“ზაზა ოქუაშვილი იგორ გიორგაძის მძღოლი იყო – “ომეგას” სკანდალი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის აგორებულია”

"ზაზა ოქუაშვილი იგორ გიორგაძის მძღოლი იყო - "ომეგას" სკანდალი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის აგორებულია"საპრეზიდენტო არჩევნების არჩევნების წინ ქვეყანა მოექცა გარე ძალებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური დაპირისპირების ეპიცენტრში. ამის შესახებ “ახალ თაობასთან” საუბრობს ყოფილი დეპუტატი, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერი მირიან მირიანაშვილი.
მირიან მირიანაშვილი:
– ეს არ არის კლასიკური არჩევნები. ამ არჩევნებს რუსები თავისი შავბნელი გეგმებისთვის იყენებენ, დასავლეთი კი აკვირდება, ხომ არ ჩავარდება ამ არჩევნების გამოყენებით საქართველო იმ პოლიტიკური ელიტის ხელში, რომელიც ცივილიზებული სამყაროს ნდობას არ იმსახურებს.
– ქართული ბერკეტების ნაწილის მშვიდობიანად დათმობა აღარ უნდა რუსეთს? მოსკოვმა სხვა გზა აირჩია?
– ასე გამოდის. რუსეთს და მის ქართველ მსახურებს გადაწყვეტილი აქვთ საქართველოში 1991-92 წლების მოვლენების გამეორება. ამისთვის გამოიყენება საარჩევნო თემატიკა. კრემლის გეგმის შემსრულებელი ქართველები, საუბედუროდ, ოპოზიციაშიც არიან და ხელისუფლებაშიც. ჩაფიქრებულია ქაოსის მოწყობა ნებისმიერ შემთხვევაში. ნაციონალური მოძრაობა აპირებს ქუჩაში გამოსვლას, თუ მისი კანდიდატი არჩევნებს წააგებს. თუ მოიგებს, მაშინ მით უმეტეს, შეასრულებს მუქარას და ქაოსს მოაწყობს.
ღიად ცხადდება, რომ ნაცმოძრაობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მოხდება სააკაშვილის შეწყალება, რასაც მოჰყვება რევოლუციური სცენარის განვითარება. ექსპრეზიდენტი დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და დაიწყება ამ განზრახვის შესრულება ყველანაირი მეთოდის გამოყენებით. ამ გეგმას ემსახურება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საწინააღმდეგო აქტიური შავი პიარი და ხალხის წყობიდან გამომყვანი ისეთი საკითხების დღის წესრიგში ჩასმა, როგორიცაა კანაფის კულტივაცია.
– სალომე ზურაბიშვილს თავისი გადაცდომები აქვს წინასაარჩევნოდ. კანაფის მოშენება მისი ინიციატივა არაა.
– კანაფის საკითხის წამოწევა ხდება საგანგებოდ. ეს არის ხალხის წინ წითელი ნაჭრის ფრიალი. საზოგადოება ამის პასუხად ღიზიანდება იმ კანდიდატზე, რომელსაც ხელისუფლება მფარველობს. კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში შეტანის დროს გამოიჩინეს გაუგებარი სულსწრაფობა. ასეთ გამაღიზიანებელ ნაბიჯებს არჩევნების წინ არც ერთი ხელისუფლება არ დგამს.
– არჩევნების წინ რატომღაც საკამათო გახადეს 2008 წლის ომის დაწყების საკითხი.
– გასაგებია საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ზურაბიშვილის ამ განცხადებებზე. ომი საქართველოს არ დაუწყია და ვინც საპირისპიროს ამბობს, ძალიან ცდება. ჩვენ ისეთ რთულ მდგომარეობაში ვართ, რომ მარტო განცხადებებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დასავლეთი უნდობლობას გამოუცხადებს იმ პოლიტიკურ ლიდერებს და მათთან ერთად საქართველოს, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს და რომლებიც დიდი ხანია, მჭიდროდ არიან დაკავშირებული საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სპეცსამსახურებთან.
– დააზუსტეთ.
– ევროკავშირსა და ნატოში მოქმედებს ერთი წესი. ის შემოიღეს მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციებში შევიდნენ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები. ამ წესის თანახმად, ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების პირველი პირები, პოლიტიკური ელიტა არ უნდა იყვნენ მიბმული რუსეთზე, მის სპეცსამსახურებზე, მათ არ უნდა ჰქონდეთ განათლება მიღებული რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტუტუტში.
ვაშაძე და სააკაშვილი, რომლებიც შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ. ასეთი ლიდერების ხელში საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატოში გამორიცხულია.
– რუსეთს აგენტურა შეიძლება დასავლეთის სახელმწიფოების ქვედა რგოლებშიც ჰყავდეს.
– ბუნებრივია, მაგრამ სალომე ზურაბიშვილზე დასავლეთი ამას ვერ იტყვის. რუსეთისაგან მისი დამოუკიდებლობის გარანტიას საფრანგეთის სპეცსამსახურები იძლევიან. პრეზიდენტის არჩევნები საქართველოსთვის რთულ დროს ემთხვევა. ქვეყანა მოხვდა როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური დაპირისპირების ეპიცენტრში.
– იგულისხმება დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის? უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებაც ამ კონტექსტში მოიაზრება.
– რასაკვირველია. უკრაინის ეკლესიის მოსკოვის საპარტიარქოსგან დამოუკიდებლობას მხარს უჭერს არა მხოლოდ კონსტანტინეპოლის პატრიარქი, არამედ, მთელი დასავლეთი. ეს პოლიტიკური პრობლემაცაა და დასავლეთი საქართველოსგან სწორ გადაწყვეტილებას მოელის.
რუსეთს უნდა ქაოსის მოწყობა და 91-92 წლებში ჩვენი დაბრუნება. მაშინ დეპუტატი ვიყავი და კარგად ვიცი, როგორ იწყებოდა რუსეთის ინიცირებით მაშინდელი საშინელი მოვლენები. “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებული ფარული ჩანაწერები გადაჯაჭვულია ამ პროცესებთან. “ომეგა ჯგუფი” ყოველთვის იყო უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის საკუთრება. ეს სპექტაკლები მისი დირიჟორობით დაიდგა.
– ბოლო დროს იგორ გიორგაძემ, რუსეთის სხვა უწყებების პარალელურად, საქართველოში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიას შეუტია.
– ეს სწორედ იმისთვის მოხდა, რომ დაფიქსირებულიყო გიორგაძის ჩართვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. თუ “ახალ თაობას” დააინტერესებს, სხვა ინტერვიუში დაწვრილებით შევეხები იგორ გიორგაძის მიერ ბიოლაბორატორიის საკითხის წამოწევას.
– სკანდალი “ომეგა ჯგუფის” გარშემო საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ააგორა?
– ყველაფერი მისი დირიჟორობით ხდება. ამ სკანდალის მიზანია შავი პიარი “ქართული ოცნების” ხელისუფლების, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ზაზა ოქუაშვილი გიორგაძის “ომეგა ჯგუფში” 90-იან წლებში მძღოლად მუშაობდა. როცა იგორ გიორგაძე საქართველოდან წავიდა, ეს კომპანია მას დარჩა. მისი ნამდვილი მფლობელი გიორგაძეა.
– “ომეგა” ნაცმოძრაობას და მის კანდიდატს დაუკავშირდა.
– ამაში არაფერია გასაკვირი. საქმეში ჩახედული ხალხისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რაც სააკაშვილმა ჩაიგდო ხელში, გიორგაძის გამგებლობის სფეროა. ბევრმა იცის, რომ ნაცმოძრაობა რუსულ სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული. ზოგისთვის ისიც ცნობილია, რომ ნაცმოძრაობის პირდაპირი კურატორი იგორ გიორგაძეა.
ამაზე ლაპარაკს ყველა ერიდება. როცა ჩემი დაფუძნებული ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას ვცდილობდი, მირჩიეს, პირადად გიორგაძესთან დამეჭირა საქმე. გიორგაძე სააკაშვილის კურატორი მაშინაც იყო, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინაში საქმიანობდა. უკრაინელ მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენ კურჩენკოსაც ის აძლევს მითითებებს.
– ეგ ის კურჩენკოა, რომელთან გარიგებას და უკრაინის წინააღმდეგ ერთად მოქმედებას სააკაშვილს უკრაინა ედავებოდა?
– სწორედ ისაა. არსებობს სააკაშვილისა და კურჩენკოს კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
– იგორ გიორგაძეს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა უნდა?
– ყველაფერი ამაზე მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, მას უნდა, თვითონ ჩაანაცვლოს ბიძინა ივანიშვილი. გიორგაძის მითითებით ადამიანები, რომლებიც ადრე ნაცმოძრაობას ლანძღავდნენ, დღეს გრიგოლ ვაშაძის შტაბის გარშემო გაერთიანდნენ. მათი შეკავშირების საბაბი საინტერესოა – მარიხუანა. ეს ხალხი ირწმუნება, რომ ნაციონალებთან კანაფის წინააღმდეგ ბრძოლის მიზანმა მიიყვანა.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა