ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები დაარბიეს

ახმეტის მუნიციპალიტეტში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები დაარბიესგვიან ღამით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობა გატეხეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა კარის გატეხვით შიგნით შეღწევა მოახერხეს. გატეხილია სამასწავლებლოს კარიც.

როგორც სკოლის დირექტორმა გიორგი ბუღრიძემ განაცხადა, დამტვრეულია სკოლის ინვენტარი და განადგურებულია სასწავლო მასალა.

„სკოლა და საბავშვო ბაღი ერთ შენობაშია. ესაა ვანდალიზმი, განადგურებულია ინვენტარი, მოპარულია თუ არა რამე, ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ პრაქტიკულად ინვენტარი ისეთ დღეშია, მისი გამოყენება შეუძლებელია“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინა.