გაზეთ “მეტრონომის” გაქურდვიდან 7 თვის შემდეგ რედაქტორი შს მინისტრს მიმართავს

გაზეთ “მეტრონომის” გაქურდვიდან 7 თვის შემდეგ რედაქტორი შს მინისტრს მიმართავსინტერნეტ-გაზეთ “მეტრონომის” რედაქციის გაქურდვიდან უკვე 7 თვე გავიდა და საგამოძიებო უწყებიდან არანაირი სიახლე არაა. ძვირადღირებული ტექნიკა მიმდინარე წლის 5 აპრილს მოიპარეს ფანჯრის შეტეხვით. აღსანიშნავია, რომ როგორც პერიმეტრის შიგნით, ასევე პერიმეტრის გარეთ ვიდეოკამერებია დამონტაჟებული. გამოძიებამ ოპერატიულად ამოიღო ჩანაწერები და მოგვახსენა, რომ საქმე ადვილად გამოსაძიებელი იყო. უფრო მეტიც, რამდენიმე დღეში გამომძიებელმა გვითხრა, პოტენციური დამნაშავე იდენტიფიცირებულია და იმის გამო ვერ ხერხდება მისი დაკავება, რომ პოლიციამ სათანადო ნივთმტკიცებულება ვერ აღმოაჩინა.

წაღებულია 5 ლეპტოპი და 1 “ქენონის” ფირმის ძვირადღირებული ფოტოაპარატი. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.ქურდობის ფაქტიდან უმოკლეს ვადაში ამოიღეს შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

გამოძიებიდან, დაახლოებით, 2 კვირაში შინაგან საქმეთა სამინიტროს გამომძიებელმა გიორგი აბუაშვილმა “მეტრონომის” მთავარ რედაქტორთან გენო ჯოხიძესთან განაცხადა, რომ პირი, რომელმაც ოფისი გაქურდა იდენტიფიცირებულია და საქმე ადვილად გაიხსნებოდა.

გენო ჯოხიძის განცხადებით, ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკავშირდებოდა გამომძიებელს, რომელიც მას საქმის გახსნას ჰპირდებოდა.

“ამ 7 თვის განმავლობაში ერთხელაც არ შემხმიანებია არავინ. ჩვენი საქმე რა მოსატანია იმ გახმაურებულ საქმეებთან, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, მაგრამ ახლა უკვე მესმის, თუ რატომაა გამოუძიებელი ამდენი საქმე. არსებობენ კარგი გამომძიებლები, მაგრამ ქვეყანას უფრო კარგი სჭირდება. მე პირადად ძალიან ბევრ უმუშევარ, ნიჭიერ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებსაც სისხლი უჩქეფთ და სურთ იმუშაონ გამომძიებლად, თუმცა, როგორც ჩანს, სისტემაში ისევ ის ძველი ხარვეზები არსებობს, რომელიც აფერხებს სვლას პროფესიონალიზმისკენ. ჯერ მეუბნებიან, ეჭვმიტანილი გვყავსო, სახლ-კარი არ აქვს და ვეძებთო, მერე მეუბნებიან მთლად ეგრეც არააო… თურმე დაიარეს ლომბარდები, ჩვენგან წაღებული ტექნიკა ვერ აღმოაჩინეს და ახლა გვეუბნებიან, ნივთმტკიცებულების გარეშე საქმეს ვერ ვხსნითო. რა გამოდის, თუ ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, როგორც თავად მითხრეს, და ქურდმა მოახერხა ჩვენი ტექნიკის მტკვარში გადაყრა, საქმე ვერასოდეს იქნება გამოძიებული? სადაა იმ ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელიც პერიმეტრის შიგნითაცაა დამოტნაჟებული და გარეთაც… 21-ე საუკუნეა, ვიდეოკამერები დგას ყველგან… აღარაფერს ვამბობ უყურადღებობაზე. მე ხომ არ ვითხოვ გამოძიების დეტალები ჩამიკაკლონ? ხომ შეიძლება პერიოდულად დამიკავშირდნენ და მითხრან რაღაც მაინც. უკვე 7 თვე გავიდა. რაში ვუხდით ამ ხალხს ჩვენ ხელფასს, არ მესმის…” – აცხადებს გაზეთ “მეტრონომის” მთავარი რედაქტორი გენო ჯოხიძე.

გაზეთის მთავარი რედაქტორი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მეტი ყურადღება გამოიჩინოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სამართალს ვერ პოულობენ და ვერანაირ პასუხს ვერ იღებენ საგამოძიებო სტრუქტურებიდან.

“მივმართავ შს მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას, ყურადღება მოგვაქციოს და სათანადოდ მოეკიდოს აღნიშნული საქმის გამოძიებას. ბატონო მინისტრო, გთხოვთ გამოიძიოთ ჩვენი საქმე, რადგან არ ვფიქრობ, ამ საქმის გახსნა დიდ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. პირადად მე და დარწმუნებული ვარ ბევრი გამწარებული ადამიანი დაიღალა თქვენი და თქვენი ქვეშევრდომების სტანდარტული ფრაზებით, (გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ). ამასობაში კი გადის წლები და უამრავი საქმეები გაუხსნელია. ბატონო მინისტრო, საზოგადოებას ნუ დაუკარგავთ იმედს და ნუ ჩამოაყალიბებთ აზრს, რომ ასეთ მარტივ საქმეებთან გამკლავება გიჭირთ და რაღა უნდა ვისაუბროთ იმ გახმაურებული მკვლელობებზე, რომელთა გამოძიება წლების განმავლობაში მიმდინარეობს და დღემდე არანაირი შედეგი არ არის” – აცხადებს “მეტრონომის” რედაქტორი.

ქურდობის ფაქტიდან 7 თვეა გასული, გამომძებელი შეცვალეს და საქმე კვლავ გამოუძიებელია. “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ საქმის გასახსნელად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა 7 თვის განმავლობაში საგამოძიებო უწყებიდან რედაქციას არავინ დაკავშირებია.

“ქურდობის მუხლით გრძელდება საქმის გამოძიება. საქმის გასახსნელად ყველაფერი კეთდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – ეუბნებიან “მეტრონომს” შსს-ში.