ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა

ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორაბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით აღმაშენებლის ქუჩა დატბორა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 54 შეტყობინება შევიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამაშველო სამსახურში შეტყობინება ძირითადად ქუჩების დატბორვის გამო შევიდა. ქუჩებზე არსებული ნალექის გამო რამდენიმე ქვეითს წყლიდან გამოყვანა დასჭირდა.

ძლიერი წვიმის შედეგად დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. როგორც დაზარალებულებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, საცხოვრებელი სახლები ყოველი ძლიერი წვიმისას იტბორება. მათი თქმით, პირველ სართულზე საოჯახო ტექნიკა და საყოფაცხოვრებლო ნივთები წყლით დაიფარა.

დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სახლების დატბორვას მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები იწვევს. ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მივიდა.

ამჟამად დატბორილი სახლების ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, დაზარალებულებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

ბათუმში ამ დროისთვისაც წვიმს.

ინტერპრესნიუსი