სამგორში ამომრჩეველმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანა

სამგორში ამომრჩეველმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანაახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, სულხან სალაძის ინფორმაციით, დღის 10 საათისთვის გამოვლინდა რამდენიმე დარღვევა, რომლებიც ძირითადად წილისყრის პროცედურებს უკავშირდება. კერძოდ, სამგორის N78 უბნიდან ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ არა უშავს, დანაკლისში გავუშვებთო. საარჩევნო კოდექსის 63- ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა გამგეობის თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის #8 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე, რაც ასევე დარღვევაა.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ პრეზიდენტს.

„ადგილობრივი დამკვირვებლები – ივანე ზედგინიძე და საბა ღონღაძე ორგანიზაციიდან „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადნენ უბანზე. კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანს უბანი დაატოვებინა. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიმბოლიკიანი ჟილეტები მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მისცეს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია“, – განაცხადა სულხან სალაძემ.