ალექსი პეტრიაშვილი მზადაა, ივანიშვილის გუნდში დაბრუნდეს – “ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა“

მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოვადგე, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, მისი პოვნა არ გაუჭირდებათ.

„მე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს. მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ვიყო და მზად ვარ, რომ ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოვადგე.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ არანაირი შემოთავაზება არცერთი მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მე თბილისში ვცხოვრობ, ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა,“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ვიდემიმართვაში „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას მოუწოდებს, კიდევ ერთხელ დადგნენ მის გვერდით.

ივანიშვილი პირობას იძლევა, რომ „ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“.

„ჩემო მეგობრებო, ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი და ჩვენ ერს ასეთი სიბრძნე არა ერთხელ გამოუჩენია.

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში: საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!

მინდა შეგახსენოთ, რაც არჩევნებამდეც განვაცხადე – მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს.

ახლა მთავარია, ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობის, თავისუფლების, ღირსების დასაცავად და ერთად შევძლებთ ადამიანზე ორიენტირებული, თანამედროვე საქართველოს შენებას!“, – აცხადებს ივანიშვილი.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018