”მუშას ფეხებზე თითები არ ჰქონდა, მეორე მუშა გარაჟიდან აქეთ ისროლა” – რუსთავში აფეთქების დეტალები

აფეთქება რუსთავში – ეზო, სადაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, პოლიციის მიერ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე სამი კორპუსი დაზიანდა. შედეგად დაშავდა 12 ადამიანი, ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილები. მათ შორის არიან ბავშვებიც.

გარდა ამისა, აფეთქებისას დაზიანდა გაზის მილი, რის შემდეგაც ამ დრომდე, მთლიანად კორპუსში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია.

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ისინი ავტოფარეხის დემონტაჟის პროცესებში ჩართული არ ყოფილან და მეპატრონეს კერძო პირები ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებდნენ.

ადგილობრივების თქმით, აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო, რამაც საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების მინების, გაზის მილების და დენის გაყვანილობის დაზიანება გამოიწვია. მათი თქმით, აფეთქებას ძლიერი ხმა ახლდა თან.

„ბალონი, რომელიც აფეთქდა, იქით გადააგდო. მუშა კიდე გარაჟიდან აქეთ ისროლა. ერთ-ერთ მუშას, რომელიც ჭრიდა, აუფეთქდა ბალონი, რითიც მუშაობდნენ და შიგნით კიდევ ყოფილა მეორე ბალონი და ისიც აფეთქდა. როგორც შევხედეთ მუშას ფეხებზე თითები არ ჰქონდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი ამბობს, რომ დაშავებულთა შორის ძირითადად არასრულწლოვნები, არიან, რომლებიც შემთხვევის დროს სტადიონზე თამაშობდნენ.

„მიმდინარეობდა ავტოფარეხის დემონტაჟი. წინასწარი მონაცემებით, რაც გვაქვს ამ მომენტისათვის, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 4 ერთეული სახანძრო-სამაშველო დანაყოფი, მოხდა მყისიერად მოსახლეობის გამოყვანა. დაზიანებულია სამი კორპუსის, ძირითადად, შემინვა. ასევე დაზიანდნენ ეზოში მდგარი ავტომობილები. ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12 პიროვნება. ძირითადად არიან არასრულწლოვნები, რომლებიც ეზოში მოედანზე თამაშობდნენ,“ – განაცხადა დავით გელაშვილმა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018