ანზორ აბრალავა – “ქართულ ოცნებას” მეორე ტურში ძალიან გაუჭირდება – “ოცნებაში” გაერთიანებული მედროვეები ნაცმოძრაობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ”

ანზორ აბრალავა - "ქართულ ოცნებას" მეორე ტურში ძალიან გაუჭირდება - "ოცნებაში" გაერთიანებული მედროვეები ნაცმოძრაობას წინააღმდეგობას ვერ უწევენ"მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ანზორ აბრალავას.
ანზორ აბრალავა:
– საუბედუროდ, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურით გამოაშკარავდა, რომ ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიურმა მანქანამ იმუშავა. ის პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილის პარტიას კონტრშეტევებისთვის ჰქონდა არჩეული, ნაციონალებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.
– “ქართული ოცნება” სუსტი იყო?
– “ქართული ოცნება” ისევ არ სცემდა საკადრის პასუხს ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც ვაშაძის შტაბი გაავსო რუსული პიარსამსახურებით. პრორუსული ნაცმოძრაობა აგრძელებს მოქმედებებს ანტირუსული ისტერიის ფონზე. ეს მეთოდი სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის დროს აირჩია. 2003 წლის მოვლენების დროს, რომლებსაც ვარდების რევოლუცია შეარქვეს და რომლებიც სინამდვილეში ნარკომანების რევოლუცია იყო, თბილისში ჩამოვიდა იგორ ივანოვი. ცოტა ხანში სააკაშვილი ტკბილად იხსენიებდა და მადლობას უხდიდა პუტინს. არსებობს სააკაშვილისა და მისი ოჯახის რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის დამადასტურებელი უამრავი დოკუმენტი. “ქართულ ოცნებაში” ნაციონალებს ვერ ეკამათებიან.
– ვერ თუ არ ეკამათებიან?
– იმის თქმას ვაპირებდი, რომ, ეტყობა, სააკაშვილს თანამოაზრეები ჰყავს “ქართულ ოცნებაში”. ნაციონალებს მხარს უჭერს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. არიან ასევე რევანშისტულად განწყობილი ჩინოსნები. ყველაფერმა ამან მოახდინა გავლენა არჩევნებზე.
ვერ იმუშავა “ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა. მმართველმა გუნდმა არ ითანამშრომლა თავის მომხრეებთან, რომლებიც საარჩევნო საკითხებში და არჩევნების წარმართვაში არიან დაოსტატებული. როცა საჭირო იყო, არ მიიღებოდა მყისიერი გადაწყვეტილებები. აღარაფერს ვამბობ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ გარიყა.
არიან გამოცდილი, პროფესიონალი და ქვეყანაზე გადაგებული ადამიანები, რომელთა ცოდნა ქვეყანას სჭირდება. ახლანდელი ხელისუფლება ასეთებს არც ოპოზიციად აღიარებს. სამაგიეროდ, ერთადერთ ღირსეულ ოპონენტად ცნობს ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ ხდება სააკაშვილის მობრუნება რეალობა.
– ნაციონალების მობრუნებაზე უფრო ხშირად საუბარია სააკაშვილის გარეშე.
– როგორც კი შესაძლებლობა ექნება, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. რუსეთი მას მომავალშიც გამოიყენებს. კრემლის მიზანია მუდმივი ქაოსის მოწყობა საქართველოში. რუსეთის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისევე დარჩეს ჩვენს მეხსიერებაში, როგორც ის ქართული მიწები, რომლებიც ახლა თურქეთს ეკუთვნის.
– ზურაბიშვილის კანდიდატურა როგორ შეიძლება შეფასდეს?
– ვისთვისაც არ უნდა დაეჭირა მხარი “ქართულ ოცნებას”, ნაციონალური მოძრაობა იმოქმედებდა თავისი იდეოლოგიური მანქანის შესაბამისად. “ქართული ოცნების” შტაბში კი იქნებოდნენ იგივე არაკეთილსინდისიერი და არაფრისმაქნისი ადამიანები, რომლებმაც არ იმუშავეს.
კითხვებს აჩენს მათი საარჩევნო ფინანსებთან დამოკიდებულებაც. კადრების პრობლემა მთავრობაშიც არსებობს, პარტიაშიც. ნაცმოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე გამოდის და “მხედრიონზე” ლაპარაკობს. ადრე კარგად იყო “მხედრიონთან”. როცა ზუგდიდში 27 სახლი გადაწვეს, მაშინ გამიჯვნოდა! საარჩევნოდ პოლიტიკურ ველზე ახალი სახეცვლილება და დაცემა ვნახეთ.
– კერძოდ?
– უსუფაშვილი ეროვნულ საკითხებზე ალაპარაკდა, მისი ყოფილი პარტია, რესპუბლიკელები კი ნაცმოძრაობას და სააკაშვილს კიდევ ერთხელ ჩაეხუტა. დარწმუნებული ვარ, ხვალ ბიძინა ივანიშვილმა ლევან ბერძენიშვილი რომ იხმოს, მასაც გვერდით დაუდგება.
პოლიტიკაში კომპრომისები ხდება, მაგრამ ასეთი უპრინციპობა და ყველაფერზე ხელის აღება გაუგონარია. მაგათი მთავარი ნიშანი ენამზეობა და გრძელი ენაა. პატრიოტი ადამიანები, ქვეყნის გულშემატკივრები, კარგა ხანია, პერსონა ნონ გრატად არიან გამოცხადებული. ვისაც ქვეყნისთვის კარგი გაუკეთებია, ისჯება. ვინც ქვეყანას ანგრევდა და თანამემამულეებს აუბედურებდა, იმასთან კოაბიტაციას აცხადებენ. არც ბიზნესმენები იქცევიან ზნეობრივად.
– როდის იყო, მსხვილ ბიზნესს ქვეყანა აინტერესებდა?
– სარაჯიშვილები, ზუბალაშვილები, ხოშტარია, მანთაშოვი მორალურად იქცეოდნენ.
– ეს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში იყო.
– ახლა ბიზნესიც პერსონა ნონ გრატად აცხადებს პატრიოტულ ძალებს. ბიზნესმენებს არ ესმით, რომ თუ ქვეყანა უკან წავა, ვეღარც ისინი იხეირებენ. არც მმართველ პარტიას ესმის, რომ ნაციონალებთან კოაბიტაციას ხალხი არ უნდა გადააყოლონ. თუ მიდგომას არ შეიცვლიან, არჩევნებში ძალიან გაუჭირდებათ.
– სოციალური გადაწყვეტილებები ვერ უშველით?
– სოციალური პოლიტიკა აუცილებელია. ის ფრაგმენტულად არ უნდა ტარდებოდეს. მარტო ამ გადაწყვეტილებებით მეორე ტურს ვერ მოიგებენ.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა