სოსო ცინცაძე – “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს ზურაბიშვილის პირველივე ტურში გასაყვანად”

სოსო ცინცაძე - "ოცნება" ყველაფერს გააკეთებს ზურაბიშვილის პირველივე ტურში გასაყვანად"პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ განაცხადა, დეტალურად ვიცით, რა იგეგმებოდა და იგეგმება დესტაბილიზაციის მოსაწყობადო. უმრავლესობის წევრმა მათიკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ხელწერაზე ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, მათი მიზანი შეიძლება მართლაც მოვლენების რევოლუციური განვითარება იყოს?
– არავითარი რევოლუციური სცენარი, არავითარი სახელმწიფო გადატრიალება, არავითარი ბომბების სარდაფებში დამზადება და გადამალვა არ ხდება. ეს გამორიცხულია, რადგან დღეს ამის პოტენციალი ნაციონალურ მოძრაობას კი არა, არავის არ გააჩნია. ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც.
ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მათი კანდიდატის გასვლას სერიოზული უკმაყოფილება მოჰყვება, საპროტესტო გამოსვლები და ამიტომაც იზღვევს თავს. ნაციონალური მოძრაობა კი თადარიგს იჭერს და აფრთხილებს “ქართულ ოცნებას”, რომ ისინი საკუთარ ხმებს დაიცავენ.
საპროტესტო აქციები შეიძლება შემდეგ დესტაბილიზაციად ჩაითვალოს, მაგრამ ნებისმიერ ქვეყანაში უსამართლო არჩევნებს პროტესტი მოჰყვება ხოლმე. ეს უცხო არავისთვის არ არის.
– საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავთ?
– მე არ მგონია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლოს კრიტიკული მასის ქუჩაში გამოყვანა. ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს პოტენციალი, რომ 100.000 ადამიანი, რომელიც მართლაც შეიძლება იყოს გაბრაზებული, ქუჩაში გამოიყვანოს.
– მაშინ რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი, უმრავლესობის წევრები?
– მხოლოდ პრევენციისთვის. თითქოს აფრთხილებენ, რომ არჩევნების წაგებას გაბრაზება და ქუჩაში გამოსვლა არ უნდა მოჰყვეს, თორემ ეს მკაცრად დაისჯება. მე მაინც მგონია, რომ არავითარი დესტაბილიზაციის საფრთხე არ არსებობს. საპროტესტო აქცია სრულიად სხვა რაღაცაა და ეს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება.
– ბევრს ჭიკაიძის განცხადება საბურავებთან დაკავშირებით გაახსენდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია.
– დაახლოებით იგივე ხდება, მაგრამ ჭიკაიძე ბევრად უფრო შორს წავიდა მაშინ. კითხვა მაქვს გახარიასთან, იმ საბურავებს დღესაც ეძებენ?! მაშინ გვითხრეს, რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა. უმძიმესი ბრალდების საქმე დღესაც რომ გამოუძიებელია?! ამაზე ხომ უნდა გვითხრან რამე?!
მე არ გამოვრიცხავ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანები ლოცულობდნენ, რომ ვინმე წონიანი ლიდერი დაიჭირონ, მაგრამ ამ ლოცვას ასრულება არ უწერია.
– ნიკა გვარამია ამის შესახებ ფეისბუკზე წერს, ვერ შემაშინებთ, დამაკავეთო.
– შეიძლება ეს სურვილი არის, მაგრამ არც მას და არც სხვას არავის არ დააკავებენ. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება კეთილშობილი ჯენტლმენებით არის დაკომპლექტებული, არავის არ დააკავებენ, რადგან ხელისუფლებაშიც არის ჭკვიანი ხალხი და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ოპოზიციის წევრებს არ იჭერენ.
არავინ ყურადღება არ მიაქცია ევროკავშირის ახალი ელჩის მკაცრ განცხადებას. მე ვიტყვი, ძალიან მკაცრ განცხადებას. ევროკავშირის ელჩმა გვითხრა, რომ არჩევნების მსვლელობას დიდი ყურადღებით დააკვირდებიან.
არჩევნებს რომ სერიოზულ მონიტორინგს გაუწევს ევროკავშირი, აქ ორი აზრი არ არის. ერთი, თუ რამე შეგვეშლება, უფრო სწორად თუ ხელისუფლება მოინდომებს, რომ ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, ამას საქართველოს დასჯა მოჰყვება.
მაშინ ევროკავშირი პირდაპირ ცხვირწინ აგვიფრიალებს ამას და მეტის მიღების სურვილიც აქ დასრულდება.
ახალმა ელჩმა, ჰარცელმა პირდაპირ გვითხრა, რომ თქვენ ჯერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ ხართ. ეს, არადიპლომატიურად ნათქვამი მწარე სიმართლე, შემდეგ შეიძლება სერიოზულ არგუმენტად იქცეს. ამიტომ ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ არავის წაუცდეს ხელი ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო შედეგების დაფიქსირებაზე.
– თითქოს ის წინა ელჩებზე უფრო მკაცრია.
– კი, უფრო მკაცრია და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის მიზეზი არსებული ვითარებაა. ისინი ხედავენ, რომ სიტუაცია აშკარად შეიცვალა.
არც ერთ წინა არჩევნებში ხელისუფლებას არ ჰყოლია ასეთი არაპოპულარული კანდიდატი, რომელიც დილიდან საღამომდე იმას ტირის, თუ რატომ არ უყვარს ამომრჩეველს, ასე რატომ აკრიტიკებენ. ამ კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში უნდა ეძიოს.
– კიდევ შეიძლება რამეს ველოდეთ, რომელიც შეიძლება კულმინაციური აღმოჩნდეს თუ ამ ტალღამ უკვე გადაიარა?
– არ ვიცი, ვის რა ფარული ჩანაწერი აქვს გადამალული ბოლო ლუკმად, რომელიც შეიძლება ბომბივით გასკდეს, მაგრამ რაც უკვე ვნახეთ და მოვისმინეთ, ეს ნამდვილად იყო კულმინაცია ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. მეტი უკვე აღარ შეიძლება.
– შედეგებზე იმოქმედებს?
– არა, შედეგების ბედი უკვე გადაწყვეტილია. ხელისუფლებამ ყველა ღონე უკვე იხმარა მისი კანდიდატის გამარჯვებისთვის.
– პირველივე ტურში?
– დიახ, პირველივე ტურში, რადგან მეორე ტურში უკვე გამორიცხულია. მეორე ტურში ვერავითარი გაყალბება ვეღარ უშველის, ამიტომ პირველ ტურში უნდა გავიდეს. ასეთია ხელისუფლების მიზანი და “ქართული ოცნების” მიერ შიდა პარტიული კვლევის შედეგების პრეზენტაციაც ამის ნიშანი იყო.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა