ზაზა ხატიაშვილი – “ივანიშვილის რეჟიმს გაასამართლებენ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე”

ზაზა ხატიაშვილი - "ივანიშვილის რეჟიმს გაასამართლებენ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე"“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ზაზა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს? საიდან მოდის ამდენი ფარული ჩანაწერი?
– მე ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთან პროკურორები კანონიერ ქურდებად იქცნენ და ადამიანებს ქონებას ართმევდნენ. ადამიანები რატომღაც ერთი და იგივე პროკურორთან თავისი სურვილით მიდიოდნენ და ქონებას ჩუქნიდნენ.
ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვითხოვდი, რომ ეს პროკურორები უნდა დააკავოთ-მეთქი. რადგან არ დააკავეს, შემდეგ ვთქვი, რომ ივანიშვილმა ეს ხალხი იმიტომ არ დააკავა, რომ, სავარაუდოდ, იმაში გამოიყენებს, რაშიც სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა.
– გამოიყენა?
– რაც მე ვთქვი, ხომ ყველაფერი ახდა?! სუბელიანი პროკურორი იყო, მან უკანონოდ დააკავა ადვოკატი მადონა მირზიანი, ამაზეც არაერთხელ მისაუბრია. მე ვითხოვდი ამ ადამიანის პასუხისგებაში მიცემას, რადგან არ მისცეს, ვთქვი, რომ ამ ადამიანს იგივეს გააკეთებინებენ.
მე რასაც ვამბობდი, ყველაფერი ის მოხდა. საერთოდ არაფერი არ შეიცვალა. პირიქით, უფრო მძიმე უბედურებები მოხდა, ფაშისტური რეჟიმის დაფარვა დაიწყო ივანიშვილის ფეოდალურმა ხელისუფლებამ.
– ყველგან ძველი კადრები დარჩნენ?
– დარჩნენ ძველი კადრები და ივანიშვილს მოუნდა, იგივე გაეგრძელებინა, რასაც წინა რეჟიმი აკეთებდა. ძალიან მიხარია, რასაც სუბელიანი აკეთებს ახლა, იმიტომ, რომ ამას 5 წელია, ვყვირივარ, რომ ამ ძველმა კადრებმა სხვანაირად მუშაობა არ იციან და იგივე სიბინძურეები გრძელდება-მეთქი. ასეც მოხდა. ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ამის ნათელი დასტური. ამას გადაყვება ივანიშვილი.
– ანუ სუბელიანის ჩანაწერები ფარდას ჩამოხდის ხელისუფლების საქმიანობას?
– აუცილებლად ჩამოხდის. ეს პროცესი დაწყებულია და ვეღარაფერი შეაჩერებს.
– ანუ სუბელიანი ასრულებდა ბინძურ საქმეებს და თან ამ ყველაფრის კომპრომატებს ინახავდა?
– რა თქმა უნდა. ბევრნი არიან სუბელიანები. ძალიან ბევრი ასრულებდა ამათ ბინძურ დავალებებს და მერე კომპრომატებს ინახავდა, რადგან ამ კომპრომატებს გამოიყენებდნენ მაშინ, როდესაც მათ სახელმწიფო გაწირავდა.
აქ ათობით სუბელიანი იქნება, რომელთაც ცუდ რაღაცეებს ავალებდნენ. აი, ნახავთ, გამოვლენ ეს ადამიანები და იტყვიან, ვინ რა დაავალა. მთავარი უბედურება ამ ქვეყანაში იყო პროკურატურა და პროკურატურა არ გაწმინდეს. პროკურორად დანიშნეს შოთაძე, რომელიც ხალხს აკულაკებდა, როცა იყო ფინანსურ პოლიციაში. ასევე ფინანსურ პოლიციაში იყო ბადაშვილიც. როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, 20 ათას კაცს შეატანინეს განცხადება პროკურატურაში, ქონებას დაგიბრუნებთო, ივანიშვილის რეჟიმმა კი რა გააკეთა!
– რა გააკეთა?
– ეს მათი განცხადებები დააწერეს იმ პროკურორებს, ვისაც ეს ხალხი უჩიოდა. ხალხი რომ მიდიოდა პროკურატურაში, იგივე პროკურორებს ხედავდა, ვინც დაიჭირა, ვინც ქონება წაართვა და ეს პროკურორები მერე საჩივარს ურჩევდნენ, შენ შეგქონდა ჩემ წინააღმდეგ სარჩელიო.
“ოცნებამ” რაც დათესა, ის მოიმკო. ამას ვამბობდი მთელი 5 წელი, რომ ეს მოხდებოდა. ახლა იჯდეს ივანიშვილი და იმ ხალხის სახელები და გვარები გაიხსენოს, ვისაც ამას აკეთებინებდა.
– ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ამ ჩანაწერებზე, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლებია. რას იტყვით თქვენ?
– მე არა მგონია, რომ ეს დადგმული იყოს. ან რანაირად არის დადგმული? ჯაფარიძე რომ გამოვიდა, დაადასტურა ეს ყველაფერი, ეს კაცი სრულ ჭკუაზე არ იყო და იმიტომ თქვა ეგეთი რამეებიო. ჯაფარიძეს რომც არ დაედასტურებინა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუბარი რეალურად იყო, რადგან ეს ადამიანი ბევრ რამეში გამოიყენეს.
– როგორ მოხდა დაკეტილ საკანში ფარული ჩანაწერის გაკეთება?
– სუბელიანი მაგათი ხელმძღვანელი ხომ იყო? ჰოდა, როგორც ჩანს, აქვს ის კავშირები, რომ ეს გააკეთოს. არც ის არის გამორიცხული, სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენს ჩაეწერა და მიეწოდებინა რუსთავი 2-თვის. არ არის გამორიცხული, რომ სუბელიანი რადგან უკმაყოფილოა ამ სიტუაციით, აშანტაჟებს ხელისუფლებას. ხელისუფლება რომ ამას არ გამოიძიებს, ესეც ფაქტია.
– რას ელოდებით, მძიმე არჩევნები გველოდება?
– რა გითხრათ, ფაქტია, რომ ორი ყველაზე ბინძური რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმი, ერთმანეთს ექიშპებიან, არა მე უნდა ვიყო, არა მეო. ქართველი ხალხი უყურებს და ფიქრობს, მკვდარსა და გულწასულს შორის რა არჩევანი გააკეთოს. აი, ამ უბედურებაში ჩაგვაგდო ჩვენ ივანიშვილის რეჟიმმა.
– ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს ოპოზიციის ნაწილი, რამდენად არის ეს გამოსავალი?
– ყველაზე დიდი უბედურება არის არაფორმალური მმართველობა ამ ქვეყანაში და პირადი მცველების და პირადი ექიმების დანიშვნა თანამდებობებზე. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ყველგან ძირეული რეფორმა უნდა მოხდეს.
მურუსიძე და ჩინჩალაძე მოსამართლეები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს და ახლაც არიან. ერთს გეტყვით, ივანიშვილის რეჟიმს გაასამართლებენ ლევანა მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა