ფულის გამოძალვისთვის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს

ფულის გამოძალვისთვის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავესფულის გამოძალვა და ძალადობა  – სამართალდამცველებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1988 წელს დაბადებული გ.გ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს შეხვდა. მან ლ.კ.-ს, ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის ვალის დაბრუნების მოტივით, თვითნებურად განსაზღვრული თანხის – 70 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაემუქრა.

აღნიშნული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს, გ.გ. კვლავ შეხვდა ლ.კ.-ს, რა დროსაც მას, თანხის გადაუხდელობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა მოძალადე გამომძალველი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში დააკავეს.

გამოძიება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.