გელა ხანიშვილი – “მიწის უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვა ინვესტიციებს არ აფერხებს”

გელა ხანიშვილი - "მიწის უცხოელებზე გაყიდვის შეზღუდვა ინვესტიციებს არ აფერხებს"აფერხებს თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ კანონპროექტი და რეგულაციები ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ამბობს, რომ მას ხშირად აქვს შეხვედრა ინვესტორებთან და მათთვის აბსოლუტურად გასაგებია საქართველოს მიდგომა უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.

„დამერწმუნებით ბევრი შეხვედრა მაქვს უცხოელ დონორებთან, ფერმერებთან, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ ადამიანებთან. როდესაც მათ ვაცნობთ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, იმ უზარმაზარი შეღავათების არეალს, რომელშიც სოფლის მეურნეობაა მოქცეული და შემდეგ ვამბობთ, რომ მიწის საკუთრების განკარგვა მარტივი არ არის, რადგან საქართველოს აქვს ასეთი პოლიტიკა არჩეული, რომ მან არ შეიძლება გაასხვისოს უცხოელზე მიწა, ისინი აბსოლუტურად სწორად იგებენ ამას. ბევრი ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან შედარებით უხვი მიწის ფართობებით გამოირჩევა, მაგრამ მათაც იგივე პოლიტიკა აქვთ.

ამიტომ ეს არ არის ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც ერთადერთ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ. გაცილებით მნიშვნელოვანია მიწების დანაწილება და 1-2 ჰექტრიანი მიწების არსებობა. 800 ათასი ფერმერის არსებობა, რომლებთანაც ძნელია გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. ასევე, რთულია, როდესაც სოფლის მეურნეობაში ინდუსტრიალიზაცია არის მწირი, არ არის თანამედროვე ბაღები“,- აცხადებს ხანიშვილი.

მისი განცხადებით, მიწის მიყიდვით ძირითადად ის ინვესტორები არიან დაინტერესებულები, რომლებიც მიწას გასაყიდად განიხილავენ და არა წარმოების განვითარებისთვის.

„ვინც მაინცდამაინც მიწის საკუთრებაზე საუბრობს, ხშირად ისინი გვევლინებიან ადამიანებად, რომლებსაც არა ბიზნესის განვითარება უნდა, არამედ მიწის გამოყენება უნდა ყიდვა-გაყიდვის საშუალებად. რადგან ყველამ იცის, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პირობაზე მიწის ფასი გაიზრდება მნიშვნელოვნად, ამიტომ ძალიან სერიოზული კაპიტალდაბანდება იქნება, თუ მიწას იყიდი და წლების შემდეგ გაყიდი“,- აცხადებს გელა ხანიშვილი.
ბიემჯი