დევი ჭანკოტაძე – “იმის თქმა, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა, მებრძოლების გაყიდვაა”

დევი ჭანკოტაძე - “იმის თქმა, რომ საქართველომ მძინარე ცხინვალი დაბომბა, მებრძოლების გაყიდვაა”„არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- ამის შესახებ გენერალმა დევი ჭანკოტაძემ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს და „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოდის.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის აზრით, არ შეიძლება ქვეყნის მთავარსარდალი გახდეს ადამიანი, ვინც საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

„ვომობდი, მთელი ცხოვრება ვომობ, საქართველოს ინტერესებს ვიცავ, თუ დასჭირდა ჰააგის ტრიბუნალზეც გავალ და ჩემს სიტყვას ვიტყვი, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს. ის ადამიანები, ჩემი თანამებრძოლები, ვინც ომობდნენ, დაღუპული ბიჭების ოჯახები ასეთ დღეში არ უნდა იყვნენ. არ შეიძლება მაგის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საქართველომ დაბომბა ცხინვალი, ეს არის მებრძოლების გაყიდვა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერალმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობა დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, რუსეთის მთავარი ამოცანა იყო თბილისის აღება. ჭანკოტაძის განცხადებით, რომ არა საქართველოს სამხედრო წინააღმდეგობა რუსეთის მიმართ მათ მიერ დაწყებულ ომზე, ათასობით ადამიანს მძევლად აიყვანდნენ.

„2-დან 8-მდე უკვე ჩვენ გვყავდა 16 დაჭრილი სამხედრო და პოლიციელი, ორი მებრძოლი დაიღუპა… დაახლოებით, 15-18 ათასი ადამიანის გადარჩენა გვინდოდა,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

გენერლის თქმით, ტერმინი „მძინარე ცხინვალის დაბომბვა“, ლავროვისგან წამოვიდა.

დევი ჭანკოტაძემ ზურაბიშვილის იმ განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც წითელუბნის დაბომბვას ეხებოდა.

„ბომბი წამოვიდა, ჩვენ ასეთი იარაღი არ გაგვაჩნდა, ეს იყო რუსების ნასროლი იმ მიზნით, რომ ჩვენი მზადყოფნა შეემოწმებინათ ბრძოლისთვის,“- განაცხადა ჭანკოტაძემ.

რუსთავი 2