ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ადგილზე იარაღი ნაპოვნი არ არის – ბავშვს ფეხები ჰქონდა შეკრული და თავზე ქსოვილი ჩამოცმული

ნანა ბერიაშვილის მკვლელობის ადგილზე იარაღი ნაპოვნი არ არის - ბავშვს ფეხები ჰქონდა შეკრული და თავზე ქსოვილი ჩამოცმულიგორში მოკლული 8 წლის გოგოს ცხედარი პროზექტურაში გადაიტანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას განაგრძობენ. imedinews-თან გოგოს ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ბავშვს ფეხები ჰქონდა შეკრული და თავზე ქსოვილი ჩამოცმული.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერების შედეგად იარაღის კვალი, მათ შორის არც ცივის, აღმოჩენილი არ არის.

ადგილზე შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე იმყოფება. ის არ აკონკრეტებს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება, თუმცა, მედიისთვის მიცემულ კომენტარში დანაშაულის ჩამდენი პირის არსებობას ადასტურებს.

„გამოძიება დაწყებულია. ამ ეტაპისთვის კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით. დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს. ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომ დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირი“, – განაცხადა საბანაძე.

ოჯახის ახლობლები შურისძიების მოტივით ჩადენილ მკვლელობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ბავშვს პატიოსანი ოჯახი ჰყავს.

2010 წელს დაბადებული ნ.ბ. 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი ლიახვის პირას გარდაცვლილი იპოვეს.