დიმიტრი ბიძინაშვილი – “როცა მურუსიძე და ზარდიაშვილი გვერდით გიზის, 9 წელი სხვას არ უნდა წამოაძახო”

დიმიტრი ბიძინაშვილი - "როცა მურუსიძე და ზარდიაშვილი გვერდით გიზის, 9 წელი სხვას არ უნდა წამოაძახო"რატომ ვერ დაბრუნდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში, რატომ შეწყვიტა ხალხმა “ოცნება”, ვის აწყობს ქვეყანაში არეულობა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
დიმიტრი ბიძინაშვილი:
– რამდენჯერაც რაიმე აქციის მოწყობა გადავწყვიტეთ, ხელისუფლებამ იმდენჯერ განაცხადა, რომ აქციები ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიაქანებს. ახლა ვხედავთ რომ “ოცნების” მომხრეები გამოვიდნენ და ვერის ბაღში საპროტესტო შეკრება გამართეს.
ამ აქციის მიმართ ხელისუფლებას რატომღაც პრეტენზიები არ ჰქონია, მეტიც, აქციას ტაშიც კი დაუკრეს. თურმე ნუ იტყვით და მსგავსი ღონისძიების მოწყობა სახიფათო საერთოდ არ ყოფილა.
ძალიან საინტერესო იყო თავად პათოსი. “ოცნება” უკვე მეშვიდე წელია, ხელისუფლებაშია, მიხეილ სააკაშვილი 5 წელი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და “ოცნების” მომხრეები მიშას გადადგომას ითხოვენ.
იმ პირობებში ითხოვენ გადამდგარი სააკაშვილის გადადგომას, როცა ეროვნული ვალუტა სრულად გაუფასურდა, საწვავი 3 ლარამდე ავიდა, 70.000 ბავშვი შიმშილობს, მილიონამდე ადამიანი სოციალურად დაუცველია.
ამ ფონზე “ქართული ოცნება” 6 წლის წინ ხელისუფლებიდან წასულ ნაციონალებს უწყობს აქციას და ეუბნება, გადადექიო. სრული ქაოსი და უბედურება ტრიალებს. “ოცნებას” მართლა თუ უნდა ნაციონალების დასრულება, მაშინ ჯერ საკუთარი პარტიის შემადგენლობას გადახედონ.
– რას გულისხმობთ, “ოცნება” რომ ნანაცრებით არის სავსე?
– რა თქმა უნდა. დღეს “ოცნებაში” უფრო მეტი ნაციონალია, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობაში.
ნაციონალების წინააღმდეგ ბრძოლა არჩევნების შემდეგ გააძლიერეს. არა ნაცებს და არა მიშასო, ყვირიან და რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს ყოფილი ნაციონალი მიხეილ ნინუა, რომლის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო.
თავად ნიშნავენ ნაციონალებს თანამდებობებზე და მერე არა ნაცებსო, ყვირიან, მივმართავ საზოგადოებას, თავად დაითვალოს, სად უფრო მეტი ნაციონალია, გაერთიანებულ ოპოზიციაში თუ “ქართულ ოცნებაში”.
– ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს აწყობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციას?
– ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება სრულად არის ჩამოშლილი. “ქართული ოცნება” ოცნებას მოეშვა და ძალიან მწარე რეალობის წინაშე დადგა. საზოგადოებამ კარგად შეაფასა ამათი ნამუშევარი და ზურგი აქცია.
მთელი 6 წლის მანძილზე ხალხმა ქვეყნის მართვის საშუალება მისცეს – ყველა არჩევნები, რაც კი 2012 წლიდან მოყოლებული ჩატარდა, მოაგებინეს. ამხელა მხარდაჭერის საპასუხოდ საზოგადოებამ ვერანაირი სიკეთე ვერ დაინახა. ამიტომაც უთხრეს მათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უარი.
ასეთივე პასუხს მიიღებს მმართველი პარტია მეორე ტურში. ამიტომ არიან მეოცნებეები ასეთი გამწარებულები. გამწარების ხარისხს შიდა დაპირისპირებაც ზრდის.
– შიდა დაპირისპირებაში რას გულისხმობთ?
– რაღაც პრობლემებია ფულთან დაკავშირებით. თავიანთ მხარდამჭერებს შავი ფული დაურიგეს და ეგონათ, ამ შავი ფულით მოახერხებდნენ რაღაცას. სრულად მოხდა ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებაც, მაგრამ ვერაფერმა ვეღარ უშველათ. ამათი საქმე არის წასული.
– ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება, ეტყობა, სრულად ვერ მოახერხეს. “ოცნების” ნებიერა გორის მაჟორიტარმა განაცხადა, საჯარო მოხელეს რატომ უნდა დასჭირდეს იმის თქმა, თუ ვის მისცეს ხმაო.
– ამ განცხადებას სხვაგან დიდი სკანდალი მოჰყვებოდა, მაგრამ “ოცნება” ისეთ დღეშია, აღარც კი მალავენ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ. მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მერიის შენობებშია გახსნილი “ოცნების” საარჩევნო შტაბები, რაც არის დარღვევა. კიდევ ბევრ რამეს არღვევენ, მაგრამ ამით სურათი არ შეიცვლება.
– დარწმუნებული ხართ, რომ სურათი არ შეიცვლება?
– ეჭვიც არ მეპარება. მეორე ტურში უარეს შედეგს მიიღებენ. საზოგადოება დარწმუნდა, რომ “ოცნება” არაფრის გამკეთებელი არაა და ისინი უნდა წავიდნენ სახლში.
თავის გადასარჩენად ხალხს ატყუებენ, ოპოზიცია თუ მოიგებს, სამოქალაქო ომი დაიწყებაო. სად გაგონილა, რომ არჩევნებში გამარჯვებული ძალა ომს იწყებდეს.
– სადაც ხელისუფლება ოპოზიციის გადადგომას ითხოვს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
– ეგ “ოცნებამ” შეიძლება გააკეთოს ყველაფერი. როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული ძალა სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ მიდის.
– არც რევანშზე? ხალხს რევანშის უფრო ეშინია. 
– არც რევანში არ იქნება. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ რევანში და ანგარიშსწორება. გაერთიანებულ ოპოზიციაში ყველა ასე ფიქრობს. ვიღაცას თუ ბიუჯეტის ფული აქვს შეჭმული, მის უკან დაბრუნებას აუცილებლად მოითხოვენ, მაგრამ ეს არ არის რევანში.
უკვე დროა, საქართველოში პოლიტიკური კლასი შეიცვალოს. გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც რაღაცების შეცვლა შეუძლიათ.
– ამ ახალგაზრდებს სისხლიან 9 წელთან რა აკავშირებს?
– არაფერი არ აკავშირებს. კიდევ გავიმეორებ, სისხლიანი 9 წლის შემოქმედები “ოცნებაში” გაცილებით მრავლად არიან, ვიდრე გაერთიანებულ ოპოზიციაში.
პარტიაში ზარდიაშვილი, მურუსიძე და ჩინჩალაძე რომ გყავს, სხვას როგორ უნდა წამოაძახო 9 წელი?! ან თბილისის მერი როგორ ლაპარაკობს ნაცებზე, ეგ არ იყო, მიშა სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელჩაკიდებული რომ დასდევდა?!
ცუდი არ იქნება, თუ თავის ნაციონალურ წარსულს გადახედავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დალაგებული სახით რომ გამოდის და რაღაცებს ლაპარაკობს. საკუთარ წარსულს გადახედონ და მერე აძახონ სხვებს სისხლიანი რეჟიმის მსახურება.
დღეს საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება “ქართულ ოცნებას” აწყობს მხოლოდ.
– “ქართულ ოცნებას” რაში უნდა აწყობდეს არეულობა?
– მათ მხოლოდ ასეთ ვითარებაში შეუძლიათ, არჩევნების შედეგები სათავისოდ შეცვალონ. გაერთიანებული ოპოზიცია ისედაც გამარჯვებულია და არეულობა მას არ სჭირდება.
– ამბობთ, რომ ოპოზიციას არეულობა არ უნდა, ხელისუფლების მომხრეები კი აცხადებენ, ოპოზიციის გამარჯვებას არ დავუშვებთო. ვთქვათ და გაიმარჯვა ოპოზიციამ. რას იზამს ეს ხალხი – აურევს სიტუაციას, თუ როგორც თავის დროზე “ოცნებას” მოერგნენ, ასევე მოერგებიან გამარჯვებულ ძალას?
– რატომ მარტო “ოცნებას” მოერგნენ? თავის დროზე სააკაშვილის და შევარდნაძის კალთაშიც კარგად გრძნობდნენ თავს. ვერის ბაღში მიშას გადადგომა იმ ხალხმა მოითხოვა, ვინც იმას ეკედლება, ვის ხელშიც ძალაუფლებაა.
ასეთი მედროვე ადამიანები სახელმწიფოს განვითარებას სერიოზულად აფერხებენ. არ შეიძლება რამდენიმე ადამიანის კეთილდღეობას გადაყვეს საქართველო. მედროვეები უნდა დასრულდნენ.
ეს მედროვეები ახლა იმიტომ გამოვიდნენ ქუჩაში, რომ გრძნობენ “ოცნების” დასარულს. ისინი ყველანაირი ძალებით ცდილობენ, ეს ხელისუფლება შეინარჩუნონ. “ოცნების” შენარჩუნება მხოლოდ იმიტომ უნდათ, რომ თავად ნახონ სარგებელი.
ხალხს რაც შეეხება, ხალხი მორჩა ოცნებას და უარი უთხრა “ქართულ ოცნებას”. ხალხმა დაინახა, რომ მმართველმა ძალამ, ქვეყნის აშენების ნაცვლად, საკუთარი ვილები აიშენა, მათი წევრები ასეულობით ათას ლარს ხარჯავენ ფერწერულ ტილოებში და ეს ხდება მაშინ, როცა ასეულობით ათას ადამიანს შია.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა