რამაზ საყვარელიძე – “ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს”

რამაზ საყვარელიძე - "ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, თქვენთვის ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იმ პრობლემების გამოვლინებაა, რომლებიც რეალურადაა ქვეყანაში, თუ ეს მხოლოდ წინააარჩევნო კამპანიის ნაწილია?
– თუ პრობლემა ამოტივტივდა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არის და ის მოსაგვარებელია. არჩევნებმა ამ პრობლემების ინსპირირება მოახდინა. აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ პრობლემა არის, სამწუხაროდ, ბევრად მნიშვნელოვანია, რომ მისი მომგვარებელი არ არსებობს.
ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსებისადმი ნდობაა დაკარგული. როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია დისკრედიტირებულია. ეს გაცილებით სერიოზული პრობლემაა. ამიტომ არის ასეთი დაბნეულობა.
შესაბამისად, ვთვლი, რომ მთელი ამ სერიების ინსპირატორი წინასაარჩევნო კამპანიაა. ამიტომაც არის, რომ თემები ამოდის და მერე უკვალოდ ქრება. მაგალითად, “ომეგა ჯგუფის” სკანდალი ისე მიყუჩდა, რომ სუბელიანის ფონზე არავის ახსოვს. არადა ხომ ვიცით, რომ პრობლემა არ მოგვარებულა.
– ქვეყანა ქაოსის გზით რომ არ წავიდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? შეუძლია ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარება, თუ მან თავისი შესაძლებლობები ამოწურა?
– ამ ხელისუფლებამ საკუთარი თავი ამოწურა თუ არ ამოწურა, ფაქტი ერთია – ალტერნატივები არის ამოწურული. დღეს ეს პრობლემა აქვს ამომრჩეველს. ოპოზიცია რომ გაიძახის, ხელისუფლებამ უკვე ამოწურა საკუთარი თავიო, ამაში პირველ რიგში სწორედ ოპოზიციამ შეიტანა ლომის წილი თავისი სისუსტით, თავისის უძლურებით. ასეთი სუსტი რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია და ის რომ იყოს რეალური ალტერნატივა, მაშინ ხელისუფლება ასეთ სისულელეებს არ ჩაიდენდა.
მხოლოდ სისულელეები რომ იყოს, კიდევ არა უშავს. ყველაფერი გააკეთა ერთი მხრივ ოპოზიციამ და მეორე მხრივ ხელისუფლებამ, რომ რეალური ალტერნატივა ამოწურულიყო. ამჯერად ამას ვამბობ არა ოპოზიციის გასაგონად, არამედ საზოგადოების გასაგონად.
ეს უკვე ნიშნავს, რომ დანიის სამეფოში მთლად დალაგებულად არ არის საქმე.
მთელ ამ ისტორიაში ყველაზე დამაფიქრებლად მეჩვენება ამ ჩანაწერების მოძრაობა ციხიდან ტელევიზიისკენ და კიდევ უარესი, პროკურატურიდან ტელევიზიისკენ. ეს ხომ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ გვაქვს! ამიტომ იმის გარჩევა, თუ ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, უკვე აზრს კარგავს. სახელმწიფოს განცდას კარგავენ ადამიანები. ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია. თუ ასეთი განცდით იცხოვრებენ ადამიანები, რომ ისინი ცხოვრობენ არა სახელმწიფოში, არამედ სხვა რაღაცაში, მაშინ უკვე ეს შეიძლება გადაულახავ პრობლემად იქცეს ან კიდევ რამდენიმე ათეული წელი დაგვჭირდეს.
– ბიძინა ივანიშვილი ჩუმად არის. თითქოს მას არ აღელვებს ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, ის ამის შესახებ ღიად არ საუბრობს. ეს თქვენთვის რა მესიჯია?
– მე ვფიქრობ, რომ პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ის აკვირდება მოვლენებს და თვლის, რომ ჯერ არ დამდგარა მისი გამოსვლის დრო.
ძალიან ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ სუბელიანის მეორე ჩანაწერი დადგმული იყო და რა გარანტიაა, რომ პირველი ჩანაწერიც არ იყო დადგმული?! თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლებამ ოპოზიცია წამოიკიდა ამ თამაშში და ოპოზიცია ხელისუფლების დაკრულზე თამაშობს. სავარაუდოა, რომ ამ პროცესს ივანიშვილი ეცდება, რომ ჯერ ხელი არ შეუშალოს.
– არსებობს მოსაზრება, რომ ახლა მიმდინარე პროცესები ივანიშვილს ხელს აძლევს, ვინაიდან ის არ არის თავისი გუნდით კმაყოფილი და რომ ამ გუნდის ლუსტრაციას ახდენს. იზიარებთ ამ მოსაზრებას?
– დიახ, მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ივანიშვილი თავისი გუნდით უკმაყოფილო რომ არის, მე ამით ვხსნი იმას, რომ ფაქტიურად მან საკუთარ გუნდს უარი უთხრა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ის არ დათანხმდა იმას, რომ საკუთარი გუნდის წევრი გამხდარიყო პრეზიდენტი.
აქ მიზეზი ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი სწორედ ესაა, რომ ის არ ენდობა ამ გუნდს. ეს აშკარად გამოჩნდა ამ გადაწყვეტილებით. სალომე ზურაბიშვილი არც “ქართული ოცნების” წევრია და არც ნაციონალურ მოძრაობასთან არის კოჰაბიტაციაზე წამსვლელი, რაც მისი გუნდის წევრებისგან არ გამოირიცხება. მთელ ამ პროცესში ჩანს ივანიშვილის დამოკიდებულება მისი გუნდის, ანუ “ქართული ოცნების” წევრებისადმი.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს ეს პროცესი მიშვებული ჰყავს – აბა, საბოლოო ჯამში, ვინ რას დაიმსახურებს?!
თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული და ბადრი პატარკაციშვილის ამბავს კიდევ სხვა ამბავი მიებას ანუ კიდევ ახალი თემა გაჩნდეს.
ოპოზიციამ ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანა, როდესაც ჩათვალა, რომ ივანიშვილთან ბრძოლა ასეთი მარტივია. არადა, მარტივი მოთამაშე ივანიშვილი არასდროს ყოფილა.
ივანიშვილი ახლა ოპოზიციას, ყველას ერთად, ჭადრაკის რთულ პარტიას ეთამაშება, ოპოზიცია კი თვლის, რომ დომინოს ეთამაშება. ივანიშვილი პოლიტიკაში ყოველთვის ღრმად ჩაფიქრებული სვლებით მოქმედებდა. ამიტომ მე ამ პროცესს ასე მარტივად, ზედაპირულად არ ვუყურებ.
ოპოზიციამ ივანიშვილი ჯეროვნად ვერ შეაფასა. მათ ძალიან მარტივი პროცესი შესთავაზეს, რომელიც ადვილად იკითხება. პოლიტიკაში უჭკუობა ძალიან მკაცრად ისჯება.
– მაგალითად, რას გულისხმობთ?
– თუნდაც სარალიძის საკითხს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა შეეცადა, რომ გვერდით დადგომოდა და სახელმწიფოსგან დაჩაგრულ კაცს როგორმე სამართალი ეპოვა. ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა სარწმუნო თუ ნაციონალური მოძრაობა თავად არ იქნებოდა უსამართლობის შემოქმედი. ეს ძალიან მარტივად წაიკითხა მოსახლეობამ. მიკვირს, რატომ დგამენ ასეთ გაუთვლელ და მარტივ ნაბიჯებს.
– თუ ამ ვერსიას გავყვებით, რომ ივანიშვილი ჭადრაკს თამაშობს და არა დომინოს, მაშინ საბოლოო მიზანი რა შეიძლება იყოს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?
– ესეც ანეკდოტია. ეს იდეა ვაშაძემ წამოაყენა.
– ეს იდეა პირველად ჯერ კიდევ “ქართულ ოცნებაში” მყოფმა დავით ჭიჭინაძემ წამოაყენა, ალბათ ოპოზიციას, მაშინ არც ესიზმრებოდა ეს.
– დიახ, გეთანხმებით, მაგრამ ახლა ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გაიძახის. არადა, დღეს თუ ვინმეს აწყობს ვადამდელი არჩევნები, ეს “ქართული ოცნებაა”. არც ერთი ოპოზიციური პარტია ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არ არის, ვერ მოიგებს. არც ერთ პარტიას არ აქვს ის რეიტინგი, რომ ვადამდელი არჩევნები მოიგოს.
დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს. პირველი – ის განთავისუფლდება იმ ჯგუფისგან, რომელიც მას უკვე ტვირთად აწევს. მეორე – ხალხისგან ხელახალ ლეგიტიმაციას მიიღებს და ამით ის კიდევ ერთ წელს მოიგებს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა