“ოქუაშვილის სახით ნაციონალებმა სერიოზული ძალა შეიძინეს – პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატები აუბუნტდებიან”

"ოქუაშვილის სახით ნაციონალებმა სერიოზული ძალა შეიძინეს - პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატები აუბუნტდებიან"ბოლო დროს განვითარებული მოვლენები თუ რამით გადაიფარებოდა, არავის ეგონა. დეპუტატ ნატო ჩხეიძის ერთმა მოგონებამ კი ყველაფერი გადაფარა. მან პატრიოტთა ალიანსში გამართული ერთი თათბირი გაიხსენა, სადაც საუბარი იყო იმაზე თუ დიდმარხვის დროს რა დღეებშია სექსი დასაშვები.
დეპუტატის მოგონებიდან ირკვევა, რომ პარტიის ლიდერებმა “კურთხევა” სამშაბათის სექსზე გასცეს მხოლოდ.
პატრიოტთა ალიანსის წევრებს ამ თათბირის გახსენება არ სურთ და არც იმაზე აკეთებენ კომენტარებს, მართლა ადგენდნენ თუ არა სექსის გრაფიკს.
ამბავმა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობა კინაღამ სიცილით მოკლა, სასაცილოდ არ მიაჩნია სამოქალაქო აქტივისტ ლადო სადღობელაშვილს. ის რაღაც დროის მანძილზე პატრიოტთა ალიანსის წევრი იყო და მისთვის ამ პარტიის სამზარეული ცნობილია.
მართლა ადგენდნენ თუ არა სექსის გრაფიკს, რა ლოცვები იმართებოდა პარტიაში, სთხოვდა თუ არა ივანიშვილი ბიზნესმენებს ამ პარტიის დაფინანსებას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
– ნატო ჩხეიძის მოგონებებს ერში დიდი ალიაქოთი მოჰყვა. დეპუტატი ამბობს, რომ პარტიის თათბირზე აქტიურად განიხილავდნენ, თუ რა დღეებშია დასაშვები სექსი. ამ პარტიის წევრი თქვენც იყავით, მართლა უდგენდნენ პარტიის წევრებს სექსის გრაფიკს?
– მარტო სექსის გრაფიკის შედგენა რომ ყოფილიყო, რა უჭირდა. აქ ისეთი ამბები ხდებოდა, ნატო ჩხეიძის მოგონებები უწყინარი ზღაპარია. რაღაც დროის მანძილზე ამ პარტიის წევრი ვიყავი, მათი სამზარეულო კარგად ვიცი, მაგრამ ყველაფერზე საუბარი ჩემი მხრიდან ლამაზი არ იქნება.
როდესაც პატრიოტთა ალიანსზე საუბრობთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს პარტია კი არა, არამედ ჩვეულებრივი სექტაა. მათი ლიდერი დავით თარხან-მოურავი არის ბუდა, გნებავთ კერპი. ეგ რომ პარტიის ოფისში შედის, ყველა და ყველაფერი შეშდება.
– რას ნიშნავს, ეგ რომ ოფისში შედის, ყველა შეშდება?
– იმას, რასაც გეუბნებით. თარხან-მოურავი სანამ თავის კაბინეტში არ შევა, ან სადმე თვალს არ მიეფარება, ყველა გაუნძრევლად დგას.
– ალიანსის ყოფილი წევრებისგან გამიგია, რომ თარხან-მოურავი “მაგარი ბულკი და ჯიგარი ადამიანია”.
– ამბობენ, რომ ადრე მართლა ძალიან მაგარი ტიპი იყო. მასთან კაბინეტში ნებისმიერ დროს შეგეძლო შესვლა. ახლა სულ სხვა სიტუაციაა. ივანიშვილთან უფრო იოლად შეხვალ, ვიდრე მაგასთან.
– ასე რამ შეცვალა?
– ალიანსში სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც პარლამენტში მოხვდნენ და ივანიშვილს დაუახლოვდნენ. ამის შემდეგ ესენი გადაიქცნენ სექტად. ხალხს სექსის გრაფიკის დაწესება გაუკვირდა, თქვენ უნდა ნახოთ, იქ ერთობლივი ლოცვები რომ ტარდება.
– ლოცვა დანაშაული არაა და არც სექტანტობაზე მიუთითებს.
– ლოცვა უნდა აღავლინოს სასულიერო პირმა და არა – პარტიის თავმჯდომარემ. სასწაულები ხდება ამ პარტიაში, მაგრამ რაკი ამ პარტიის წევრი ვიყავი, მეტს არ ვილაპარაკენ.
მხოლოდ იმას გეტყვით რომ პარლამენტში მოსვლის შემდეგ, ამათ დიდი ფული იშოვეს და უზარმაზარი ოფისი შეიძინეს.
– თქვენ ამ პარტიიდან რატომ წამოხვედით?
– პარტიიდან ბევრი ადამიანი წამოვიდა. მათ იქ შექმნილ ვითარებას ვერ გაუძლეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, იქ სასწაული რამეები ხდება, რაზეც საუბარი არ მინდა.
– ნატო ჩხეიძის მოგონებებზე ერმა ბევრი იხალისა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას პარტიის სამზარეული გარეთ არ უნდა გამოეტანა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– ნატო ჩხეიძის განკითხვას არ ვაპირებ, ეს მისი გადაწყვეტილებაა. არ არის ლამაზი, როდესაც ასეთი რამეები გამოგაქვს სააშკარაოზე, მაგრამ მის მდგომარეობაშიც უნდა შევიდეთ. მას პარტია გვერდით არ დაუდგა და ის ძალიან გაბრაზებულია.
თავის დროზე ნატო ჩხეიძემ და მისმა მეუღლემ ამ პარტიისთვის საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს. ალიანსის ლიდერები ვალდებული იყვნენ, მათ მხარდასაჭერად განცხადება მაინც გაეკეთებინათ. პარტიის ხელმძღვანელობამ დუმილი და ივანიშვილის კეთილგანწყობის შენარჩუნება ამჯობინა.
– ზაზა ოქუაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა მოსთხოვა ალიანსის დაფინანსება. ინაშვილი ამბობს, რომ არანაირი დაფინანსება მათგან არ მიუღია. 
– მე უკვე გითხარით, რომ “ომეგა ჯგუფი” ალიანსის დამფინანსებელი იყო. ამ პარტიას სხვა ბიზნესმენებიც აფინანსებენ. გარდა იმისა, რომ ფულიან ხალხს ალიანსის დაფინანსებას ივანიშვილი სთხოვდა, თარხან-მოურავსაც კარგად შეეძლო ბიზნესმენების “დაკერვა”.
– რანაირად “კერავდა” ბიზნესმენებს თარხან-მოურავი?
– თავისი მეთოდები აქვს. პირადად შევესწარი, როგორ შეახუჭუჭა ერთი ბიზნესმენი 300.000-იან დაფინანსებაზე. ამ ბიზნესმენის ვინაობას არ დავასახელებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მას ალიანსის ლიდერმა აზნაურობა უბოძა.
– აზნაურობა რანაირად უბოძა, მეფეა?
– უთხრა, რომ შესწავლილი გენეოლოგიის მიხედვით ის ბიზნესმენი აზნაურია. ამის დამადასტურებლად ხეც გადასცა.
– რა ხე გადასცა?
– ე.წ. საგვარეულო ხე. მის ერთ-ერთ ტოტზე ამ ბიზნესმენ-აზნაურის გვარიც იყო. ეს ხე თავად თარხან-მოურავმა დახატა. მინდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ძალიან კარგად ხატავს. პოლიტიკაში რომ არ წასულიყო, მაგარი ხატმწერი იქნებოდა.
– ამ დახატული ხის და აზნაურის ტიტულის გამო გაიმეტა ბიზნესმენმა ამხელა თანხა?
– მარტო ეს არ იყო მიზეზი, მაგრამ აზნაურის ტიტულმა დიდი გავლენა იქონია ამ ადამიანზე. ბიზნესმენებმა კარგად იციან, რომ ალიანსი “ოცნების” სატელიტია და ამ პარტიას სარგებლის პოვნის იმედითაც აფინანსებენ.
– თქვენც სარგებლის საძიებლად წახვედით ამ პარტიაში?
– პარტიაში იმიტომ შევედი, რომ ისინი ნაციონალებს ებრძოდნენ. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, ალიანსს ნაციონალები იშვიათად ახსენდება.
– რაღა იშვიათად, რეზოლუცია მიიღეს და ნაციონალების დასჯას ითხოვენ.
– იმიტომ ითხოვენ, რომ “ოცნებას” ძალიან გაუჭირდა. საშინელ სკანდალშია გახვეული ხელისუფლება და საჭიროა, მთელი ყურადღება ისევ ნაციონალებზე გადავიდეს.
– თავად “ოცნებამ” რომ შეუტიოს ნაციონალებს, რა მოხდება? ხალხს ეს არ ეწყინება.
– თავად ისე დაემსგავსნენ ნაციონალებს, რომ მათგან შეტევა აღარ გამოვა. უმჯობესია, ეს მისია ალიანსმა შეასრულოს.
– შარშან ალიანსი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა. ამის გაკეთებაც ივანიშვილმა დაავალა ალიანსს?
– ეს მათი ინიციატივა იყო. ისინი ყოფილ პრემიერს გიგა ბოკერიას გამო დაუპირისპირდნენ. “ახალ თაობასთან” ადრეც მისაუბრია, რომ “ევროპული საქართველო” კვირიკაშვილის პროექტი იყო. ამ პროექტმა ალიანსი დააზარალა. ივანიშვილი მათ დაპირდა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა გახდებოდნენ. ბოკერიას გადმობირების შემდეგ კი, მთავარი ოპოზიციური ძალად “ევროპული საქართველო” იქცა.
პატრიოტთა ალიანსი ამას ვერ ეგუება და ამიტომაც არის, რომ ინაშვილი გიგა ბოკერიას ხშირად ესხმის თავს და წარსულს ახსენებს.
ახლო მომავალში ის ალბათ ნაციონალების ფრაქციასაც გაიხსენებს. ნატო ჩხეიძე და მისი მეუღლე ამ პარტიის მხარდამჭერები გახდნენ, რაც ალიანსისთვის დიდი დარტყმაა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავის დროზე განიხილებოდა ნატო ჩხეიძის “ქართული ოცნების” სიაში შეყვანა, მაგრამ მერე ივანიშვილმა თავი შეიკავა.
– რატომ შეიკავა თავი?
– ნატო ჩხეიძე და მისი ქმარი ასე იოლად სამართავები არ იყვნენ. თავის დროზე ზაზა ოქუაშვილმა სააკაშვილთან დაპირისპირება გაბედა და ეს ქონების დაკარგვად დაუჯდა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ოქუაშვილი კერკეტი კაკალი იყო. ივანიშვილს თავის გუნდში კერკეტი კაკლები არ უნდოდა. ამიტომაც გაუშვა ეს ცოლ-ქმარი სატელიტ პარტიაში.
თავიდან ამ ოჯახს “ოცნებასთან” კარგი ურთიერთობა ჰქონდა. იმდენად კარგი, რომ მათ მმართველი პარტიის დეპუტატებს მანქანები აჩუქეს.
– რომელ დეპუტატებს აჩუქეს?
– აჭარის უმაღლესი საბჭოს “ოცნების” დეპუტატებს. ოქუაშვილი ხომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.
– იმათ თუ ჩუქნიდა მანქანებს, ცენტრალურ ხელისუფლებისთვისაც ეჩუქებინა. რატომ უთხრა მათ უარი?
– ამათ ნამეტანი მოინდომეს და მაგიტომ თქვა უარი. მიშას არ დაუთმო თავის დროზე და ამათ რატომ შეეჭმევინებოდა. მისი სახით ნაციონალებმა სერიოზული ძალა შეიძინეს. არ გამოვრიცხავ, ოქუაშვილს ძალიან ბევრი სკანდალური ჩანაწერი ჰქონდეს.
მისმა მეუღლემ პატრიოტთა ალიანსი უკვე დატოვა, სავარაუდოდ, ის ნაციონალებში წავა. არაა გამორიცხული, პარლამენტში რაიმე ახალი ფრაქციაც შეიქმნას. “ოცნებაში” უკვე ბევრ ადამიანს აქვს პროტესტის გრძნობა.
– რას აპროტესტებენ?
– ირაკლი კობახიძის დიქტატურას. ყველა ვხედავთ, რა დღეშია ეს ყმაწვილი. ერთი სული აქვს, ყველაფერი გააკონტროლოს. განსხვავებულ აზრს ვერ იტანს.
– კობახიძე აქამდე ბულკის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა რამ გააცეცხლა? ივანიშვილისგან მიიღო ნებართვა?
– ივანიშვილი მას გაცეცხლებას არასდროს უკრძალავდა, პარლამენტის თავმჯდომარე აქამდე თავს იკავებდა.
– ახლა რამ გააცეცხლა?
– ახლა “მოიხოდა”, პოზიციები გაიმყარა, გუნდი შეკრა და თავის წარმოჩენას ცდილობს. ამას დეპუტატების დიდი ნაწილი ვერ აიტანს. დავით ჭიჭინაძე უკვე წამოვიდა უმრავლესობიდან. მას სხვებიც გამოჰყვებიან. ზოგი დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება, ზოგიც პატრიოტთა ალიანსში შევა.
– ვინ შეიძლება “ოცნებიდან” ალიანსში ვიხილოთ?
– ვერ გეტყვით, ამას “ოცნების” ლიდერები გადაწყვეტენ. თავიანთ სატელიტ პარტიაში შემთხვევით ადამიანს არ გაუშვებენ.
მინდა ისიც იცოდეთ, რომ პატრიოტთა ალიანსი უშუალოდ ივანიშვილის პროტეჟე არ არის. მას შედარებით ქვედა რგოლი მფარველობს.
– ამ ქვედა რგოლს ვინ შეადგენს?
– ბიძინასთან დაახლოებული ტიპები.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა