“სალომე ზურაბიშვილის გაყვანა ”ოცნებისთვის” კიდევ უფრო უარესი იქნება”

"სალომე ზურაბიშვილის გაყვანა ”ოცნებისთვის” კიდევ უფრო უარესი იქნება"ქვეყანაში მიმდინარე ბოლო პერიოდის პოლიტიკურ პროცესებს “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე აფასებს.
– ბატონო თორნიკე, საკმაოდ დაძაბული ფონია ქვეყანაში. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” ერთადერთი გამოსავალი რჩება, რაც შეიძლება მალე დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნიო. რას იტყვით თქვენ? სადამდე მივა სიტუაცია?
– თუ ასე გაგრძელდა, ვადამდელი შესაძლოა მათთვის გამოსავალიც იყოს, რადგან თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, 2020 წლამდე ვეღარც კი მიატანონ. ამ ფონზე ვადამდელი არჩევნებიც სერიოზული რისკია მათთვის.
ვადამდელს ის უპირატესობა აქვს., რომ ვერ მოესწრება ახალი ოპოზიციური პარტიების შექმნა და დარჩებიან ისევ ნაციონალების პირისპირ და ისევ იქნებიან იმის იმედად, რომ აი 9 წელი და ხალხი მაინც ხმას მოგვცემს ამ 9 წლის შიშით.
ან რა ჰგონიათ, ვთქვათ და მოიგონ ვადამდელი არჩევნები, ოთხი წელი კიდევ ასე დარჩებიან?!
– ვერ დარჩებიან?
– მართალი გითხრათ, მე გამოსწორების შანსს ვერ ვხედავ. ამდენი ხანი დრო ჰქონდათ, ვნახეთ, სადამდეც მიიყვანეს ქვეყანა და როგორ უნდა გამოსწორდნენ, რის ხარჯზე?! მე არ მესმის. მათი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ ხდება ნორმალური განახლება “ოცნების”, ნიჭიერ, ნორმალურ ხალხს არ უხსნიან კარს და მართავენ ისე, როგორც სამწუხაროდ მათ იციან. რა ვქნათ, სხვანაირად არ იციან.
რაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, მე უბრალოდ ვერ წარმოემედგინა. სხვას თუ წარმოედგინა, არ ვიცი.
– ჩამოიშალა “ოცნების” ხელისუფლება?
– ნახავთ თქვენ, გამოვლენ და დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ეს ყველაფერი მონტაჟია, ჰა, ჰა გავიცინეთ, და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ისინი ბურანში არიან და ადეკვატური რეაგირების უნარი დაკარგული აქვთ ეს არის უბედურება, რომ ქვეყანას მიაქანებენ უფსკრულისკენ, თორემ მათ რა, დიდი ფული იშოვეს და როგორმე თვითონ გადარჩებიან. ხომ ვნახეთ, რამხელა სახლები აქვთ აშენებული.
– ანუ ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნა, ეს ისევ “ოცნების” გადასარჩენად იქნება?
– ჰო, მაგრამ რამდენად გადაარჩენს, მე არ ვიცი! თუ არ დასხდნენ და რამე არ გაიაზრეს, რამდენად გაიაზრებენ, ეგეც არ ვიცი, მაგრამ თეორიული შანსი მაინც აქვთ, რომ დაირაზმონ და რამე შეცვალონ.
გამოვლენ და დაიწყებენ სხვაზე გადაბრალებას და ამას ბოლო არ უჩანს უკვე. ხალხმა ერთხელ დახუჭა თვალი, ორჯერ და რამდენჯერ?! ყველა მოთმინებას აქვს საზღვარი!
– პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზული გარდატეხა მოხდება ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?
– ესენი მაინც ეცდებიან, რომ ყველანაირი ხერხით გაათრიონ თავისი კანდიდატი და ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს გათრევა საბოლოო ჯამში მათთვის კიდევ უარესი იქნება, ვიდრე, ვთქვათ, ვაშაძის გამარჯვება. ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, იმას მაინც იტყვიან, რომ დემოკრატია გვაქვს.
ყველაფერს გააკეთებენ საკუთარი კანდიდატის გასათრევად, ამისთვის დახარჯავენ ყველანაირ რესურსს და ეს დაუჯდებათ ძალიან ძვირი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვინ დაიჯერებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა სამართლიან არჩევნებში?! ვინ დაიჯერებს ან ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ?! მართლა ჩალით დახურული ხომ არ ჰგონიათ მთელი მსოფლიო. ეს ხომ სრული მარაზმი იქნება.
– და რა მოჰყვება ამ ყველაფერს?
– მოჰყვება ის, რომ ესენი 2020 წლამდე ვერ მიატანენ.
– შესაძლოა, სიტუაცია სერიოზულად აირიოს?
– დიახ. მე კი მინდა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდად და ნორმალურად. გაიმარჯვოს იმან, ვისაც ხალხი მისცემს ხმას. მე ეს მინდა და ეს არის კარგი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ასე გააგრძელა ამ ხელისუფლებამ, ჩვენ აქამდე ვერ მივალთ ელემენტარულად.
ხომ იცით, როგორც ემართება ხოლმე ხალხს, თანამდებობებზე მოსხდებიან, ფულს იშოვნიან და თავში აუვარდებათ ხოლმე. მაგათ ჰგონიათ, რომ სულ იქ იქნებიან. ვერ ხვდებიან და ვერ სწავლობენ ჭკუას სხვების შეცდომაზე.
– წინა ხელისუფლებებს გულისხმობთ?
– თუნდაც. ამ ქვეყანაში შევარდნაძის ლანძღვა ძალიან მოდაშია და ყველასგან მისი ლანძღვა-გინება გვესმის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო, გვინდა თუ არ გვინდა, ასე იყო. ყველა წიგნშია შესული.
შევარდნაძე მოირყა ბოლოში და ხალხმა წიხლებით გააგდო თავისი კაბინეტიდან და ამათ რისი იმედი აქვთ, საინტერესოა. რა უმაგრებთ ზურგს?! ვისი ავტორიტეტი უმაგრებთ ზურგს?! ვინ ჰყავთ ავტორიტეტული პოლიტიკოსი? პოლიტიკოსები დარჩნენ საერთოდ “ოცნების” შემადგენლობაში?! თავი რომ დავანებოთ შევარდნაძისნაირ ფიგურას, უბრალოდ პოლიტიკოსები არიან მათ შემადგენლობაში, ვინმე ნორმალური პოლიტიკური ფიგურა დარჩა?
ვხედავთ ისევ კობახიძეს, რომელიც მაღალფარდოვანი ტექსტებით და დაყენებული ტონით ჭკუას გვარიგებს და ვინ უსმენს მათ საერთოდ?! და სწორედ ესაა ჩვენი უბედურება და ქვეყნისაც.
– წინა ხელისუფლება სწორედ ამ ფარულმა ჩანაწერებმა ჩამოშალა და ეს კარგად ნაცადი ხერხი და აპრობირებული მეთოდია?
– რატომაც არა, პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. მითუმეტეს შენ თუ გამოიყენე ეს, რატომ არ გამოიყენებენ შენ წინააღმდეგ?! იმედია, სხვას არ მოსთხოვენ პასუხს, ფარული ჩანაწერებით რატომ გვებრძვითო. ეს თვითონვე დაიწყეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მითუმეტეს თუ ვერ გამოასწორებ იმას, რის გამოსასწორებლადაც მოხვედი ხელისუფლებაში.
გამოსწორების მაგივრად ყველაფერი გაუარესებულია ქვეყანაში. ხომ დაგვპირდნენ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს გააუქმებდნენ, როგორც კი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. რატომ არ გაუქმდა? მეორე არჩევნები ჩატარდება მალე მაჟორიტარული, რომელიც ყოველთვის აწყობს მმართველ პარტიას. კომიკური დაპირებები იყო, რომლებიც საწყალმა ხალხმა დაიჯერა. კი ბატონო, დენი სრული ტყუილი იყო და ამას მართლა ვერ გააიაფებდნენ, მაგრამ რა უნდა მაჟორიტარობის გაუქმებას?! ამას ხომ პოლიტიკური ნება უნდა.
– სად დაუშვა შეცდომა ხელისუფლებამ, მართვის რა ეტაპზე და საერთოდ რატომ მიიღო ასეთი მახინჯი სახე “ოცნების” მმართველობამ?
– ეს დაიწყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ჩაეხსნა ქვეყნის მართვას 24 საათიან რეჟიმში. კი ბატონო, ბევრ რამეზე ისევ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ყველამ კარგად ვიცით, რომ ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი თავისით არ წასულან. ხომ ვნახეთ, წასვლა არ უნდოდათ საერთოდ. ჩაეხსნა ივანიშვილი და თავიდან ბოლომდე ყველა მიეცა ფულის კეთებას – “ოცნება” იქცა უპრინციპო კორუმპირებული მტაცებლების ხროვად.
სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ მათ ფულის კეთების მეტი არაფერი არ აინტერესებთ. აბა ვინ მოასწრებდა, ვინ იშოვიდა ყველაზე მეტს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. მე არ მახსოვს, წინა ხელისუფლებების დროს ვინმეს ამდენი სახლი შეეძინოს. შევარდნაძის დროს რამდენიმე მინისტრს ჰქონდა უზარმაზარი სახლები, იმის მერე ასეთი რამ არ მახსენდება.
– სააკაშვილის ხელისუფლებიდან ასეთი რამ არ გახსენდებათ?
– წინა ხელისუფლებას პრობლემების მეტი რა ჰქონდათ, მაგრამ ამხელა სახლები წამოეჭიმოთ, ეგეთი რაღაც არ მახსენდება. როგორც ჩანს, ჭკუა ჰყოფნიდათ იმდენი, რომ ამხელა სახლები არ წამოეჭიმათ. ამათ ამდენი ჭკუაც არ ჰყოფნით. ფული სააკაშვილის დროსაც იშოვეს ვიღაცეებმა, მაგრამ იმდენი ჭკუა ეყოთ, რომ კოშკები არ წამოეჭიმათ.
– რა განწყობას ხედავთ მოსახლეობაში? ამ ყველაფერზე ელოდებით საზოგადოების რეაქციას?
– რეაქცია ახლა თუ არ იქნება ისეთი მწვავე, ეს არ გაქრება, დაგროვდება და მერე თუ იფეთქებს, კიდევ უარესად იფეთქებს. მე სწორედ ამის მეშინია.
თუ “ოცნებას” ჰგონია, რომ ხალხი გადაყლაპავს ამასაც და ზოგადად ყველაფერს, რასაც აჭმევენ, ეს ძალიან სახიფათო თავის მოტყუებაა. ფიალა როცა ივსება, მერე კატასტროფა ხდება ყოველთვის! შევარდნაძეს და სააკაშვილს ეყოთ იმის ჭკუა, რომ წასულიყვნენ წყნარად. ამათ ჯერჯერობით ვერ ვატყობ, რომ ამას ხვდებიან, რასაც მიხვდნენ შევარდნაძე და სააკაშვილი. აი, სწორედ ამის მეშინია.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა