აუდიტის სამსახური ანტინაცების ბილბორდებზე მოკვლევას იწყებს

აუდიტის სამსახური ანტინაცების ბილბორდებზე მოკვლევას იწყებსსახელმწიფო აუდიტის სამსახური ქუჩებში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდებთან დაკავშირებით მოკვლევას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურზე დაყრნდობით “ლიბერალი” ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამბობენ, უპირველეს ყოვლისა უნდა გაირკვეს თუ ვისი დაფინანსებით არის გაკეთებული ბილბორდები “არა ნაცებს! არა ბოროტებას!”.

18 ნოემბერს თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა, რომელზეც გამოსახული არიან: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ბილბორდები მათი დაკვეთით არ გაკეთებულა. ბილბორდებთან დაკავშირებით კომენტარი 18 ნოემბერს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემაც გააკეთა: “დიდი სიამოვნებით გააკეთებდა იგივეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, აქაც არაა პრობლემა, არ გეგონოთ, რომ ვინმე თავს არიდებს მსგავსი ანტირეკლამის გაკეთებას. ამ შემთვევაში დაგვასწრეს და მსგავსი ბილბორდები გამოაკრეს კონკრეტულმა პირებმა”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.