შაქრო ტერტერაშვილი – “ხალხისთვის 3 თეთრიანი დენისთვის ბრძოლაში თავისთვის 3 სართულიანი სახლი შემოეშენა”

შაქრო ტერტერაშვილი - "ხალხისთვის 3 თეთრიანი დენისთვის ბრძოლაში თავისთვის 3 სართულიანი სახლი შემოეშენა"ოთარ ფარცხალაძის რკინა-ბეტონის სასახლით დაშოკილი საზოგადოება “შაბათის კურიერმა” კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში და “ოცნების” ჩინოსნების გალერია წარმოგვიდგინა.
დაშოკილთა რიგებში აღმოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წევრი შაქრო ტერტერაშვილიც. მისი თქმით, ჩინოსნები ადრეც იშენებდნენ სასახლეებს, მაგრამ ასე არასდროს გაუშლიათ ფრთები.
რა უნდა გაიხსენოს წარსულიდან “ოცნებამ”, იცის თუ არა ამ სასახლეების შესახებ ივანიშვილმა, რას პირდებოდნენ ხალხს და რა ოცნებები აიხდინეს თვითონ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შაქრო ტერტერაშვილი ესაუბრება.
შაქრო ტერტერაშვილი:
– ყველას გვახსოვს, ხელისუფლებაში მოსვლამდე როგორ იბრძოდა ზვიად ძიძიგური იმისთვის რომ ხალხს 3 თეთრიანი დენი ჰქონოდა. ამომრჩევლებს ეჩხუბებოდა კიდევაც, დენი 3 თეთრი ღირს და შენ რატომ იხდი 17 თეთრსო. გავიდა დრო და ვნახეთ, რომ ხალხისთვის 3 თეთრიანი დენისთვის ბრძოლაში, თავისთვის 3 სართულიანი სახლი შემოეშენა.
იმ სასახლეებმა, რომლებიც “ოცნების” მაღალჩინოსნებმა აიშენეს, დაამტკიცა, რომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითებთან, რომლებსაც საკუთარი სტომაქის გარდა არაფერი აინტერესებთ.
დღევანდელი ხელისუფლება ძალიან ხშირად იყურება წარსულში, მაგრამ იმ წარსულშიც მიჯნა აქვთ გაკეთებული და 2003 წლის იქეთ აღარ უნდათ გახედვა. იმ დროის გახსენა არ უნდათ, როცა მათი ახლანდელი თანაგუნდელი კობა ნარჩემაშვილი შს მინისტრი იყო
ნარჩემაშვილის შს მინისტრობის დროს კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყო თამაზ თამაზაშვილი. მაგ პერიოდში სკოლებში, ბაზრებსა თუ ქუჩებში ნარკოტიკები თავისუფლად იყიდებოდა.
ეს ის პერიოდია, როცა ბიზნესმენებს იტაცებდნენ და საბარგულებით დაჰყავდათ. საგადასახადო მეწარმეებთან მიდიოდა და მათგან დაუფარავად იღებდა ფულს, მაგ დროს საგზაო პოლიციის თანამშრომლებს ლარიანებს და ორლარიანებს პირდაპირ მანქანიდან ესროდნენ მძღოლები.
ისიც კარგად გვახსოვს, როგორ ექცეოდა პოლიცია მაშინ ადამიანებს. მაღალჩინოსანი თუ არ გყავდა ახლობელი, ყველას იჭერდნენ და ურტყამდნენ. ამას არ იხსენებენ და 2003 წლის შემდეგ პერიოდზე საუბრობენ გამუდმებით.
– დროის ეს მონაკვეთიც არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.
– კი ბატონო. სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო და ამას თან პრობლემები ახლდა. უკვე მეშვიდე წელია, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ და გაუთავებლად 9 წელზე საუბრობენ, არადა დღემდე ვერავინ დასაჯეს იმის გამო, რომ სახელმწიფო ქონება ჰქონდა მიტაცებული.
რატომ არ სჯიან იმათ, ვინც სახელმწიფოს ფული სახლში წამოიღო და თავისთვის მოიხმარა?! გავიგეთ, რომ ასეთი არის დავით კეზერაშვილი, მაგრამ დასაჯა ვინმემ? ეს ადამიანი სრულიად გაამართლეს.
გიკვირთ ალბათ, რატომ არ დასდევენ კეზერაშვილს. სად სცალიათ, თურმე საკუთარი სახლ-კარის აშენებით არიან დაკავებული. ამ დინამიკაში თუ გაგრძელდა საქართველოს აღმშენებლობა, ყოველთვის ჩამყაყებული ქვეყანა ვიქნებით.
ქვეყანა მხოლოდ მაშინ განვითარდება, თუ მომდევნო ხელისუფლება წინაზე უკეთესი იქნება.
– წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედარებით, სახლები ნამდვილად უკეთესი აქვთ.
– სახლები კი აქვთ უკეთესი, მაგრამ საზოგადოებრივი სიკეთე არის ნულის ტოლი. ჩვენ დროს შენდებოდა ქალაქები, ახლა “ოცნების” ჩინოსნების სასახლეები შენდება.
– რეგიონებში რა ხდება ამ მხრივ, მანდაც იშენებენ ჩინოსნები სასახლეებს?
– უკეთესი ვითარება არც რეგიონებშია. შემიძლია ახმეტის მაგალითზე გესაუბროთ. ჩვენ გვყავს მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, რომელიც ოფიციალური მილიონერია. მას აქვს მიწის ნაკვეთები, დაკავებულია კომშის ნერგების გადარგვით.
სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი გრანტებიდან რაღაც ტრაქტორი იჩუქა. ხალხს ეუბნებიან, რომ ფერმერებს აჩუქეს.
სამხარაულის მაჟორიტარობის პერიოდში ახმეტაში სასმელი წყლის მომარაგების გაუმჯობესებისთვის დახარჯულია 9 მილიონი. წყალის მიწოდების დონე იგივეა, ზოგან გაუარესდა, მაგრამ ფული დახარჯეს. ამას თავი დავანებოთ, ახმეტაში მთელი გზები გადათხარეს და თავი დაანებეს.
– რამდენიმე თვის წინ ამასთან დაკავშირებით ახმეტაში ხომ გქონდათ საზეიმო ღონისძიება?
– კი, ახმეტა გამოვაცხადეთ სამხარაულის სახელობის ორმოების ქალაქად. რამდენიმე ცენტრალური ქუჩის გარდა, ახმეტაში გავლა არის შეუძლებელი. ეს პროექტი გასული წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო. ახლა 2018 წლის ოქტომბერია და პროექტი დასრულებული არ არის. ამაზე პასუხს არავის არ სთხოვენ.
ვინ უნდა მოითხოვოს ამაზე პასუხი? მაჟორიტარი დეპუტატი როგორიც გვყავს, გითხარით. თავისი ერთი დედისძმისშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნა. მეორე დედისძმისშვილი ახმეტაში პარტიის თავმჯდომარედ გაუშვა. ვინ ვის რა უნდა დაუბალანსოს, როცა ახმეტას ერთი კაცია მომჯდარი.
– მოდით, ისევ ჩინოსნების სახლებს დავუბრუნდეთ. ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ქონებით არ გამოირჩეოდნენ. დეპუტატებს და მინისტრებს მაღალი ხელფასები კი აქვთ, მაგრამ ასეთი სასახლეების ასაშენებლად მათი ხელფასი საკმარისი არ უნდა იყოს. თქვენ რას ფიქრობთ?
– გამორიცხულია, რომ ეს სასახლეები ხელფასებით აიშენო. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი ხალხი შიმშილობს, ათეულობით ათასი ადამიანი უფასო სასადილოებთან რიგებში დგას, რომ 1.18 ლარიანი ულუფა მიიღოს, სირცხვილი არ არის, ჩინოსნები ასეთ სახლებში ცხოვრობდნენ?
ვთქვათ და მართლა ხელფასით აიშენეს, რა გამოდის, გაჭირვებული ადამიანისთვის დღეში 2 ლარიც არ ემეტებათ და თავად ამხელა ხელფასებს იღებენ? ეს სამარცხვინოა და დაუშვებელი.
გვეუბნებიან, რომ პენსია საარსებო მინიმუმზე მეტია. ადამიანებს თუ ეს საარსებო მინიმუმი უნდა ეყოთ, მაშინ ჩინოსნებს საარსებო მინიმუმზე ცოტა მეტი ხელფასი მისცენ და ეს იკმარონ. როგორ შეიძლება 30-ჯერ და 40-ჯერ მაღალი ხელფასები ჰქონდეთ.
ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, მუშაობა რომ დავიწყე, მას შემდეგ სულ ვმუშაობ და ვმუშაობ, მიმუშავია სახელმწიფო სტრუქტურაშიც და კერძო სექტორშიც, მაგრამ ვერ ავაშენე ამათი სასახლეების ნახევრის ნახევარიც კი.
– შევარდნაძის და გნებავთ სააკაშვილის ჩინოვნიკებიც იშენებდნენ დიდ სახლებს, მაგრამ ასე უცბად არა, როგორც ესენი იქცევიან. თქვენი აზრით, რატომ ეცნენ ასე უცბად სასახლეებს, მოსწრებაზე არიან თუ რა ხდება?
– ყველას ტვინში ერთი აზრი არ ტრიალებს. ზოგი ფიქრობს, რომ რაკი ბიძინას მაგარი სასახლე აქვს, ამათ შედარებით მაგარი სასახლე უნდა ჰქონდეთ. მეორე კატეგორია მიიჩნევს, რომ ამათ ყველაფერი ეპატიებათ.
თავს ასე იმართლებენ, მერე რა, რომ ფულს ვიპარავთ, 9 წელი ხომ დავასრულეთ. ამ 9 წელთან დაკავშირებით ერთ რაღაცას გავიმეორებ, 9 წლის იქეთაც გაიხედონ ხოლმე.
– იმ 9 წელსაც ალაგ-ალაგ უყურებენ, რაღაცები ახსოვთ, რაღაცები არა.
– რა თქმა უნდა, ლაპარაკობენ აბსურდებს. რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ, იმას თავად აკეთებენ.
– აღმოჩნდა, რომ ეს სასახლეები ცეცხლგამძლე მასალებით აუშენებიათ და რამის ეშინიათ?
– ვერ გეტყვით. ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, ეშინიათ, ხალხმა არ გადაუწვასო და მაგ შიშის ამბავი უნდა იყოს. უფრო მგონია, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან. თავიანთთვის შექმნეს რაღაცა სამყარო და იმ სტანდარტებით უყურებენ ცხოვრებას.
“ქართული ოცნების” მთავარი ბირთვი 150-200 კაცისგან შედგება. ესენი ცდილობენ, ერთმანეთს და ბიძინას დაუმტკიცონ, ვინ უფრო მაგარია. ტელევიზორებითაც რომ გამოდიან, აბა დააკვირდით, ხალხს კი არ ელაპარაკებიან, არამედ თავიანთ ბატონს მიმართავენ.
– თქვენი აზრით, იმ ბატონმა იცის, რომ მისი ხელქვეითები ასეთ სასახლეებს იშენებენ? ხელისუფლებაში სანამ მოვიდოდნენ, ივანიშვილი ამბობდა, დამთავრდა ის დრო, როცა ჩინოსნები ფუფუნებაში ცხოვრობდნენო.
– ჩემი აზრით, იცის და თან ძალიან კარგად. ერთ დროს ირაკლი ალასანია ამათი მთავრობის წევრი იყო. როცა მისი გაშვება გადაწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ ამ ბატონმა ალასანიაზე ყველაფერი იცოდა. მათ შორის ისიც, ვისთან ერთად გაემგზავრა ის მივლინებაში დუბაიში.
საზღვარგარეთ ალასანია ვიღაც მანდილოსნებს რამდენიმე წუთით წაეკეკლუცა და ესეც იცოდა ბატონმა. 5 წუთიანი ფლირტის შესახებ თუ მიიღო ცნობები, ის ვერ გაიგო, მისი თანაგუნდელები 5 წლის მანძილზე ამხელა სასახლეებს რომ იშენებენ? ძალიანაც კარგად იცის.
თუ არ იცის, ეს კიდევ უფრო ცუდია. ივანიშვილი ვალდებულია, იცოდეს, რანაირ სასახლეებში ცხოვრობენ მისი ჩინოსნები.
– რატომ უნდა იცოდეს ივანიშვილმა, ვინ როგორ სახლში ცხოვრობს?
– ეს ადამიანი ყველა გადაწყვეტილების მიღებაში ერევა. კეთილი ინებოს და ისიც გაარკვიოს, რა ქონება დააგროვეს მისი გუნდის წევრებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. კეთილი ინებოს და აკონტროლოს თავისი ქვეშევრდომები, რომლებიც კორუფციის ჭაობში უკვე ყელამდე არიან.
– თქვენ ნაციონალებში იყავით და თავიდანვე აკრიტიკებდით მათ. გულწრფელად გვითხარით, გეგონათ, რომ ასეთ მასშტაბებს მიიღებდა კორუფცია?
– გულწრფელად გეტყვით, რომ ამათგან სასწაულებს არ ველოდი. არც იმის მჯეროდა, რომ ბატონი ბიძინა უფასო ფულს ან უფასო კარტოფილს დაარიგებდა. არც იმას ველოდი, რომ ყველა ბედნიერად ვიცხოვრებდით. ასეთი რამის გაკეთება არცერთ ხელისუფლებას არ შეუძლია, მაგრამ არც ის მეგონა, თუ ქვეყანას ყველა მიმართულებით ასე უკან წაიყვანდნენ.
ყველა იმედგაცრუებულია და ეს, წესით, არჩევნებზეც უნდა აისახოს. მართალია, ამომრჩეველზე ზეწოლაც მიდის, მოსყიდვის მცდელობაცაა, მაგრამ ხალხი ამათ აღარ აირჩევს.
კანდიდატი ჰყავთ მთლად საოცრება. საოცრებაა ისიც, რომ მის აგიტაცია-პროპაგანდას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ატარებენ. ქართულის მასწავლებელები იმ ქალს უწევენ აგიტაციას, რომელმაც ქართული არ იცის.
ეს მასწავლებლები რომ მივლენ სკოლაში, ბავშვებს რანაირად მოსთხოვენ, ქართული ისწავლეთო, როცა თავად მოუწოდებენ ხალხს, პრეზიდენტად აირჩიონ ქალი, რომელმაც ქართული ენა არ იცის.
რეალურად ეს კაცი, “ოცნების” ბატონი, ყველაფერის აბანძებს. მოღალატეობრივ განცხადებებზე აღარაფერს ვამბობ. ახლა აგვისტოს ომზე აქვთ გართულება, ომი სააკაშვილმა დაიწყო, საქართველო არაფერ შუაშიაო.
ის მაინც არ იციან, როგორ იწყება ომები? ომის დაწყების გადაწყვეტილებას კონკრეტული პირი ღებულობს. ხალხის გამოკითხვა არასად არ ტარდება ომის წინ.
– მართალი ხართ, ომის დაწყება-არდაწყების საკითხი რეფერენდუმზე არსად და არასდროს გაუტანიათ.
– მაგას ვინ გააკეთებს, მაგრამ ესენი თავში არ უშვებენ. იმდენს ვერ ხვდებიან, რომ ომის დაწყებაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე ადამიანი იღებს. “თხა და გიგო” მაინც თუ გაქვს წაკითხული, ამას კი უნდა მიხვდე.
– “თხა და გიგო” არ ვიცი, მაგრამ ამათ ბიძინა ივანიშვილის ხათრით ნიცშე აქვთ წაკითხული.
– წაკითხული შეიძლება აქვთ, მაგრამ მთავარი ისაა, რა შინაარსი გამოიტანეს წაკითხულიდან.
– თქვენ ახმეტის საკრებულოს წევრი ხართ. თქვენმა საკრებულომ შეძლო ერის გაოცება და ახმეტაში საიდანღაც მეტრო გააჩინეს. რანაირად მოხდა ეს ამბავი?
– მაგაში მონაწილეობა არ მიმიღია და ვერაფერს გეტყვით ამ სასწაულზე. ისე, ერთხელ კი გადავარჩინე ახმეტის საკრებულო მსგავსი სასწაულისგან – ახმეტის ერთი სოფელი სხვა რაიონისთვის ჰქონდათ მიკუთვნებული, ხოლო იმ სოფელში გარევაჭრობა აკრძალეს, სადაც ერთი კვირით ადრე გარევაჭრობის ნებართვა გასცეს.
ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ახმეტის პრესტიჟზე ვზრუნავ. ახმეტაში მეტროს “აღმოჩენის” შემდეგ, იმდენმა ადამიანმა დამირეკა, აღარ მინდოდა, ჩემი ქალაქი ასეთ უხერხულობაში ჩავარდნილიყო.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა