ზურაბ ჯაფარიძე – ”დედაენის ბაღში 20 ოქტომბერს კანაფის ფესტივალს მაინც ჩავატარებ, მოვიდნენ და დამიჭირონ”

ზურაბ ჯაფარიძე - ”დედაენის ბაღში 20 ოქტომბერს კანაფის ფესტივალს მაინც ჩავატარებ, მოვიდნენ და დამიჭირონ”შსს-ს განცხადების მიუხედავად, პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე „დედაენის ბაღში“ დაგეგმილი კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარებას მაინც გეგმავს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს განცხადების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ფესტივალზე ერთადერთი ვინც კანონს დაარღვევს, ის იქნება.

პრეზიდენტობის კანდიდატს შსს-ს განცხადების სერიოზულობაში ეჭვი ეპარება, თუმცა აცხადებს, რომ „დედაენის ბაღში“ მისულებს საშუალება ექნებათ ისტორიული მოვლენა იხილონ – თუ როგორ აკავებენ პრეზიდენტობის კანდიდატს.

„შსს გვემუქრება ჩვენ, თითქოს ჩვენ რაღაც კანონს დავარღვევთ და არსებობს შესაბამისი სანქციები, როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის. პირველ რიგში მინდა ვუპასუხო შსს-ს – მე, ზურა ჯაფარიძე ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი და 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყრი კენჭს. მე პირადად ჩადენილი მაქვს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი. 2016 წლის 31 დეკემბერს მე დავარღვიე კანონი და დავთესე კანაფის მარცვლები. მაშინ მე დავარღვიე კანონი და ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი გულისხმობდა კანონდარღვევას.

20 ოქტომბერს ასევე ვაპირებ, რომ ჩავიდინო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამჯერად მე არ ვარღვევ კანონს, რადგან ვთვლი, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს მიმართულია იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა „გირჩისა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ 20 ოქტომბრის ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გართობის საშუალება ექნება.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობდა ამ ფესტივალში მონაწილეობას, მინდა ვუთხრა, რომ ეს ფესტივალი ჩატარდება, როგორც არის დაგეგმილი. ყველა ადამიანს, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, მოვუწოდებ მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, გაერთონ. არც ერთ იქ მონაწილეს არავინ არ თხოვს, რომ მათ რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინონ. კანონს დავარღვევ მხოლოდ მე, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად, ლაივში ნახოთ როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შსს-მ „გირჩის“ მიერ დაანონსებულ კანაფის ლეგალიზების ფესტივალთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბორცვაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

ინტერპრესნიუსი