ზვიად კუპრავა – “მირზა სუბელიანს წამების კადრები შეიძლება ჰქონდეს ჩაწერილი”

ზვიად კუპრავა - "მირზა სუბელიანს წამების კადრები შეიძლება ჰქონდეს ჩაწერილი”მირზა სუბელიანის აღსარებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. საქართველოში აქამდეც ყველამ იცოდა, რომ ის ხელისუფლებას სკანდალური ჩანაწერით აშანტაჟებდა. მაგრამ მის ხელში თუ ამდენი სკანდალი მოიყრიდა თავს, ამას მრავლისმნახველი ერი ვერ წარმოიდგენდა.
პირველი, ვინც სუბელიანის ხელთ არსებულ სკანდალურ ჩანაწერზე ალაპარაკდა სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა იყო. მისი თქმით, სუბელიანს ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანის კადრები ჰქონდა.
რამდენიმე თვის წინ კუპრავამ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის ხელთ კიდევ სხვა ჩანაწერებიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი ვარაუდი გამართლდა. კუპრავა არ გამორიცხავს, რომ სუბელიანს იმაზე მძიმე ჩანაწერები აქვს, რაზეც ციხის საკანში საუბრობდა.
რატომ აკეთებდა ამ ჩანაწერებს სუბელიანი, რა ფაილები გაატანა თავის სიმამრს თურქეთში, რა სკანდალს უნდა ველოდოთ მომავალში, რა გაგრძელება ექნება ამ პროცესს? – ამის შესახებ ზვიად კუპრავა “ახალ თაობას” ესაუბრება.
– თქვენ პირველი იყავით, ვინც მირზა სუბელიანის ხელთ არსებულ კომპრომატებზე დაიწყეთ საუბარი. ელოდით, რომ მას ასეთი სკანდალური მასალა ჰქონდა?
– ჩემი აზრით, მირზას ხელთ არსებული ჩანაწერები ბევრად უფრო მასშტაბური და მძაფრსიუჟეტიანია, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ. ისეთ რაღაცეებს ვიხილავთ, რისი დადგმა სტივენ სპილბერგსაც კი გაუჭირდება.
მირზა სუბელიანი იყო ის პირი, რომელიც ყველა შავ სამუშაოს ასრულებდა. ამას თავადაც აღიარებს. პირდაპირ ყვება, ვინაიდან ბაჩო ახალაიას ვერ უმტკიცებდნენ დანაშაულს, ქურდები გააბოზეს. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ როგორ შედიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები გაუბაზრებლად იქ, სადაც მათი ადგილი არ იყო.
არ დაგვავიწყდეს, რომ ის სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციის უფროსი იყო და უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობდა.
როცა თავისი შვილის საქმის მოგვარებას ცდილობდა, მაშინ, რა თქმა უნდა, სუბიექტური იყო, მაგრამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებების მოსაპოვებლად მოწმეები ვიღაცის მითითებით გაიტაცა და აწამა.
– ვის უნდა მიეცა მისთვის ამის ბრძანება?
– ბრძანება იქნებოდა ზევიდან, ბიძინასგან და ა.შ. მას რაც დაავალეს, გააკეთა, მაგრამ ეს მტკიცებულების გარეშე არ გააკეთა.
– რისთვის იწერდა ამ ყველაფერს, ეშინოდა, რომ რაიმე პრობლემები შეექმნებოდა?
– მან ყველაზე კარგად იცოდა, რომ რასაც ის სჩადიოდა, იყო დანაშაული. იცოდა ისიც, რომ მსგავსი საქმეების გამო წინა ხელისუფლებას ხალხმა პრობლემები შეუქმნა. ეს გამოცდილება მან გაითვალისწინა და, როდესაც დანაშაულს სჩადიოდა, ქმნიდა მტკიცებულებას იმისთვის, რომ თუ ზემდგომები მას გასწირავდნენ, თავის დასაცავად მათ წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონოდა. ეს პრობლემები მას იმაზე ადრე დაუდგა, ვიდრე თავად წარმოიდგებდა.
– სუბელიანის აღსარებასთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება გაჩნდა. არის კითხვები, ვინ ჩაიწერა და გარეთ ვინ გამოიტანა ეს საუბარი.
– აქ არის სამი ვარიანტი. საუბარი შეიძლება ჩაეწერა სტუმარს, მასპინძელს ან ციხის ადმინისტრაციას.
– მირზა სუბელიანს შეეძლო ამ საუბრის ჩაწერა?
– შეეძლო. ჩამწერის მოხვედრა საკანში სირთულეს არ წარმოადგენს. ჩამწერი მოწყობილობის შეტანა ადვოკატს შეეძლო.
– რამდენიმე თვის წინ თქვენ დაგიკავშირდათ მირზა სუბელიანის სიმამრი ბორის კაკუბავა. მაშინ თქვენ მირზა სუბელიანის ხელთ არსებული კადრების გადაცემას სთხოვდით. მხოლოდ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებზე იყო საუბარი?
– მაშინ მხოლოდ მერაბიშვილის კადრებზე გვქონდა საუბარი. ამ კადრებზე საუბარი პირველმა მე დავუწყე. მათ არც იცოდნენ, რომ ეს ამბავი ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერები სუბელიანმა სხვა აიტიშნიკებს მოახსნევინა, ამისთვის ციხის აიტიშნიკები არ გამოუყენებია.
რაც ვიცოდი, ყველაფერი დეტალურად დავულაგე და ვუთხარი, რომ თუ თავად სუბელიანს არ სურდა ამ კადრების პროკურატურაში მიტანა, ამას მე გავაკეთებდი. ამ თემაზე არაერთი საუბარი გვქონდა და მათ არცერთხელ არ უარუყვიათ, რომ ეს კადრები ჰქონდათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია.
ჩვენ შორის საუბარი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კადრების გადმოცემა გააჭიანურეს. მერე ვიფიქრე, ამათ უკვე იციან, რომ მე ამ სკანდალური ჩანაწერის შესახებ ვიცი. მე რომ აღარ ვყოფილიყავი, ერთით ნაკლები პრობლემა ექნებოდათ. ეს ადამიანები რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, ყველამ ვნახეთ.
თავის დაზღვევის მიზნით ეს ინფორმაცია გავასაჯაროვე. ვთქვი, რომ ვანო ციხიდან გაიყვანა და ფარცხალაძესთან მიიყვანა დარბაისელმა. ამ ყველაფერს ტექნიკურად აგვარებდა მირზა სუბელიანი.
ციხის პერიმეტრზე რაც ხდება, ყველაფერი კამერებზე იწერება. მირზას უთხრეს, რომ ეს ჩანაწერი გაენადგურებინა. მან მოიყვანა აიტიშნიკები და გაყვანის კადრების ასლი ჩაიდო ჯიბეში, რის შემდეგაც ეს ჩანაწერები გაანადგურა.
სადაც ეს ჩაიწერა, იქ რატომ არ ჩაიწერდა მოწმეების წამებას? ამ ჩანაწერებით ემუქრება ახლა ხელისუფლებას.
– თავის აღსარებაში სუბელიანი ამბობს, ორი კადრით დავამთავრებ ხელისუფლებასო. ამ ორ კადრში ვანოს გაყვანა ალბათ არ იქნება, ამის შესახებ უკვე ყველამ იცის.
– ვანოს გაყვანის კადრებს ნახვის რეზონანსულობა უკვე დაეკარგა. არავის რომ არ ცოდნოდა, მაშინ ექნებოდა ეფექტი, ახლა ყველამ იცის ეგ ამბავი.
არ გამოვრიცხავ, რომ წამების კადრები ჰქონდეს ჩაწერილი. ეს ხელისუფლება ოპოზიციაში ყოფნისას სულ გაიძახოდა, ნაციონალები გაწამებენ, ჩვენ მოვალთ და მოგეფერებითო. ხალხი რომ ნახავს, რომ ახლა “ოცნებაც” აწამებს, მისთვის ეს შოკი იქნება, ცხადია.
პირადად ჩემთვის, რაც არ უნდა გამოქვეყნდეს, შოკი არ იქნება. 2012 წელს “ოცნებისთვის” ხმა არ მიმიცია. ზუსტად ვიცოდი, არაფერი შეიცვლებოდა. კარგად ვიცოდი, რომ ჩემი ხელფასი 2.000 ლარი არ გახდებოდა და არც პენსია იქნებოდა 400 ლარი.
ამათთვის ხმა არ მიმიცია და, შესაბამისად, იმედგაცრუება არ მაქვს, მხოლოდ გაბრაზებული ვარ. “ოცნების” მხარდამჭერები გაბრაზებულებიც არიან და იმედგაცრუებულებიც.
ეს ორი კომპონენტი ქმნის იმის წინაპირობას, რომ “ოცნების” მხარდამჭერები ჩემზე უფრო სწრაფად მიირბენენ ბიძინამდე.
– ისევ სუბელიანის ნაამბობს მინდა დავუბრუნდეთ. გამორიცხავთ, რომ სუბელიანს ვიქტორ ჯაფარიძესთან ტყუილად ეთქვა, რომ ჩანაწერები აქვს, იქნებ, ვანოს გაყვანის კადრების გარდა, არც არაფერი აქვს და ხელისუფლებას ისე აფრთხილებს?
– მირზა ისეთი ტიპია, ყველაფერს ჩაიწერდა. ვანოს გაყვანა თუ ჩაიწერა, ბაჩო ახალაიას საქმეზე მოწმეებს როგორ აწამებენ, ამასაც ჩაიწერდა. ის იყო გენინსპექციის უფროსი და მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. ახლა ამ ჩანაწერებით აშანტაჟებს ხელისუფლებას.
– თუ გავითვალისწინებთ, როგორ მიდიოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვეების მანძილზე სუბელიანი მართავდა “ოცნებას”?
– “ოცნებას” აშანტაჟებდა. ქვეყანას და პარტიასაც ბიძინა მართავს. მის მერე, როგორც ვნახეთ, ფარცხალაძეა. მირზა სუბელიანიც აშკარად ერევა პროცესებში. მაღალი მასშტაბია თუ დაბალი, არ ვიცი, მაგრამ გავლენა ნამდვილად აქვს.
– გავლენა როგორ არა აქვს, მთავარ პროკურორს შეელივნენ, პრემიერს შეელივნენ და სუბელიანს ხელი ვერ მოკიდეს.
– სულ მაგას არ ვამბობდი, რა გახდა ამ მირზას დაჭერა-თქო? მაშინ მართლა მიკვირდა, ახლა უკვე აღარ მიკვირს, თუ რატომ არ იჭერდნენ. მირზა არც ახლა არაა დაჭერილი. როგორც ირკვევა, თავად წასულა ერთწლიან სასჯელზე. მისივე საუბრიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში უნდა მოხდეს მისი ფინანსური უზრუნველყოფა.
– აბა რატომ არის ეს ადამიანი უკმაყოფილო?
– როგორც ჩანს, მან იგრძნო, რომ “ოცნება” სათანადოდ არ აფასებს. ალბათ ჩათვალა, რომ ჩამოწერეს და რასაც ქურდებზე იძახის, თავად დაიწყო ის. ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
– ქურდების თემა ახსენეთ და საუბარში სუბელიანი ამბობს, ქურდები გავაბოზეო. ერი წინა ხელისუფლებას იმის გულისთვისაც წყევლიდა, ქურდებს აწამებენო. ამათ კიდევ, როგორც მირზა სუბელიანი ამბობს, თურმე…
– ისევე, როგორც სხვა პატიმრების, ქურდების მიმართაც იყო გადაცდომები, ციხეში მათი უფლებები დაირღვა, იყო კარანტინი, მაგრამ ნაციონალების დროს ქურდები არ გაბოზებულან.
– თავის დროზე ნაციონალებმა თქვეს, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა გადაცდომას. სუბელიანის აღსარების შემდეგ “ოცნება” ისევ 9 წელს გაიძახის და რა უბედურებაა ეს?
– ეს 9 წელი ერთგვარი ბუას როლს ასრულებს. ბავშვებს ხშირად აშინებენ ხოლმე ბუათი და “ოცნებაც” ამ ბუათი აშინებს ხალხს. იმდენს კი ვერ ხვდებიან, ბავშვი რომ გაიზრდება, მიხვდება, რომ ბუა არ არსებობს და მისი აღარ ეშინია.
საზოგადოებამ ახლა უკვე ყველაფერი კარგად იცის და ეს ბუა არ გაჭრის, სააკაშვილს 19 მილიარდს ედავებოდნენ და ბოლოს 2 პალტოზე ჩამოვიდნენ.
ისიც ხომ გამოჩნდა, რომ არც პატიმრების გაუპატიურების ამბავი ყოფილა სიმართლე. რამდენიმე ყოფილ პატიმართან მქონდა კომუნიკაცია და ისინი თავად არიან უკიდურესად შეშფოთებული.
– შეშფოთებული რატომ არიან?
– ხშირ შემთხვევაში მათ უწევთ იმის მტკიცება, რომ ციხეში ისინი არავის არ გაუუპატიურებია. იმ წლებში ვინც ციხეში იყო, ყველა უხერხულ მდგომარეობაშია და ყველას რაღაცის მტკიცება უწევს. “ქართულმა ოცნებამ” პატიმრებს ძალიან ცუდი გაუკეთა.
– იმდენი იძახეს, 26.000 გაუპატიურებული ვაჟკაციო, რომ ციხეში ვინც იყო, ყველა მართლა შავ დღეშია.
– ჟარგონით რომ ვთქვათ, ყველა მათგანს გაუპატიურებულის იარლიყი შეტენა და ახლა მათ იმის მტკიცება უწევთ, რომ სუფთად გამოვიდნენ.
– სუბელიანს დავუბრუნდეთ ისევ. ამბობენ, ის ნაციონალების დროსაც ასეთი მძიმე და შავ საქმეებს აკეთებდაო.
– ნაციონალების დროს ის პროკურორი იყო. მას არც ნაციონალების დროს ვიცნობდი და არც ახლა შევხვედრივარ.
– თუმცა თქვენ გააცანით ის ფართო საზოგადოებას.
– ასე გამოვიდა. პირადად არასდროს მინახავს.
– ამ სკანდალურ ჩანაწერში სოზარ სუბარის გვარიც ფიგურირებს და ის ფაქტობრივად სვანური მაფიის ბოსად გვევლინება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სოზარ სუბარი ასეთ საქმეებთან ახლოს იქნებოდა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– ძალიან საინტერესო იყო, სუბელიანი მაფიოზურ თემებზე როცა ლაპარაკობს, ამბობს, სოზარის დავალება იყოო. ყველამ ვიცოდით, რომ სოზარს დალევა უყვარს, მაგრამ მას მაფიოზური თემაც თუ ექნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი.
შეხედეთ, რა სურათი მივიღეთ – კაცი, რომლის მაფიოზობასაც ვერ წარმოიდგენ, მაფიოზი აღმოჩნდა და ის რა უნდა იყოს, ვისი მაფიოზობაც წარმოგვიდგენია, მაგალითად, გია ვოლსკი. მთელი ხელისუფლება სპირალშია შესული, საიდანაც გამოსვლა იქნება ძნელი.
– ვოლსკის შეიძლება ცოტა ისეთი შეხედულება აქვს, მაგრამ ეგ უფრო არ იქნება მაფიოზი,
– რატომ ვერ იქნება? სუბარს უცოდველი სახე აქვს და თურმე მაფიოზურ თემებს ალაგებს, თან დაჯგუფება ჰყოლია, 50 ავტომატჩიკი. სუბარს არც ხასიათი აქვს მაფიოზის. ვოლსკი პირდაპირ პროტოტიპია.
– მაგაზე ჯერ არაფერი გაგვიგია და ჯვარი სწერია.
– არც სუბარზე გვქონდა აქამდე რამე გაგებული. ან მირზა სუბელიანის არსებობის შესახებ იცოდა ფართო საზოგადოებამ? არავინ არ იცოდა. ამოვქექე ეს ადამიანი და ამოჰყვა ყველაფერი.
– სუბელიანი ნამდვილად თქვენი ექსკლუზივია, ოღონდ ამით “ოცნებას” საქმე გაუკეთეთ თუ გაუფუჭეთ, ეგ არ ვიცი.
– თუ გაიაზრეს, რაც მოჰყვა ჩემი მხრიდან სუბელიანის აღმოჩენას, მაშინ კარგი დღე არ მელოდება.
– შარი არც აქამდე გაკლდათ. მიმდინარე წლის დასაწყისში თქვენზე მოხდა თავდასხმა. მაშინაც იყო ეჭვი, რომ ეს თავდასხმა ხორავას ქუჩის საქმეზე თქვენს აქტიურობას უკავშირდებოდა, მაგრამ სუბელიანის აღსარების მერე შემთხვევითი თავდასხმის ვერსიას არავინ დაიჯერებს.
– რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ ყოფილა. ჩემზე თავდასხმა იანვრის შუა რიცხვებში მოხდა. იმ პერიოდში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზაზა სარალიძესთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობდი.
მირზა სუბელიანს ძალიან ბევრი სიბინძურე ამოჰყვა. სხვებსაც თუ ასე ღრმად ჩაყვებიან, იმათ შეიძლება უარესი სიბინძურეები ამოჰყვეს. ქვეყანაში მაფიოზური მმართველობაა და სხვას რას ელოდით.
ქვეყნის მმართველი არის მთავარი მაფიოზი ბიძინა. მის გარშემო იჩეკებიან და იჩეკებიან პატარა მაფიოზები. მაფიოზობა გარანტირებულ შემოსავლებს, ხელშეუხებლობის გარანტიებს და ბიძინასთან ძმაკაცობას ნიშნავს. შევარდნაძის დროს ყველა მოსწავლეს კანონიერი ქურდობა უნდოდა, ახლა ყველას მაფიოზობა უნდა.
– ისევ ჩანაწერებზე გკითხავთ, სუბელიანი რომ ამბობს, ორი კადრით დავამთავრებ “ოცნებასო”, ამ საუბრის გასაჯაროების შემდეგ გამოყრის იმ ჩანაწერებს?
– რატომაც არა. ზაფხულში აქციები რომ მიდიოდა, მაშინ ვთქვი, რომ სუბელიანმა ჩანაწერები (იმ დროს მარტო ვანოს კადრების შესახებ ვიცოდი) თავის სიმამრს, ბორის კაკუბავას თურქეთში გაატანა. მირზა საკანშიც საუბრობს, რომ ჩანაწერები გადააზღვია. მას ნებისმიერ დროს შეუძლია მათი გამოყრა. ბიძინამ იმდენი თხარა, სანამ მირზა სუბელიანი არ გამოთხარა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა