიღაცას გამოაქვს გარეთ. ჯერ ერთი, სახელმწიფო უსაფრთხოების პრინციპებია დარღვეული. როგორ შეიძლება ასე აფრიალებდნენ ამ ჩანაწერებს აქეთ-იქით. პრაქტიკულად ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყველგან ჰყავს თავის ხალხი.
– საზოგადოებაც ამიტომ განაწყენდა ხელისუფლებაზე, რომ თავის დროზე არ მოხდა მათგან გამიჯვნაო.
– რასაკვირველია, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ამას ამბობდა და ვინც დავტოვე სამართლიანობის არაღდგენის გამო პარტია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ამაზე ვილაპარაკოთ. ეს არის კოჰაბიტაციის მახინჯი შედეგი და სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის რღვევა. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ გარემოებას.
– რას იტყვით მის შინაარსზე?
– რა არის ტყუილი და რა არის მართალი, ეს რთული გასარჩევია. სუბელიანი 50 ავტომატიანზე რომ ყვება რაღაცას, ეს ფანტაზიის სფერო შეიძლება იყოს და რაღაც სიმართლესთან ახლოს შეიძლება იყოს. ეს ის მომენტია ზუსტად, რომელსაც გამოძიება სჭირდება. გამოძიება რომ ნორმალურ პირობებში არ წავიდა ხორავას ქუჩასთან დაკავშირებით, ესეც ხომ ფაქტია?! ძალიან კარგად ჩანს, რომ პროკურატურაში არსებობდნენ ძალები, რომლებმაც ხელოვნურად ჩააგდეს მთელი ეს პროცესი. მე არ მიკვირს პროკურატურის ასეთი მოქმედება.
– რატომ არ გიკვირთ?
– იმიტომ, რომ კოჰაბიტირების მახინჯი ფორმულა პროკურატურას ყველაზე უკეთ მოერგო. პროკურატურაში არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც ასრულებენ წინა ხელისუფლების დავალებებს.
– ანუ ყველაფერი წინასწარ გათვალეს?
– პრაქტიკულად ასე გამოდის. მე ვიცი ერთ-ერთი სამსახურის უფროსი პროკურატურაში, რომელიც დღემდე საგარეო ფორმატში მფარველობს ნაციონალური მოძრაობის დამნაშავეებს, რომლებიც გასულები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მე ვიცი და დავიჯერო, ხელისუფლებამ არ იცის ეს ამბავი?!
სწორედ მაგიტომ იყო, რომ ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ფარატინა ქაღალდი იგზავნებოდა ევროპაში და ევროპული სასამართლოები ვერაფერს აკეთებდნენ. უკან გვიბრუნებდნენ ამ ფარატინა ქარალდებს. ამიტომ არ მიკვირს, რომ ასეთი სპექტაკლები იდგმება პროკურატურაში.
მე ვიცი, რომ კორუფცია არსებობს, ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უსინდისოდ იქცევა და იყენებს ხელისუფლების უმაღლესი პირების ნდობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, დადგმული არ არის.
– ანუ დადგმულია ეს ჩანაწერები?
– მე, როგორც დრამის ყოფილი რეჟისორი, რასაც ახლა ვუყურებ, ვხედავ, რომ არსებობს სიმართლის რაღაცა მარცვალი, რომელზედაც მერე აგებულია სპექტაკლი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – კორუფცია ნამდვილად არსებობს, ხოლო რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის კარგად გააზრებული დრამატურგია.
– ეს ყველაფერი ხდება არჩევნების წინ. საუბარი მიდის “ოცნების” ხელისუფლების რღვევაზე, ჩამოშლაზე, ბევრი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც აანონსებს. რა იქნება?
– იცით, რაშია საქმე? ესეც პიარტექნოლოგიის ნაწილია, რაზეც თქვენ მელაპარაკებით. ხელისუფლების სისუსტეზე მუდმივი ხაზგასმა საზოგადოების საქმეში ჩაუხედავ ნაწილს უძლიერებს ეჭვს, უძლიერებს განწყობას იმისას, რომ ხელისუფლება მართლა წასულია ხელიდან. ქართული ანდაზაც არის, ხე შეძახილით გახმაო.
– ხელისუფლებას არ უვარგა პიარი?
– ხელისუფლება ვერაფერს ვერ აკეთებს კონტრ ღონისძიებებისთვის. ჯერ ერთი, კოჰაბიტირებული ჰყავს ბევრი, რომელიც არაფერში არგია, მერე უსაქმური ჰყავს ბევრი და არაკომპეტენტური ხალხისთვის აქვს ჩაბარებული მიმართულებები. ისინი შეიძლება ერთგულებიც არიან მაგრამ ცოდნა არ აქვთ.
მე სწორედ ამითი მომწონს ახალი პრემიერი, რომ ის მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება მოკლე დროში მეტი ინფორმაცია მიიღოს და მეტი სელექცია მოახდინოს კადრების. რატომ უნდა უწევდეს ამ ადამიანს ამის კეთება?!
– რატომ უწევს?
– უწევს ზუსტად იმიტომ, რომ საკადრო ბაზა, რომელიც დაახვედრეს “ოცნების” შესაბამისმა რგოლებმა, ძალიან მწირი იყო. ხოლო ჩინოვნიკების ერთი ნაწილი, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში, იყო შეფარული აგენტი წინა ხელისუფლების. ვითომ კოჰაბიტაციის ფონზე, მათი ამოცანა ზუსტად ეს იყო, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებები გადაეფარათ.
ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო “ოცნების” ხელისუფლებაში, მაშინ ბევრად უფრო მარტივი გახდებოდა იმ დანაშაულებების ამოტივტივება, რომლებიც მათ ჩადენილი ჰქონდათ. სწორედ ამიტომ დატოვეს თავისი ხალხი სისტემაში და ამ ხალხმა თავისი ამოცანა შეასრულა. დაფარეს დანაშაული და მოახდინეს საბოტაჟი.
თუ რამე კარგი გააკეთა ამ ხელისუფლებამ, ყველაფერი გადაიფარა ამ სიბინძურით და საბოტაჟით. განსაკუთრებით რეგიონებში, იქ საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა.
– თქვენ პრემიერზე საუბრობდით და აქვს დრო სიტუაციის გამოსასწორებლად? თუ ძალიან გვიანია?
– არა, გვიან არ არის. ეს რომ იყოს საპარლამენტო არჩევნები, გეტყოდით, რომ გვიან არის-მეთქი. შანსი აქვს სერიოზული, მაგრამ ეს ძალიან კონსოლიდირებულად და მოქნილად უნდა გამოიყენოს. რაც მთავარია, კადრები, წყვეტენ ყველაფერს და ამ კადრების ძიების პროცესი არ უნდა გაიწელოს და, რაც მთავარია, საკუთარი გუნდის წევრებმა ხელი არ უნდა შეუშალონ. მე ამის ტენდენციასაც ვხედავ.
– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ვახსენეთ და ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ აქტიურად დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში?
– კი არის, შეიძლება დადგეს ეს საკითხი, მაგრამ ეს არის მილიონიდან ერთი შანსი. ჯერ ერთი, ძალიან ცოტა დრო დარჩა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ერთი წელი იქნება დარჩენილი. ამ ერთი წლიდან ვიდრე კანონი შეიცვლება, ვიდრე დაინიშნება, პრინციპში ძალიან ბევრი დრო გავა და სადღაც 2019 წლის ბოლოში შეიძლება ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა ამასაც ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა ჭირდება და სერიოზული მიზეზი ჭირდება, რომ ეს მოხდეს.
მე, მაგალითად, ისეთ ბალანსს ვხედავ პარლამენტში, რომ ვთვლი, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ ამის აუცილებლობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
– რომ ჩატარდეს ეს არჩევნები, ეს “ოცნებას” გადაარჩენს?
– ამ შემადგენლობით არსებულ “ოცნებას” ვერ გადაარჩენს, მაგრამ “ოცნებამ” თუ მოახერხა თავისი რესურსების მობილიზება, განსაკუთრებით ვეტერანების, იმ ხალხის, ვინც თავის დროზე ყველაფერი გადადო იმისთვის, რომ სამართლიანობას გაემარჯვა და აქედან გამომდინარე “ოცნებას” გაემარჯვა, მაშინ ძალიან დიდი შანსი აქვს.
– საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თუ ელოდებით სიტუაციის გამწვავებას?
– არა, არ ველოდები. ეს ყველაფერი, რაზეც დღეს ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი მისი სატელიტური პარტია განსაკუთრებულ განგაშს ქმნის, ბაქიბუქია. ეს საარჩევნოდ სჭირდებათ. როგორც კი არჩევნები დამთავრდება და თუ ამ არჩევნებმა ნორმალურად ჩაიარა, მეორე დღესვე ყველაფერი შეწყდება და დაიწყება მზადება უკვე 2020 წლისთვის.
– შესაძლოა, 2020 წლისთვის სამზადისიც არის გათვალისწინებული ამ ყველაფერში.
– რასაკვირველია, ეს არის რეპეტიცია 2020 წლისთვის. თავისი ძალების მობილიზება და დათვალიერება საკუთარი შესაძლებლობისა. ეს არის საკუთარი რესურსების შემოწმება.
2016 წლისგან განსხვავებით, დღეს ვხედავთ აბსოლუტურად ახალ ძალას ნაციონალური მოძრაობისას, ახალი შინაარსით და ახალი მიდგომებით. მათ გაიარეს კრიზისის პერიოდი, რეორგანიზაციის პერიოდი, რებრენდინგის პერიოდი და ახლა უკვე ფორმაში შედიან. ეს კი არის ამ ხელისუფლების დამსახურება და იქ მყოფი ზოგიერთი პერსონის პირადად.
– ხელისუფლებისთვის რამდენად საშიშ ძალად შეიძლება იქცნენ ნაციონალები?
– საშიშ ძალად უკვე იქცნენ ხელისუფლებისთვის. მათ რომ არ ჰქონდეთ ასეთი სამარცხვინო ბიოგრაფია, ორგანიზებულობის თვალსაზრისით, ხელისუფლება ახლოს ვერ მივა მაგათთან. უბრალოდ, ბიოგრაფია აქვთ ისეთი, რომლის გამოსწორება და გადაფარვა ვერ იქნება!
ხომ ხედავთ, როგორ ტექნოლოგიას ამუშავებენ. ძალიან კარგად იციან, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი და გადასარევად იციან, ვინ არის ვაშაძე. ამიტომ ვაშაძისთვის საზოგადოებას რომ არ წაეყენებინა ის პრეტენზია, რომელიც არსებობს მის რუსულ ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ყველაფრის გადაბრალება დაიწყეს სალომე ზურაბიშვილზე. აი, ეს არის მათი ტექნოლოგია.
– გაღმა შეედავეს პრინციპია?
– გაღმა შეედავეს პრინციპია, მაგრამ ეს როგორ არის, იცით? გაღმა შეედავე როცა კამათში ხდება, მაშინ არის გაღმა შეედავე და როდესაც ეს ხდება გააზრებულად, წინასწარ გეგმის მიხედვით, ეს უკვე არის ტექნოლოგია და ეს არის მაღალი დონის ტექნოლოგია.
ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, კარგად არიან მომზადებულები და იციან, სუსტი წერტილები სად არის ხელისუფლების.
ყველა ეს ჩანაწერი, რომელთაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, არ არის სპონტანური, ეს არის გეგმიური. ოქუაშვილის თემა არის გეგმიური, დიდი ხანია, ამაზე მუშაობა მიდის და ბოლო კონდიციამდე მიიყვანეს არჩვნების წინა დღეებში.
ასეთ თემებში ნაციონალებს ბადალი არ ჰყავთ და ეს პიარტექნოლოგიები უნდა ისწავლოს ხელისუფლებამ მათგან. ბევრი ცუდი რამე რომ ისწავლა მისი წინამორბედისგან, ეს უნდა ესწავლა. პიარტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მართვის პროცესში!
 ნონა ცაბაძე, ახალი თაობა