დავით ბერძენიშვილი – “შეშინებულმა ივანიშვილმა გვიანი შევარდნაძე გამახსენა”

დავით ბერძენიშვილი - "შეშინებულმა ივანიშვილმა გვიანი შევარდნაძე გამახსენა"რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარებაზე და იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო.
– ბატონო დავით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, კოალიციის ძველი წევრები შემოირიგოს. თავის მიმართვაში ის ძველ გვარდიელებად მოიხსენიებს მათ და გეუბნებათ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი გამოცდილება. რას უპასუხებთ, როგორც ერთ-ერთი ძველი კოალიციელი?
– ბიძინა ივანიშვილზე განაწყენების გამო არ ვართ ჩვენ ოპოზიციაში. ჩვენ ოპოზიციაში ჩვენი პრინციპების გამო ვართ. ამიტომ, არ მგონია, რომ ივანიშვილს იმის იმედი ჰქონდეს, რომ რესპუბლიკელები გამოვეხმაურებით. მან სხვებს მიმართა, მათ შორის ცალკეულ პირებს, ჯგუფებს, აქტივისტებს ქვეყნის მასშტაბით, შეიძლება ერთ-ორ პოლიტიკურ ჯგუფსაც. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვნახოთ, ვინ გამოეხმაურება და როგორ, აქედან გამოჩნდება დამოკიდებულებაც.
ის ძველ გვარდიას ეუბნება, ერთმანეთი გადავარჩინოთ, თორემ მეც ვიღუპები უთქვენოდ და თქვენ ხომ საერთოდ დაიღუპებით უჩემოდ.
– თუმცა, ის აქცენტს ქვეყანაზე აკეთებს, რომ საქართველოს სჭირდებით.
– გასაგებია, მისთვის თვითონ და საქართველო ერთია. თქვა, რომ დასაჩუქრდებით, პირდაპირი მოსყიდვა იყო. პენსიონერებს, დევნილებს უთხრა, ფული მეტი უნდა მიიღოთო, ძველ გვარდიას კი უთხრა, თქვენი შრომა დაფასებული იქნებაო.
ძალიან მდარე გამოსვლა იყო. ივანიშვილი ძალიან შეშინებული ჩანდა. ამდენი შეცდომა ერთად კი არა, ერთიც არ უღიარებია არასდროს. ეს იყო შეშინებული ადამიანის გამოსვლა. მე ივანიშვილმა გამახსენა 2003 წლის შევარდნაძე, როდესაც მან თავისი ძველი გვარდიიდან აწ განსვენებული ვახტანგ რჩეულიშვილი და, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს, ირინა სარიშვილი გაიხსენა. პოლიტიკურად ეს ძალიან სუსტი, გაკოტრებული შემადგენლობა იყო. 2003 წელს მაშინ შევარდნაძეს ისინი გამოეხმაურნენ.
ახლაც შეიძლება ვინმე ასეთი გამოეხმაუროს ივანიშვილს.
– უკვე მიიღო ერთი გამოხმაურება ყოფილი მინისტრისგან, ალექსი პეტრიაშვილისგან, რომ ის მზად არის, ქვეყნის სამსახურში იყოს.
– ასე, ნელ-ნელა გამოჩნდებიან ადამიანები და გამოეხმაურებიან. კონკრეტულად არავის შევაფასებ, კორექტულობის ამბავია.
– ეს არის წყალგამყოფი?
– ასე არ უნდა დამდგარიყო საკითხი. ბიძინა ივანიშვილმა თვითონ უზრუნველყო ის, რომ მან გაავლო წითელი ხაზი: ვინც ჩემთან აღარ ხართ, ჩემი მტერი ხართ! ყველა მიშისტი და ნაციონალი ხართ! რესპუბლიკური პარტიის მსგავსად ძალიან ცოტა ვინმე თუ დაიკვეხნის სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, ისევე როგორც სააკაშვილთან ერთად აბაშიძისა და შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. ჩვენ კომპლექსები არ გვაწუხებს.
– თავის დროზე სააკაშვილსაც ჰქონდა ეს პოზიცია – ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია.
– სააკაშვილი როდესაც ამ პოზიციაზე დადგა, რესპუბლიკური პარტია მტრებში ვიყავით ჩაწერილები და მისი ოპონენტები ვიყავით. თორემ მანამდე, 2002-2004 წლებში, იყო სამსუბიექტიანი კოალიცია შევარდნაძე-აბაშიძის წინააღმდეგ, სადაც რესპუბლიკელები მთავარი პარტნიორები ვიყავით, მაგრამ როგორც კი სააკაშვილმა გადაუხვია, ჩვენ ოპოზიციური გზით წავედით.
ბიძინა ივანიშვილთან ერთადაც ვიყავით, მასთან ერთადაც მოვიგეთ, პასუხისმგებლობაც ავიღეთ, მაგრამ წასვლა დავაგვიანეთ, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უნდა წავსულიყავით, მაგრამ პარტიის ერთიანობა ვამჯობინეთ, შეგვეშალა. ვინც ბიძინას ორბიტაში არ ხედავდა საკუთარ მომავალს, მაშინ წასულიყო, აჯობებდა. მერე ხომ მაინც წავიდნენ.
– დავით უსუფაშვილზე და მის პოზიციაზე საუბრობთ?
– ჩვენ ახლა სხვადასხვა პოზიციები გვაქვს. მათ შეაფასეს კიდეც ჩვენი ნაბიჯი შეცდომად. მე არ მგონია, რომ პარტიას პოლიტიკური სირაქლემას პოზში ყოფნის ფუფუნება აქვს. ან აქეთ ხარ, ან იქით ხარ.
– ეს უფრო პრაგმატული გადაწყვეტილება იყო თუ რა იყო, რომ აღმოჩნდით ბევრისთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე?
– არაფერი არ აღმოვჩნდით! არჩევნების პირველ ტურამდე ხომ საჯაროდ არაფერი გვითქვამს. როგორც კი დავინახეთ შედეგები, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების ალბათობა ძალიან მაღალია, შეიძლება მეორე ტურის წინ რესპუბლიკელების მონაწილეობა აღმოჩნდეს დამატებითი მხარდაჭერა, რომელიც შეიძლება გადამწონი იყოს, როდესაც თანაბრად მიდის ბრძოლა, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
ეს არის პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯი. ჩვენ ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება არის ყველაზე ცუდი სცენარე, რაც შეიძლება ამ არჩევნებიდან მივიღოთ. იმედი მაქვს, აღარ მივიღებთ.
რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატ ვაშაძისადმი არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ზოგი იზიარებს და ზოგი არა, მაგრამ ეს არის ჩვენი წვლილი, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის პოლიტიკური კეთრი და ეს ჩანს ამომრჩევლის განწყობიდანაც.
შარშან და შარშანწინ ივანიშვილს გაუვიდა – მიშა მოდის! მიშა მოდის! ეს იყო მგელი მოდის! მგელი მოდის! იმდენი იძახა, მგელი მოდის, აგერ მოადგა! შარშან და შარშანწინ ივანიშვილს ამომრჩეველი სააკაშვილის შიშით გაჰყვა. ახლა აღარ ირწმუნა ამომრჩეველმა და მეორე ტურში ივანიშვილი ისეთი შეშინებული იყო, რომ გვიანი შევარდნაძე გველაპარაკებოდა.
– რა პასუხისმგებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი თქვენი მხრიდან?
– არის ერთგვარი პასუხისმგებლობის გაზიარება. ბუნებრივია, გაცილებით ნაკლები დოზით, ვიდრე მისი უშუალო წარმდგენები არიან, მაგრამ ჩვენ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ სასტარტო პოზიციიდან, საიდანაც ჩავერთეთ, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. რაკი შეგვრჩა გრიგოლ ვაშაძისა და სალომე ზურაბიშვილის დაპირისპირება, ჩვენ აქ ვიღებთ პასუხისმგებლობას – სალომე ზურაბიშვილის ანუ ბიძინა ივანიშვილის ძირმომპალი რეჟიმის დამარცხება ამ ერთ არჩევნებში უკეთესი არის.
თუ ჩვენ ახლა სალომე ზურაბიშვილს დავამარცხებთ, ეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას დემონტაჟის დასაწყისი იქნება.
თუ ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ხალხის დიდი მასების მოსყიდვას, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის ხმების მანიპულირებას, გაყალბებას და ამ გაყალბებით შეეცდება ქვითრის გამოწერას, მაშინ ძალიან მალე კიდევ უფრო გამწარებული ხალხი მობილიზებული იქნება და საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, ეს შეკუმშული ზამბარა, ძალიან მძიმედ გაწყდება.
თუ არჩევნებს გააყალბებს და ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს ძალით დაგვინიშნავს პრეზიდენტად, მაშინ ამას ამომრჩეველი არ მოითმენს. ეს ხელისუფლებას გაწყვეტს და ეს ძალიან მძიმე რევანშისტული განწყობა იქნება. მაშინ იქნება ერთი-ერთში – მიშა თუ ბიძინა?! თუ ეტაპობრივად მოხდება, მაშინ მრავალპარტიულობისკენ იქნება ნაბიჯი, სადაც რესპუბლიკელებიც, “ევროპული საქართველოც”, სხვებიც იქნებიან თამაშში სერიოზული მონაწილეები.
38% აქვს სალომე ზურაბიშვილს 62% მისი წინააღმდეგია. ოფიციალური მონაცემებითაც კი მხოლოდ ბაქრაძისა და ვაშაძის ხმების ჯამი 48%-ია.
– თქვენ ამბობთ, რომ რესპუბლიკელების გადაწყვეტილება ადვილად ახსნადია?
– რასაკვირველია, ეს სარისკო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ ახლა ვხდებით ორიენტირი იმ ხალხის, რომელიც არც ქოცია და არც – ნაცი.
სალომე ზურაბიშვილის ამჟამად დამარცხება არ ანგრევს ივანიშვილის ხელისუფლებას, თუმცა ეს იქნება ალიყური, მაგრამ ჩვენი გაგებით, ეს იქნება დემონტაჟის დასაწყისი. მისი გაგებით კი მას ჯერ კიდევ ექნება შანსი, რომ მდგომარეობა გამოასწოროს.
რეალურად კი საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს, როგორი იქნება მომავალი ხელისუფლება საქართველოში.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა