„ზურაბიშვილის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგს ჯურღმულში ჩაიყოლებს – სალომეს მთავარი მინუსი მისი ქედმაღლობაა“

„ზურაბიშვილის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგს ჯურღმულში ჩაიყოლებს - სალომეს მთავარი მინუსი მისი ქედმაღლობაა“პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი შიდა კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. სულ სხვა სურათი იყო „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატი მესამე ადგილზე გავიდა.

„ახალი თაობა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, რამდენად ასახავს სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის შედეგებს, რა მიზნით ტარდება ეს კვლევები და რას ელოდება ამ არჩევნებისგან.

– ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩაატარეს შიდა კვლევა და მათ სოციოლოგიურ კვლევაში დიდი უპირატესობით იმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხზე?

– კვლევების მიმართ ქართულ სინამდვილეში ძალიან დაბალია ნდობა და მიმღებლობა. წლების განმავლობაში არჩევნების წინ სხვადასხვა კანდიდატის მხარდამჭერი წყაროები სხვადასხვა მონაცემებს აქვეყნებენ. ისეთს, რა სურათიც უნდათ იხილონ არჩევნებზე. ამ შემზადების იარაღად იქცა სოციოლოგიური კვლევები. ამიტომ არის დაბალი მიმღებლობა.

კვლევები საქართველოსნაირ ქვეყნებში რეალური სურათის დანახვასთან ერთად ასევე გამოიყენება იმისთვისაც, რომ საზოგადოებრივ აზრზე ფორმირების იარაღადაც გამოიყენონ.

– შედეგების მანიპულაცია ხდება თუ ფალსიფიცირება?

– მე გესაუბრებით იმაზე, რა მიზანსაც ემსახურება ხოლმე სოციოლოგიური კვლევა. მე არ გელაპარაკებით, კონკრეტულად, არც „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე და არც იმ კვლევაზე, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რადგან მე არცერთი კვლევის „ნედლი“ მასალა და მონაცემები არ მაქვს ხელთ.

თუმცა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციად იქცა მონაცემების ფალსიფიცირება მანიპულაციის  მიზნით. კვლევას ჩვენნაირ ქვეყნებში ანუ უმწიფარ დემოკრატიებში 2 ფუნქცია აქვს: დამკვეთმა დაინახოს რეალური სურათი, რა პრობლემა და ხარვეზები აქვს მის კანდიდატს და მეორე ის, რომ საზოგადოებაში შეამზადოს ფონი იმ სასურველი შედეგისთვის, რისთვისაც პარტია თუ კანდიდატი იბრძვის. შედეგი, რომელსაც კვლევის დამკვეთი იღებს და ის შედეგი, რომელსაც აწვდიან საზოგადოებას, ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ბოლო 20 წელში რასაც ვაკვირდებით, ასეთი გაუკუღმართებული სახე შეიძინეს სოციოლოგიურმა კვლევებმა.

ჯერ კიდევ არსებობდა ნდობა კვლევების მიმართ 2003 წლის არჩევნების პერიოდში. 2003 წლიდან მათ მიმართ ნდობა სულ უფრო და უფრო იკლებს იმ მიზეზების გამო, რაზეც ვისაუბრე. წყალგამყოფზე თუ ვისაუბრებთ, ამ თვალსაზრისით 2003 წელი შეიძლება მივიჩნიოთ წყალგამყოფად. მანამდე ახალი ხილი იყო ქართული საზოგადოებისთვის სოციოლოგიური კვლევა და ნდობა ამ ციფრების მიმართ გაცილებით მაღალი იყო.

– ქართული რეალობა ახსენეთ და სოციოლოგიური კვლევების მიმართ უნდობლობა მხოლოდ ჩვენს რეალობაშია თუ ზოგადად სახე იცვალა?

– ასეა ზოგადად. მხოლოდ ქართული ნოუ-ჰაუ არ არის. საქართველოსნაირ ქვეყნებში უფრო მიმართავენ ხოლმე სოციოლოგიური კვლევებით საზოგადოებაზე ზემოქმედებას. უფრო მყარი დემოკრატიის სახელმწიფოებში სხვანაიარად არის.  იქ ნაკლებად იყენებენ კვლევებს მანიპულაციისთვის.

თუმცა, სოციაოლოგიური აზრის კვლევის მიმართ ნდობა დასავლეთშიც ძალიან დაეცა. ერთი რამე მინდა გავიხსენო, ეს არის აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. ყველა კვლევა, რაც საჯარო ხდებოდა, აჩვენებდა, რომ იმარჯვებდა კლინტონი. რეალობა სხვა აღმოჩნდა და გაიმარჯვა ტრამპმა. იქ სოციოლოგიური კვლევები კი არ გააყალბეს, უბრალოდ ვერ ასახეს რეალობა. სრულიად ახალი ტექნოლოგიებით მიმდინარეობდა ბოლო საპრეზიდენტო კამპანია, კვლევები კი იზომებოდა ძველი ტექნოლოგიებით, მაშინ როცა საარჩევნო კამპანია ახალი ტექნოლოგიებით მიდიოდა. ამიტომაც მიიღეს ის ცდომილება.

– თქვენი მოლოდინი როგორია ამ არჩევნებთან დაკავშირებით? იქნება მეორე ტური?

– მე აღვნიშნე რომ სოციოლოგიურ კვლევებს არ ვეყრდნობი, მე ვეყრდნობი თბილისსა და რეგიონებში არსებულ განწყობებს, საკმაოდ ინტენსიური შეხება მაქვს რეგიონებთანაც. ამასთანავე, ჩანს სურათი სოციალურ ქსელშიც. ობიექტური მოცემულობა ასეთია, რომ მეორე ტური გარანტირებულია. რა უნდა ხელისუფლებას, რა მასშტაბის გაყალბებას გაბედავს თუ ვერ გაბედავს, ეს სხვა რეალობაა.

ხელისუფლების რიტორიკიდან ჩანს, რომ ყველაფერზე მზადაა წავიდეს, რომ სხვა სურათი დაიდოს.

– პირდაპირ გაყალბებაზე წავა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე?

– არაკანონიერი, მაგრამ უფრო რაციონალური იქნებოდა ადმინისტრაციული რესუსრსის გამოყენება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასეთი მძიმედ „გასაყვანი“ კანდიდატი არცერთ ხელისუფლებას არ ჰყოლია, როგორიც სალომე ზურაბიშვილია.

ძალიან მინდა ეყოს რაციონალიზმი „ქართულ ოცნებას“ და გაყალბებაზე არ წავიდეს, როგორც არ უნდა გაუჭირდეს მას. მარტივი ფორმულა ასეთია, რომ რაც უფრო ბევრი ხალხი მივა არჩევნებზე, ადმინისტრაციული რესურსის წილი მით უფრო დაბალი იქნება. საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების წილი მაღალი იქნება მაშინ, თუ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არ მივლენ არჩევნებზე. ეს უზრუნველყოფს ზურაბიშვილისთვის ხმების მიცემას, თუმცა ეს მის მხარდაჭერას არ ნიშნავს და აქ ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამთ.

საბჭოთა კავშირის დროს მარშებზე და პარადებზე რომ გამოჰყავდათ კომუნისტური პარტიის წევრები, ასეთი ვითარება იქნება ახლაც, მხოლოდ იძულების წესით მივლენ „მეოცნებეები“ ზურაბიშვილისთვის ხმის მისაცემად, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 100 მიცემული ხმიდან, უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმა შეიძლება იყოს 1 ან 2.

ასეთი საოცრად გამაოგნებული არჩევანი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“: შემცირებული რეიტინგის მქონე „ოცნებას“ არ შეუძლია, ზურაბიშვილის რეიტინგი აქაჩოს. სამაგიეროდ, ზურაბიშვილის რეიტინგი „ოცნების“ შემორჩენილ რეიტინგსაც წყალში გადაყრის. ამას ყველაზე უკეთ თავად „ქართული ოცნება“ გრძნობს.

დამერწმუნებით, რომ არასდროს დაპირისპირებია ღიად სახელისუფლო კანდიდატს ეკლესია. ესეც ინდიკატორია. ის, რომ მეუფეები დღეს ტელევიზიით აღარ საუბრობენ, არ ნიშნავს, რომ მრევლთან ურთიერთობაში მათ იგივე განწყობა არ აქვთ.

ასეთი სირთულეების წინაშე არასდროს ყოფილა სახელისუფლებო კანდიდატი.

– ამას რითი ხსნით?

– გაუცხოება მოხდა. სალომე ზურაბიშვილისთვის ეს საზოგადოება აბსოლუტურად უცხოა. მან ვერ მოახერხა შეესისხლხორცებინა ეს ერი, როგორც მისი ორგანული ნაწილი. ამას ზურგის ტვინით გრძნობს ხალხი. გაუცხოებაა პრობლემა. უცხო სხეულად დარჩა. როცა კანდიდატი იძახის, რომ პრეზიდენტი ხალხთან კი უნდა იყოს, მაგრამ ხალხზე მაღლა უნდა იდგესო, ეს ამომრჩევლის უმეტესობას ძალიან აღიზიანებს. სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს ის და ხალხი და ემოციური ბმა არ აქვთ ერთმანეთთან.

სალომე ზურაბიშვილი თუ გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ 2 მიზეზით მოხდება: ერთი რომ საჯარო სექტორში დასაქმებულები მისცემენ მას ხმას, რათა არ დაკარგონ სამსახური და მეორე – არ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ან „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის გამარჯვება.

– ანუ შავი და თეთრი პოლიტიკური ფერების წარმოჩენას შეეცდება ხელისუფლება და ამ ვითარების თავის სასარგებლოდ შემოტრიალებას შეეცდება თუნდაც მეორე ტურში?

– როცა მე ვსაუბრობ რაციონალიზმზე, ამან უნდა უბიძგოს „ოცნებას“, რომ მეორე ტურზე წავიდეს. ვინც პირველ ტურში არ მივა არჩევნებზე, მეორე ტურში ასეთი ამომრჩეველიც კი შეიძლება მიიყვანონ, იმის შიშით, რომ „კაი ბატონო, არ გინდათ ზურაბიშვილი, არ ვარგა, ენა არ იცის და ა.შ. მაგრამ თუ ვაშაძემ მოიგო, მაშინ პირველივე აქტს იმას გამოსცემს, რომ სააკაშვილს შეიწყალებს“. ასე რომ, ალბათ ამ რაციონალიზმს მიმართავს „ქართული ოცნება“.

„ოცნების“ ლიდერებშიც კი 3-4 კაცის გარდა არავინ მეგულება, რომელიც თანახმა იყო სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის. ზურაბიშვილის წარდგენის ღონისძიებებზე „მეოცნებე“ ლიდერების სიმწრის ღიმილაფარებულ სახეებსაც რომ დააკვირდეთ, მათი რეალური განწყობა კარგად ჩანს. აქ არ ვსაუბრობ იმაზე, ცუდია თუ კარგი სალომე ზურაბიშვილი. იმაზე ვსაუბრობ, თუ რატომ მოხდა გაუცხოება. ქედმაღლობა არის ის, რა როლიდანაც ზურაბიშვილი საზოგადოებას უყურებს და თან არც მალავს. ეს მისი მიუღებლობის თავი და თავია.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა