“გამარჯვებული ვაშაძე უფრო თვინიერი იქნება, ვიდრე დამარცხებული”

"გამარჯვებული ვაშაძე უფრო თვინიერი იქნება, ვიდრე დამარცხებული"“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს.
– ბატონო პაატა, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ბოლო პერიოდის მოვლენებს. წინ მეორე ტურია, ხელისუფლება კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რატომ გაუჭირდა ასე “ოცნებას” და რას ელოდებით?
– “ოცნებს” გაუჭირდა იმიტომ, რომ ხერხავდა იმ ტოტს, რომელზეც იჯდა და საბოლოო ჯამში მიიღო ის, რასაც ვხედავთ. მას შემდეგ, რაც დაიშალა კოალიცია, ჩანდა, რომ აქეთკენ მიდიოდა ყველაფერი. დაშვებული იქნა სამი საბედისწერო შეცდომა, რომელშიც არის ერთი საერთო სიტყვა – ნაადრევი.
– რომელ შეცდომებს გულისხმობთ?
– პირველი შეცდომა იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვადაზე ადრე წავიდა პოლიტიკიდან. მეორე შეცდომა – ბიძინა ივანიშვილმა ვადაზე ადრე დაშალა კოალიცია და მესამე შეცდომა – ბიძინა ივანიშვილმა ვადაზე ადრე გამოშიგნა საკუთრივ პარტია “ქართული ოცნება”. მიუხედავად იმისა, რომ იქ პოლიტიკოსები აღარ იყვნენ დარცენილები, გამოცდილი ადამიანები მაინც იყვნენ, ის ხალხი მაინც იყო, ვინც ებრძოდა ნაციონალურ მოძრაობას. მათ ნაცვლად კი მოიყვანა ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც არანაირი წარმოდგენა არ აქვთ პოლიტიკაზე.
– ეს იყო საბედისწერო შეცდომები?
– დიახ და ამ სამმა საბედისწერო შეცდომამ მოიტანა ის, რომ “ქართული ოცნების” დიდხანს “მეცადინეობამ” ნაციონალურ მოძრაობას, მის დაბრუნებას, შესძინა ლეგიტიმაცია. ვინც ადრე აძლევდა ხმას “ქართულ ოცნებას”, იმ ხალხმა ხმა მისცა ისევ ნაციონალურ მოძრაობას. ეს არის ლეგიტიმირებული დაბრუნება, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას, ნაციონალური მოძრაობისა. თანაც წინ მეორე ტურია და ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. თუმცა ნაციონალური მოძრაობა უკვე წელში გამართულია და “ქართული ოცნება” წელში გატეხილია. აი, ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა.
– კიდევ რა შეიძლება მოხდეს?
– სამი ვარიანტი უნდა განვიხილოთ, რაც შეიძლება მოხდეს.
პირველი: სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს, მეორე – ვაშაძემ გაიმარჯვოს და მესამე, ვაშაძე დამარცხდეს.
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ასე თუ ისე სტაბილურობას შეინარჩუნებს და ამ ეტაპზე პარაშუტი იქნება “ქართული ოცნებისათვის”, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე შედარებით მართონ სიტუცია. მაგრამ ეს გამარჯვება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სუფთა! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გაყალბება. სალომე ზურაბიშვილმა თუ გაიმარჯვა და იმედი მაქვს, გაიმარჯვებს, მე მისი გამარჯვება მირჩევნია. თუ გაიმარჯვა, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ეს გამარჯვება შესაძლოა იყოს 2-3%-ით მეტი. შესაბამისად, ეს 2-3% საკმარისია, რათა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყოს ლაპარაკი, რომ გაყალბდა არჩევნები და ბევრისთვის ეს დამაჯერებელი იქნება.
– ანუ მაღალი პროცენტით უნდა გაიმარჯვოს თუ საიდან მიანიშნებთ?
– რა თქმა უნდა! თუმცა ვერ გაიმარჯვებს, ეს არ ჩანს არანაირად. სალომე ზურაბიშვილმა 8-10%-ით მაინც უნდა აჯობოს ვაშაძეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ჰქონდეს დამაჯერებელი საფუძველი იმის თქმის, რომ არჩევნები გაყალბდა. 2-3%-ით მეტი გამარჯვება კი ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობა ამას აუცილებლად გამოიყენებს არეულობისათვის.
თუ ნაციონალებმა თავის ამომრჩევლებს და მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ პერმანენტულ არეულობას საპარლამენტო არჩევნებამდე საფუძველი ექნება.
– წავლენ არეულობაზე?
– ნაციონალურ მოძრაობას იმდენად ფეხებზე კიდია საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომ დიდი სიამოვნებით წავა ამ პროცესისკენ, რასაც სიტუაციის არევა ჰქვია. ხოლო თუ ვაშაძემ გაიმარჯვა, რაშიც მე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, გამარჯვებული ვაშაძე იქნება უფრო თვინიერი.
– ანუ თუ გაიმარჯვებს, ნაკლებად საშიში იქნებიან ვაშაძე და ნაცმოძრაობა, ვიდრე დამარცხების შემთხვევაში?
– დიახ. დღეს მთავარი ამოცანა ის კი არ არის, რომ გაიმარჯვოს “ოცნების” კანდიდატმა, მთავარი ამოცანაა, არ გააყალბოს არჩევნები და არ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსები. თუ ისინი ამ ცდუნებას გადალახავენ და მიიღებენ ნებისმიერ შედეგს, მათ შორის ვაშაძის გამარჯვებას, ეს მათ ღირსებას მატებს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუთმონ გამარჯვება ვაშაძეს, მაგრამ თუ ჩანს, რომ ის იმარჯვებს, არ უნდა შეეწინააღმდეგონ. ვაშაძეს კი არა, ქართველი ხალხის ნებას არ უნდა შეეწინააღმდეგონ.
– პრეზიდენტს დიდი უფლებამოსილება არ აქვს და გამარჯვების შემთხვევაშიც ვერაფერს დააკლებს? ამ ლოგიკას მიყვებით?
– დიახ, ასეა. კიდევ კარგი, ეს არ ხდება თვითმმართველობის არჩევნების დროს. მაშინ კატასტროფა იქნებოდა. “ქართულ ოცნებას” თუ რამეში გაუმართლა, მხოლოდ იმაში, რომ მას ეს კრიზისი მოუწია აბსოლუტურად უუფლებო პრეზიდენტის არჩევნების დროს და არა – სერიოზული არჩევნების დროს.
– რამდენად შეძლებს “ოცნება”, რომ დადგეს ფეხზე? ვაღიარებთ შეცდომებსო. დაინახეთ ეს?
– ვაღიარებთო, მაგრამ რას აღიარებენ, ვერ გავიგე. აღიარებენ შეცდომად იმას, რომ კოალიცია დაშალეს?! აღიარებენ იმას, რომ ბახტაძე ნაციონალური მოძრაობიდან იყო და პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, ამ შეცდომას აღიარებენ?! ეს არის მთავარი შეცდომები და მე ამის აღიარება ვერსად ვნახე. აღიარებს იმას, რომ კობახიძე არ უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომრე?! რომელ შეცდომებს აღიარებენ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ანუ არ მიდიან შეცდომების გამოსწორების გზით?
– ამას ვერ ვხედავ. პირველიდან მეორე ტურამდე ბევრს ვერაფერს მოასწრებენ და მე მათი მესმის და მებრალებიან ძალიან. გული მწყდება, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა