ვახტანგ ძაბირაძე – “ვერ გავიგე, ქვეყანაა თუ კინოსტუდია?! – არჩევნების პირველივე ტურში დასრულება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება”

ვახტანგ ძაბირაძე - "ვერ გავიგე, ქვეყანაა თუ კინოსტუდია?! - არჩევნების პირველივე ტურში დასრულება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება"პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევა შესთავაზა და მასზე დასწრების სურვილი გამოთქვა, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე უნდა იყოს მსჯელობა. მეორე მხრივ უკვე საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. როგორ შეიძლება მოვლენები განიმუხტოს?
– ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია, თუ გვინდა სიტუაცია განიმუხტოს და შეიცვალოს. თუმცა, აქ საუბარია როდის?! მე ვფიქრობ, რომ ახლა არ უნდა დაინიშნოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები. ალბათ გაზაფხულზე ყველაზე კარგი დრო იქნებოდა. ახლა რომც ჩაცხრეს ეს ვითარება, უკვალოდ მაინც არ ჩაივლის, ხალხში მაინც დაილექება.
ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ახალი ტალღის აგორებისგან თავის დაცვა მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით შეუძლია. თუ ახალი ტალღა აგორდება, შემდეგ უკვე ძალიან რთული იქნება ამ პროცესების მართვა. აქიდან გამომდინარე ვთვლი, რომ გაზაფხულისთვის ჯობია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ამ მოთხოვნას, მას კონსტიტუციით ამის სრული უფლება აქვს და ის იყენებს ამ უფლებას. ის ასე უყურებს მოვლენებს, პრემიერი კი – სხვაგვარად. სამწუხაროდ, კონფლიქტი ყოველთვის იყო ხელისუფლების ამ შტოებს შორის და ეს ახალი არ არის. მათ შორის კონფლიქტია მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა მარგველაშვილი შერისხა. კვირიკაშვილი ცდილობდა, ოდნავ მაინც შეემცირებინა ეს კონფლიქტი და თუ ის ტონს დაწევდა, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო “მოწოდების სიმაღლეზე”.
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ პრეზიდენტს საგანგებო სიტუაციის გამოცხადება დასჭირდეს ქვეყანაში. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს სხდომა რამეს გადაწყვეტს. ერთადერთი, ახლა რაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ეს არის არჩევნები მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარდეს და აქ არ იყოს არავითარი კითხვის ნიშანი.
– თქვენ თქვით, რომ საქართველოში არჩევნების ბედი ბოლო ორ კვირაში წყდება. ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია თუ კიდევ შეიძლება რამემ იქონიოს გავლენა? მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრად უფრო სკანდალური ჩანაწერები დააანონსა.
– მეორე ტური აუცილებლად იქნება და ეს უკვე გადაწყვეტილია. თუ დააკვირდით, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კლიპში უკვე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ეს უკვე არის სერიოზული სიგნალი.
– რისი?
– რომ ხელისუფლებამ იცის, რომ მძიმე ვითარებაშია. როგორც ჩანს, მათ ჩაატარეს შიდა კვლევები და ამ კვლევებზე მაინცდამაინც სახარბიელო შედეგები ვერ მიიღეს. ამიტომ, საჭირო გახდა მძიმე არტილერიის ჩართვა. მძიმე არტილერია კი ბიძინა ივანიშვილია.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ გამოჩენილა. მაშინ ივანიშვილი თვლიდა, რომ ის საჭირო არ იყო და ამ ბრძოლას თავს გაართმევდა კახა კალაძე. ახლა ასე არ თვლის და პირადად ერთვება ამ ყველაფერში, მაგრამ ეს რა შედეგს მოიტანს, ვერ გეტყვით. დღეის მდგომარეობით გარდაუვლად მეორე ტური ინიშნება. პირველ ტურში რომ ვინმემ გაიმარჯვოს, ეს ღმერთმა ნუ ქნას.
– საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე ამბობთ?
– რა თქმა უნდა! ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფა. დღესდღეობით არავინ არ დაიჯერებს, რომ პირველ ტურში რომელიმე კანდიდატმა გაიმარჯვა, ვინც არ უნდა იყოს ეს კანდიდატი. ეს იქნება სრულიად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი. ამიტომ, ხელისუფლებას უნდა ეყოს ტვინი, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატაროს, არ უნდა გაბედოს რაიმე ხელოვნული ჩარევა და სტაბილური გარემო შეინარჩუნოს.
– რაც შეეხება დაანონსებულ ჩანაწერებს…
– არ ვიცით, რას გამოაქვეყნებენ და როგორი იქნება ამაზე მოსახლეობის რეაქცია. გულწრფელად რომ გითხრათ, მგონია, რომ ამ ჩანაწერებზე უფრო მეტად საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ თავად ზურაბიშვილმა იმუშავა, მას არც ერთი შეხვედრა არ ჩაუგდია, რომ არ დაეზაფრა საზოგადოება და არა მხოლოდ მისი მოწინააღმდეგეები, არამედ მომხრეებიც კი.
თუმცა, ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა სიმძაფრის ფარულ აუდიოჩანაწერებზე თუ კადრებზეა საუბარი. მიუხედავად ამისა, მე მაინც მგონია, რომ პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან არის ასოცირებული ეს გავრცელებული ჩანაწერები. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული, ბაჯაღლოც რომ იყოს, მას ხალხი მაინც ეჭვის თვალით უყურებს.
2012 წელს როდესაც ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა, მაშინ ეს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან არ ასოცირდებოდა. მაშინ ოპოზიციამ იმდენი მოახერხა, რომ ეს სხვას გაევრცელებინა და არა მას.
ახლა ეს ფარული ჩანაწერები ვიღაცას დამოუკიდებლად რომ გაევრცელებინა, რასაკვირველია, გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნებოდა. რა თქმა უნდა, ეფექტი ახლაც აქვს, მაგრამ არა – დამანგრეველი. ნაციონალურ მოძრაობას არ ეყო ჭკუა, რომ ეს გაეთვალა და ფარული ჩანაწერები არა მათ, არამედ სხვას გაევრცელებინა.
– ბატონო ვახტანგ, ამის საპირწონედ რამდენად გამოდგა პროკურატურის მიერ ნაჩვენები ფარული ჩანაწერები, რომლებზეც ბევრი კითხვა უკვე არსებობს, ხომ არ არის ის ინსცენირებული?
– საზოგადოებაში ამ საპასუხო აუდიოჩანაწერმა დიდი ირონიული ღიმილი გამოიწვია. ვერ გავიგე, ქვეყანაა თუ კინოსტუდია?! ქვეყანას მართავენ თუ სპექტაკლებს დგამენ?! როგორც ჩანს, ქვეყანაში ბლომად გვყავს სცენარისტები, მაგრამ რეჟისურაში აშკარად მოიკოჭლებენ. სერიოზული და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ამ შეფასებებსა და თითქოს არგუმენტებს, რასაკვირველია, ვერ მიიღებს.
– თქვენთვის არ არის არგუმენტი?
– როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის არგუმენტი იყოს?!
რაღაცნაირად ამ ყველაფრის შემხედვარეს გიჩნდება ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ორივე მხარე, ნაციონალური მოძრაობაც და “ქართული ოცნებაც”, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამომრჩეველმა არჩევნებში საერთოდ არ მიიღოს მონაწილობა. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის, ამომრჩეველმა მესამე ძალა ეძებოს და სახლში არ დარჩეს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა